აღმოაჩინეს ვარსკვლავების მდინარე, რომელიც გალაქტიკათშორის სივრცეში მიედინება
ასტრონომებმა ვარსკვლავების განსაცვიფრებელი მდინარე დააფიქსირეს, რომელიც გალაქტიკათშორის სივრცეში მიედინება. ეს ადგილი ჩვენგან დაახლოებით 300 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.
ასეთი მოვლენა ცნობილია როგორც ვარსკვლავური ნაკადი. ის 1,7 მილიონი სინათლის წელზეა გადაჭიმული და ყველაზე გრძელია რაც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ. მეტიც, ეს მოვლენა აქამდე გალაქტიკის მიღმა არასდროს დაუფიქსირებიათ.
აღმოჩენა დიდი სიურპრიზია. ისეთ დინამიურ და გრავიტაციულად რთულ გარემოში, როგორიც გალაქტიკათა გროვაა, ვარსკვლავური ნაკადის მსგავსი ფორმა მოსალოდნელი არ იყო.
თუმცა, ფაქტია, ასტრონომებმა ის აღმოაჩინეს. მკვლევრებს ეს გალაქტიკათა გროვებისა და ბნელი მატერიის უკეთ შესასწვლად გამოადგებათ.
"ეს გიგანტური ნაკადი ჩვენს თვალსაწიერთან შემთხვევით გადაიკვეთა. ჩვენ დიდი გალაქტიკების გარშემო მდებარე ვარსკვლავების ჰალოებს ვსწავლობდით და აი ისიც, უეცრად საოცარი მოვლენა დავაფიქსირეთ", — თქვა ასტროფიზიკოსმა ხავიერ რომანმა, ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტიდან.
ვარსკვლავური ნაკადები საკმაოდ გავრცელებულია ირმის ნახტომის გალაქტიკაში. თუმცა, მათი დაფიქსირება რთულია. ზოგადად, ვარსკვლავებს შორის მანძილის გაზომვა რთულია და ნაკადებიც საკმაოდ სუსტია.
შესაბამისად, გალაქტიკათაშორის სივრცეში კოსმოსური მასშტაბებით არც ისე მკვეთრი ობიექტების კლასტერის დანახვა რთულია. ეს იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსი სავსეა ძალიან კაშკაშა ობიექტებით.
თუმცა, ტექნოლოგიებისა და ტელესკოპების განვითარების პარალელურად სულ უფრო ნაკლებად კაშკაშა ობიექტებს ვავლენთ.
რომანი და მისი კოლეგები ცდილობდნენ შეესწავლათ გალაქტიკური ჰალოები — იშვიათი ვარსკვლავებისა და ბნელი მატერიის დიფუზური, სფერული რეგიონები. და აი სწორედ ამ მომენტში გაკეთდა ვარსკვლავური ნაკადის აღმოჩენა.
კოსმოსის მასშტაბებით, ასეთი ვარსკვლავური გროვები დიდხანს ვერ ძლებს და ის მალე იშლება. თუმცა, ჩვენთვის, ადამიანებისთვის ეს დრო საკმარისია რათა მოვლენა კომპლექსურად შევისწავლოთ. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც ბნელი მატერიის ბუნებაში უკეთ გარკვევას ცდილობენ.
შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები