ირმის ნახტომის ცენტრში მყოფი ვარსკვლავი უცხო გალაქტიკიდან არის — კვლევა
ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მბრუავ ვარსკვლავებს S-ვარსკვლავთა ჯგუფი ეწოდება. ეს ვარსკვლავები ასტრონომების ინტერესს იწვევს და მათთან ბევრი თავსატეხია დაკავშირებული.
მიიჩნევა, რომ ზემასიური შავი ხვრელის სიახლოვეს ვარსკვლავების წარმოსაქმნელად ზედმეტად ექსტრემალური გარემოა. შესაბამისად, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ ვარსკვლავების წარმომავლობა კონკრეტულ ადგილთან არაა დაკავშირებული.
და აი ახლა, ასტროფიზიკოს შოგო ნიშიამას ხელმძღვანელობით მკვლევრებმა ერთ-ერთი ასეთი უცნაური ვარსკვლავის წარმომავლობა დაადგინეს. მკვლევრების თქმით, S0-6 საერთოდაც უცხო გალაქტიკიდანაა. ეს ნიშნავს, რომ S0-6 პირველი ვარსკვლავია ირმის ნახტომის ცენტრში, რომელიც ექსტრაგალაქტიური წარმოშობისაა.
S-ვარსკვლავები ნამდვილად საინტერესო ობიექტებია. მათ აქვთ გრძელი, მარყუჟისებური, ელიფსური ორბიტები და ზემასიური შავი ხვრელის, Sagittarius A*-ის ირგვლივ ბრუნავენ. მათი სიჩქარე ძალიან დიდია. ირმის ნახტომში აღმოჩენილი დღემდე ყველაზე სწრაფი ვარსკვლავი წამში 24 000 კილომეტრის სიჩქარით ბრუნავს.
ნიშიამას და მის კოლეგებს სურდათ გაეგოთ, საიდან გაჩდნენ ეს ვარსკვლავები. სუბარუს ტელესკოპის გამოყენებით, მკვლევრებi S0-6-ს 8 წლის განმავლობაში საგულდაგულოდ სწავლობდნენ.
პირველ რიგში, მათ ვარსკვლავის სიჩქარე და ტრაექტორია გაზომეს. შემდეგ განსაზღვრეს აჩქარება, რომელიც ადასტურებს ვარსკვლავის ორბიტას მშვილდოსანი A*-ის გარშემო. ჩვენ ახლა ვიცით, რომ S0-6 შავი ხვრელიდან სულ რაღაც 0,04 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული.
შემდეგი ეტაპი ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული სინათლის ანალიზი იყო. მკვლევრები ეძებდნენ უფრო კაშკაშა და ბნელ ხაზებს ვარსკვლავის სპექტრზე. ეს ხაზები იქმნება ელემენტებით, რომლებიც შთანთქავენ და ასხივებენ სინათლის სპეციფიკურ ტალღის სიგრძეებს. ამით თავად ვარსკვლავის ქიმიური შემადგენლობის გამოვლენაა შესაძლებელი.
შედარებით ხანდაზმულ ვარსკვლავებს ნაკლები მძიმე ელემენტები გააჩნიათ. ამით ასტრონომებმა ვარსკვლავის ასაკი გაარკვიეს. მეტიც, ვარსკვლავის შემადგენლობით მისი წარმოშობის გარკვევაც შეგვიძლია. ერთსა და იმავე ადგილას გაჩენილ ვარსკვლავებს მსგავსი ქიმიური შემადგენლობა აქვთ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ S0-6 სპექტრში მძიმე ელემენტების სიმცირეა. ეს ნიშნავს, რომ ვარსკვლავი დაახლოებით 10 მილიარდი წლისაა. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ელემენტების რაოდენობა და თანაფარდობა თანხვედრაში ჯუჯა გალაქტიკებზე მოდის.
ეს ჯუჯა გალაქტიკები ირმის ნახტომის გარშემო ბრუნავენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ გალქტიკებს ნელ-ნელა ირმის ნახტომი ჩაყლაპავს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მათი ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაში აღმოჩნდეს.
ირმის ნახტომი დაახლოებით 13,6 მილიარდი წელია რაც არსებობს და ამ დროის განმავლობაში მან ბევრი პატარა გალაქტიკა "შესანსლა".
შესაბამისად, ამ გალაქტიკების ნარჩენები ირმის ნახტომში უნდა იყოს. S0-6 ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. როგორც ჩანს, უცხო გალაქტიკის ეს ვარსკვლავი მსგავსი პროცესის შედეგად ირმის ნახტომის ცენტრში აღმოჩნდა.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Japan Academy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები