ირმის ნახტომის კიდეში სიცოცხლის ძირითადი საშენი მასალა აღმოაჩინეს
ჩვენი გალაქტიკის ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელ ადგილას სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ბლოკი აღმოაჩინეს.
ორმა რადიოტელესკოპმა ირმის ნახტომის გალაქტიკის კიდეზე ფოსფორი დააფიქსირა. ფოსფორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ისა და რნმ-ის შექმნაში.
არიზონას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ეს კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამჟამინდელ ჰიპოთეზებს, რომლებიც ირმის ნახტომის ყველაზე შორეულ მიდამოებში ელემენტების ფორმირებას მოიცავს.
მოლეკულური ღრუბლის შესწავლა
მკვლევრებმა ამისთვის 12-მეტრიანი და 30-მეტრიანი რადიოტელესკოპები გამოიყენეს. მათ ფოსფორი WB89-621-ში, მოლეკულურ ღრუბელში აღმოაჩინეს, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრიდან დაახლოებით 74 000 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული.
"აღმოჩენა ფოსფორის გავრცელების არეალს თითქმის ორჯერ ზრდის", — ნათქვამია განცხადებაში.
მასიური ვარსკვლავები, როგორც წესი, არ ყალიბდებიან გალაქტიკის კიდეში
ფოსფორის გარდა, სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტებია წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი და გოგირდი.
ელემენტები, მათ შორის ნახშირბადი, ჟანგბადი და აზოტი, ცნობილია, რომ წარმოიქმნება უფრო დაბალი მასის ვარსკვლავებში, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უფრო გავრცელებულია ჩვენი გალაქტიკის კიდესთან.
ეს შედარებით მცირე მასის მქონე ვარსკვლავები თავისი სიცოცხლის ციკლის დასასრულს კოსმოსში მნიშვნელოვან ელემენტებს ათავისუფლებენ.
"თუმცა, ფოსფორის შესაქმნელად საჭიროა კიდევ უფრო მასშტაბური მოვლენა. მიიჩნევა, რომ ფოსფორი ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოიქმნება. ამისთვის გვჭირდება ვარსკვლავი რომელიც მზეზე მინიმუმ 20-ჯერ უფრო მასიურია", — თქვა ლუსი ზიურისმა, კვლევის ავტორმა და ასტრონომმა.
ასტრონომებს კი მიაჩნიათ, რომ ასეთი მასიური ვარსკვლავები გალაქტიკების კიდეში არ უნდა იყოს. ეს კიდეებზე მატერიის შემცირებული სიმკვრივის გამო. შედეგად, ამ ვარსკვლავებს არ შეუძლიათ მიიღონ საკმარისი მასა და ვერც ზეახალ ვარსკვლავად ფორმირდებიან.
შესაბამისად, ახლა ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ფოსფორის ჩამოყალიბება მხოლოდ ზეახალ ვარსკვლავზე არაა დამოკიდებული.
როგორ წარმოიქმნება ფოსფორი გარე რაიონებში?
ბოლო კვლევაში მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, თუ როგორ მოხვდა ეს მნიშვნელოვანი ელემენტი გალაქტიკის გარეუბანში.
გაჩნდა თეორია, რომ მცირე და საშუალო მასის ვარსკვლავებმა შეიძლება წარმოქმნან ჭარბი ნეიტრონები ნახშირბადის ატომებისგან. ვარსკვლავები ამას სიცოცხლის ციკლის ბოლოსკენ შეიძლება აკეთებდნენ.
ამ თეორიის მიხედვით, ნეიტრონები გროვდება ვარსკვლავების წყალბადისა და ჰელიუმის გარსებს შორის. შესაბამისი ნეიტრონების სილიციუმის ატომებში დამატების შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას ფოსფორი.
ეს პროცესი გვთავაზობს ალტერნატიულ გზას ვარსკვლავებში ფოსფორის წარმოებისთვის. მეცნიერების თქმით, ზუსტი პასუხის მისაღებად შემდეგი კვლევებია საჭირო.
შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები