კაცს ცემინების შეკავების გამო ტრაქეაში ნახვრეტი გაუჩნდა — პირველი სამედიცინო შემთხვევა
ამის შემდეგ, სანამ ცემინების შეკავებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით.
მეცნიერები ისტორიაში პირველ სამედიცინო შემთხვევას გვიზიარებენ, რომლის დროსაც კაცმა ცემინების შეკავებისას ტრაქეა იმგვარად დაიზიანა, რომ მასში მცირე ზომის ნახვრეტი გაჩნდა.
ეს მაშინ მოხდა, როცა ის საჭესთან იჯდა. ამ დროს მას ალერგიული რინიტის სიმპტომები აღენიშნებოდა და მოულოდნელად იგრძნო, რომ აცემინებდა. მისი შეკავების მიზნით კაცმა ცხვირზე თითები მოიჭირა და პირი დახურა. მსგავსი ქმედებისას სასუნთქი გზების ზედა ნაწილში წნევა შეიძლება 20-ჯერ უფრო გაიზარდოს, ვიდრე ჩვეულებრივი ცემინებისას. ამ პაციენტის შემთხვევაში იმხელა წნევა წარმოიქმნა, რომ ტრაქეაში 2/2-მილიმეტრიანი ნახვრეტი წარმოიქმნა.
კლინიკაში მისვლისას პაციენტს ძლიერი ტკივილი და ყელის შესივება აწუხებდა, ასევე კისრის მოძრაობაც შეზღუდული ჰქონდა. ამის მიუხედავად, თავისუფლად ყლაპავდა, საუბრობდა და სუნთქავდა, მაგრამ ექიმებმა გასინჯვისას ყრუ ხმები გაიგონეს.
რენტგენულმა გამოსახულებამ კანქვეშა ემფიზემა გამოავლინა, მდგომარეობა, როცა ღრმა ქსოვილებში ჰაერი გროვდება, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ კი აჩვენა, რომ ნახვრეტი კისრის მესამე და მეოთხე მალას შორის იყო მოქცეული. ამასთან, ჰაერი გულ-მკერდის არეში, ფილტვებს შორისაც, ფიქსირდებოდა.
ეს ყველაფერი სწორედ ცემინების შეკავების გამო მოხდა, რადგან კაცის ორგანიზმმა მოძალებულ წნევას ვერ გაუძლო. მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, არამედ ექიმები 2 დღის განმავლობაში დააკვირდნენ, ტკივილგამაყუჩებლები და რინიტის საწინააღმდეგო მედიკამენტები დაუნიშნეს და გაწერეს. მას მომდევნო 2 კვირა ფიზიკური დატვირთვა აეკრძალა.
5 კვირაში გაკეთებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ დაზიანებული ტრაქეა უკვე შეხორცებული იყო.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ცხვირზე თითების მოჭერითა და პირის დახურვის გზით მოგუდულად დაცემინებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს შესაძლოა, ტრაქეას პერფორაციით დასრულდეს", — აცხადებენ მეცნიერები.
როგორც წესი, ტრაქეაში ხვრელი სხვაგვარი ფიზიკური ტრავმისგან ან სამედიცინო პროცედურისას ჩნდება ხოლმე, რაც ძალიან იშვიათია. ცემინებასთან დაკავშირებული პერფორაცია კიდევ უფრო იშვიათობაა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, შეუძლებელი არაა.
ავტორთა ნაშრომი, რომელშიც ასეთ შემთხვევაზეა საუბარი, გამოცემაში BMJ Case Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები