კოსმოსურმა ზონდმა მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დააფიქსირა
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ მარსის შესასწავლად გაგზავნილმა ზონდმა ExoMars Trace Gas Orbiter (TGO) მის ცაზე მწვანე ნათება დააფიქსირა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა აპარატმა წითელი პლანეტის ატმოსფეროში ღამით ამ სპექტრის ხილული სინათლე შენიშნა.
აღნიშნულ შთამბეჭდავ ფენომენს ღამეული ნათება ეწოდება და ის დედამიწაზეც გვხვდება. ერთი შეხედვით, ეს მოვლენა პოლარულ ციალს მოგვაგონებს, მაგრამ მისგან განსხვავებული ფაქტორებითაა განპირობებული. ამგვარი ელვარება მაშინ წარმოიქმნება, როცა ჟანგბადის ორი ატომი ერთიანდება და მოლეკულას ქმნის, რა პროცესიც წითელ პლანეტაზე დაახლოებით 50 კილომეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობს.
შედარებისთვის, ციალები იმ შემთხვევაში ფორმირდება, როცა მზიდან მომავალი დამუხტული ნაწილაკები მაგნიტური ველის ხაზებში ჩაედინება და ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს.
მეცნიერები 40 წელზე მეტი ვარაუდობდნენ, რომ ღამის ნათება მარსზეცაა, თუმცა პირველი დაკვირვებები დეკადის წინ, ESA-ს ზონდმა Mars Express განახორციელა. მან ეს ფენომენი ინფრაწითელ სპექტრში დააფიქსირა, რომელსაც ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს. 2020 წელს TGO-ს ობიექტივში უკვე დღის ხილული ნათება მოხვდა, ახლა კი მან ღამის ცის ელვარებაც გამოავლინა.
"პოლარულ რეგიონებში ღამის ნათების ინტენსივობა ისეთია, რომ მარსის ორბიტიდან შედარებით ბიუჯეტური და მარტივი ხელსაწყოებითაც შეიძლება, ატმოსფერულ დინებებს დავაკვირდეთ და ავსახოთ. ESA-ს სამომავლო მისიაში შესაძლოა, გლობალური გამოსახულებების აღსაბეჭდად კამერაც გავაერთიანოთ
ასევე, ეს ემისია საკმარისად მძლავრია, რათა პოლარული ღამეებისას ასტრონავტები ორბიტიდან ან მარსის ზედაპირიდან დააკვირდნენ", — აცხადებენ ESA-ში.
TGO-ს მისიის განმავლობაში სპეციალისტები მარსის ღამეული ნათების შესწავლას განაგრძობენ, რაც იმის უკეთ გარკვევაშიც დაგვეხმარება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს წითელი პლანეტის ატმოსფეროში.
"ამ ემისიებზე დისტანციურად დაკვირვება მარსზე 40-80 კილომეტრ სიმაღლეზე არსებული ზედა ატმოსფეროს შემადგენლობისა და დინამიკის გასაანალიზებლად მშვენიერი საშუალებაა", — ამბობენ მეცნიერები.
მათი თქმით, მსგავსი მონაცემების წყალობით წითელ პლანეტაზე მისიებს უკეთ დავგეგმავთ, რადგან ატმოსფეროს მახასიათებლებს გავითვალისწინებთ, მათ შორის სიმკვრივეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები