რამდენჯერ აქვს შემოვლილი დედამიწასა და სხვა პლანეტებს მზის გარშემო?
დედამიწა და ყველა მისი მეზობელი ციური სხეული მზის გარშემო გადაადგილდება. მართალია, ხმელეთზე ეს არ იგრძნობა, მაგრამ ჩვენი პლანეტა სისტემის ცენტრალური ვარსკვლავის ირგვლივ 107.800 კმ/სთ-ზე ჩქარა მოძრაობს
გიფიქრიათ, არსებობიდან დღემდე რამდენჯერ შემოუარა გარს მან მნათობს? ამის გამოთვლა ძნელი სულაც არაა, რადგან მზის სისტემის პლანეტების ორბიტები მთელი ამ დროის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა.
ჩვენი სისტემა 4.6 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, როცა მტვრის უზარმაზარ ღრუბელში მზე გაჩნდა. დაახლოებით 4.59 მილიარდი წლის წინ პროტოპლანეტურ დისკოში იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი და ურანი წარმოიქმნა, 4.5 მილიარდი წინ წინ კი მათ მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსიც შეუერთდა.
პირველი 100 მილიონი წლის განმავლობაში ამ ციური სხეულების ორბიტები შედარებით არასტაბილური იყო. შესაბამისად, მათი გრავიტაცია ერთმანეთზე ზემოქმედებდა, რასაც შეეძლო, ზოგიერთი ობიექტი ჩვენი კოსმოსური სამეზობლოდან განედევნა კიდეც. როცა პლანეტების ფორმირება საბოლოოდ დასრულდა, თითოეული მათგანი სტაბილურ ორბიტაზე განლაგდა, რომელიც დღემდე თითქმის უცვლელად შეინარჩუნა.
აქედან გამომდინარე, მათი ამჟამინდელი ორბიტული დინამიკის გათვალისწინებით გამოთვლების ჩატარებაა შესაძლებელი. შედეგად, დადგინდება, რამდენჯერ შემოუარა ამა თუ იმ პლანეტამ მზეს.
მაგალითად, ვიცით, რომ დედამიწა დაახლოებით 4.5 მილიარდი წელია, არსებობს და ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობას 1 დედამიწურ წელს ანდომებს. ამ მონაცემების მიხედვით, მან მზის ირგვლივ წრე დაახლოებით 4.5 მილიარდჯერ დაარტყა.
ამის მიუხედავად, რადგან სხვა პლანეტების ორბიტული პერიოდი დედამიწისას ან აღემატება, ან ჩამოუვარდება, მათი მაჩვენებლები სხვაგვარია. მნათობთან ყველაზე ახლოს მდებარე მერკური საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას 88 დღეს ანდომებს, ამიტომ მან დღემდე მზეს გარშემო დაახლოებით 18.7 მილიარდჯერ შემოუარა. ნეპტუნმა კი, მზის სისტემის ყველაზე შორეულმა პლანეტამ, 164.7-წლიანი ორბიტული პერიოდის გამო — დაახლოებით 27.9 მილიონჯერ.
რაც შეეხება სხვა პლანეტებს: ვენერამ 7.3 მილიარდჯერ, მარსმა 2.4 მილიარდჯერ, იუპიტერმა 386.9 მილიონჯერ, სატურნმა 155.8 მილიონჯერ, ხოლო ურანმა 54.6 — მილიონჯერ.
თითოეული ეს ციური სხეული დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ამ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ, გააორმაგებს. ეს მანამ, სანამ დაახლოებით 4.5 მილიარდ წელში მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა და მერკურის, ვენერასა და დედამიწას შთანთქავს. სხვა პლანეტები შედარებით დიდხანს იარსებებს, მაგრამ მათი ორბიტები, დიდი ალბათობით, შეიცვლება.
კომენტარები