ახალი კვლევის თანახმად, ირმის ნახტომის გალაქტიკაში პოტენციურად არსებული უძველესი კონტინენტები შესაძლოა, დედამიწისაზე 5 მილიარდი წლით ადრე გაჩენილიყო. ეს ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ასეთ ციურ სხეულებზე სიცოცხლე იყოს, თანაც ჩვენზე ბევრად განვითარებული.

ასტრობიოლოგები ამბობენ, რომ სიცოცხლის ჩამოსაყალიბებლად პლანეტაზე რამდენიმე მახასიათებელი უნდა გვხვდებოდეს, მათ შორის ჟანგბადი ატმოსფეროში, რადიაციისგან დამცავი ბუნებრივი მექანიზმი და თხევადი წყალი. ასევე, დედამიწის ისტორია გვიჩვენებს, რომ ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ხმელეთის დიდ მასებსაც, ანუ კონტინენტებს, რომლებიც მზის სისტემაში სხვაგან არსადაა.

კონტინენტების წარმოქმნა ტექტონიკური ფილების მოძრაობას უკავშირდება, რაც ციური სხეულის მხურვალე შიდა მატერიის ზემოთ ხდება. ბირთვის მაღალი ტემპერატურა ასეთ მაგმას გამყარების საშუალებას არ აძლევს, რაც ზემოხსენებული მასების გადაადგილებას შეუშლიდა ხელს.

ეს სიმხურვალე დედამიწის ცენტრში არსებული რადიოაქტიური ელემენტების დამსახურებაა. კერძოდ, ურან-238-ის, თორიუმ-232-ისა და კალიუმ-40-ის, რომელთა მიერაც დაშლისას ენერგია გამოიყოფა. მათი უმეტესობა კატასტროფული კოსმოსური მოვლენებისას ფორმირდება, როგორიცაა ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება.

ფოტო: Getty

მეცნიერებმა ახლომდებარე 29 მნათობის გამოსხივებაში სწორედ ურანისა და კალიუმის იზოტოპების კვალის დაფიქსირება სცადეს. სპეციალისტებს სურდათ დაედგინათ, როდის გაცხელდებოდა ამ ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ჰიპოთეზური პლანეტები საკმარისად, რათა ფილების ტექტონიკა წარმოქმნილიყო.

ავტორებმა დაასკვნეს, რომ ეს დედამიწაზე ფილების ტექტონიკის დაწყებამდე 2 მილიარდი წლით ადრე მოხდებოდა, ყველაზე ძველი კონტინენტები კი ჩვენგან დაახლოებით 20 სინათლის წლის მოშორებით, HD 4614-ის გარშემო უნდა იყოს.

ამის მიუხედავად მონაცემებში გამოვლინდა გამორჩეული ორი ვარსკვლავი, HD 76932 და HD 201891, რომლებისგანაც 70 და 110 სინათლის წელი გვაშორებს. ისინი მზეზე ოდნავ მცირე ზომისაა და მათ ირგვლივ შესაძლოა, კონტინენტები 5 მილიარდი წლით ადრე ჩამოყალიბებულიყო, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მხოლოდ ამ 29 ვარსკვლავიდან 2-ის სისტემაში იყოს ისეთი ბიოსფერო, რომელიც ჩვენსაზე მეტადაა განვითარებული. ეს არამიწიერი სიცოცხლის აღმოსაჩენად უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ისინი კვლევის გაგრძელებას აპირებენ.

მათი ნაშრომი ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.