იქნებ უზარმაზარ კოსმოსურ სიცარიელეში ვართ მოქცეული? — ჰიპოთეზა
სამყარო ფართოვდება, რისი სიჩქარეც ჰაბლის მუდმივათი იზომება. ამ პროცესის სიჩქარის დადგენის სხვადასხვა მეთოდით განსხვავებულ შედეგებს ვიღებთ, რასაც ჰაბლის დაძაბულობა ეწოდება და ის კოსმოლოგებისთვის ერთ-ერთი უდიდესი თავსატეხია. ბონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ახალი ჰიპოთეზა წამოაყენეს, რომელიც გრავიტაციის ალტერნატიულ თეორიას ეფუძნება და ზემოხსენებულ წინააღმდეგობას აბათილებს.
სანამ უშუალოდ ჰიპოთეზას ავხსნიდეთ, სამყაროს გაფართოება განვიხილოთ. ამ პროცესში გალაქტიკები ერთმანეთს შორდება, რისი სიჩქარეც მსგავს სისტემებს შორის არსებული დისტანციის პროპორციულია. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ურთიერთდამოკიდებულება გაიაზრა, სწორედ ასტრონომი ედვინ ჰაბლი იყო, რომლის სახელსაც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ატარებს.
იმის გასაგებად, თუ რამდენად სწრაფად შორდება ერთი გალაქტიკა მეორეს, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, რა მანძილია მათ შორის. ამის ფუნდამენტური კოსმოლოგიური პარამეტრი ჰაბლის მუდმივაა, რომლის დადგენაც სამყაროს შორეულ რეგიონებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. შედეგად, თითო მეგაპარსეკზე 244 000 კმ/სთ-ს ვიღებთ (1 პარსეკი = 3.26 სინათლის წელი). მისი საწინააღმდეგო მაჩვენებელი მეგაპარსეკზე 264 000 კმ/სთ-ა და ის შედარებით ახლომდებარე, 1a ტიპის ზეახალი ვარსკვლავების მიხედვითაა გამოთვლილი. ეს საპირისპირო მონაცემები ჰაბლის დაძაბულობას ქმნის.
ახლომდებარე სივრცის ასეთი მახასიათებლის მიხედვით, თითქოს, ჩვენ გარშემო, დაახლოებით 3 მილიარდი სინათლის წლის ფარგლებში, სამყარო უფრო სწრაფად ფართოვდება. სპეციალისტთა ჰიპოთეზით, ირმის ნახტომის გალაქტიკა შესაძლოა, ისეთი დაბალი სიმკვრივის არეალში იყოს მოქცეული, სადაც შედარებით ნაკლები მატერიაა თავმოყრილი.
ამ სიცარიელის გარემომცველი მატერიის გრავიტაციული ძალები გალაქტიკებს თავისკენ, ღრუ ზონის კიდეებისკენ, იზიდავს. შესაბამისად, ისინი უფრო სწრაფად გვშორდება, ვიდრე მოსალოდნელია.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა სხვა ჯგუფმა ახლახან დედამიწისგან 600 მილიონი სინათლის წლით დაშორებული მრავალი გალაქტიკის საშუალო სიჩქარე გაზომა. შედეგად დაადგინეს, რომ ისინი 4-ჯერ უფრო სწრაფად გვშორდება, ვიდრე სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი პროგნოზირებს. ეს იმიტომ, რომ ის დაბალი სიმკვრივის ასეთ "ცარიელ" რეგიონებს არ მოიაზრებს. ისინი, წესით, არ უნდა არსებობდეს, რადგან მატერია კოსმოსში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული.
"სტანდარტული მოდელი ალბერტ აინშტაინის მიერ შემუშავებულ გრავიტაციის თეორიას ეფუძნება, თუმცა გრავიტაციული ძალები შესაძლოა, იმისგან განსხვავებულად მოქმედებდეს, ვიდრე აინშტაინი მოელოდა", — აცხადებენ ავტორები.
მათ კომპიუტერულ სიმულაციებში, გრავიტაციის შეცვლილი თეორია გამოიყენეს, "ნიუტონის მოდიფიცირებული დინამიკა", რომელიც 4 დეკადის წინ ფიზიკოსმა მილგრომ მოლდეჰაიმ წამოაყენა. ეს თეორია ფართოდ აღიარებული არაა, მაგრამ უკანასკნელ გამოთვლებში კოსმოსური სიცარიელეების არსებობას ხსნის. შესაბამისად, ქრება ჰაბლის დაძაბულობაც.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები