დედამიწისკენ მზის ლაქების უზარმაზარი შეჯგუფება მოექცა — მოსალოდნელია ამოფრქვევები
მზის იმ ნახევარსფეროში, რომელიც დედამიწისკენაა მობრუნებული, ლაქების უზარმაზარი შეჯგუფება გამოჩნდა, რომელიც ბოლო დეკადაში ხილულთა შორის ყველაზე დიდი ზომისა და სიმჭიდროვისაა. ასეთი რეგიონები მოსალოდნელ ამოფრქვევებზე მოასწავებს.
მზის ლაქების პირველი ნაწილი AR3490-ის სახელითაა ცნობილი და ის ჩვენი პლანეტისკენ 18 ნოემბერს მოექცა. მას მალევე მოჰყვა მეორე შეჯგუფებაც, რომელსაც AR3491-ს უწოდებენ. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ისინი გამოჩნდებოდა, რადგან ამაზე ვარსკვლავის ზედაპირზე დაფიქსირებული ცვლილებები მიანიშნებდა.
იმავე არეალში წარმოიქმნა მზის ახალი ლაქებიც: AR3492, AR3495, AR3496 და AR3497. მთლიანობაში ეს "არქიპელაგი" 200 000 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული, ანუ დედამიწაზე დაახლოებით 15-ჯერ განიერია.
იქ სულ მცირე 16 ამოფრქვევა უკვე მოხდა, კერძოდ C და M ტიპის, რომლებიც სიმძლავრით მეორე და მესამე ადგილზეა. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ მომდევნო კვირებში კიდევ არაერთი ასეთი ან უფრო მძლავრი მოვლენა დაფიქსირდება. ასევე, მოსალოდნელია კორონული მასის ამოფრქვევებიც, რომლებმაც შესაძლოა, დედამიწაზე გეომაგნიტური შტორმები გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ მზის ლაქების მიმდებარედ ასტრონომებმა პლაზმის ერთგვარი მარყუჟებიც შენიშნეს. მათგან უდიდესი ვარსკვლავის ზედაპირიდან 64 000 კილომეტრზე მეტ სიმაღლემდე აღწევს. ის შეიძლება კოსმოსში ნებისმიერ დროს გამოიტყორცნოს და მნათობზე კვალი დატოვოს.
ბოლო რამდენიმე დღეში მზის სამხრეთ ნახევარსფეროში ლაქების მინიმუმ სამი შეჯგუფებაც გამოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენი ვარსკვლავი 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის. ასეთ პერიოდებში კი მზის ლაქები მრავლდება და მათი ზომაც იზრდება.
კომენტარები