როგორ დავსაჯოთ გინტურის მკვლელები, როცა "ოცნება" რუსეთის განგრძობით ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
წელს, 6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან ლომისას წმინდა გიორგის სალოცავიდან გამობრუნებული თამაზ გინტური მოგვიკლეს, ლევან დათიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს.
მკვლელობაც და გატაცებაც იმ ფონზე მოხდა, როცა
- მმართველი პარტია, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მშვიდობის შენარჩუნებას ასაღებს თავის უმნიშვნელოვანეს და მთავარ მიღწევად, თუმცა რუსული ოკუპაციის ფონზე, გრძელვადიან მშვიდობის წინაპირობებს ვერაფრით ქმნის.
- ოცნება ავრცელებს საზოგადოებაში ომის შიშს, წარსული ომების ტრავმების გამოყენებითა და ქვეყნის შიგნით "მეორე ფრონტის" დეზინფორმაციის გავრცელებით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე.
- ამას ემატება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების გამოყენებით, "ბორდერიზაციის", მოსახლეობის გატაცებების და სხვა უკანონო გზებით "შიშის ზონების" შექმნა, რაც საქართველოს მოსახლეობის ოკუპაციასთან შეგუებასა და ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ნების გატეხვას ისახავს მიზნად; რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ "მეორე ფრონტის" დეზინფორმაციის გავრცელების მიზანზე, რაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის დაჩქარებაა.
მხედველობაში მაქვს:
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რაც კანონით ნაკისრი ვალდებულებაა, რომელსაც მთავრობა ჯიუტად არ ასრულებს 2018 წლიდან დღემდე.
- დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა და რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების სტრატეგია, რაც, ასევე მთავრობის ვალდებულებაა 2021 წლის საპარლამენტო რეზოლუციის მიხედვით.
სანაცვლოდ ხელისუფლებისგან მივიღეთ არაფორმალური, დაუწერელი პოლიტიკა, რომელიც ინსტიტუტების შიგნით არ შემუშავებულა. ამას, ქართული ოცნება "პრაგმატულ", "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას" უწოდებს, რომელიც რეალურად საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ იქნა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, და რაც სახელმწიფო ინსტიტუტების და თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების გარეშე წარმოუდგენელი იყო.
- რეალობაში სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტების და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი კონცეპტუალური დოკუმენტების არქონის ფონზე კი ესეც რიტორიკის ნაწილი გახდა, რომელიც ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მედეგობას და რუსეთის აგრესიის შეკავების სხვა აუცილებელ წინაპირობების აუცილებლობას.
- შესაბამისად, დღის წესრიგში კვლავ დადგა საჭიროება ადეკვატური პოლიტიკის ქონის რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის, მილიტარიზაციის და ანექსიური პროცესების შესაკავებლად, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ზომების მიღების თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.
ქვემოთ განვიხილოთ სუს-ისა და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები რუსების მიერ, კირბალთან, თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, რომელიც ამ არაფორმალურ პოლიტიკას ააშკარავებს, ქვეყნის უმთავრესი ეროვნული ინტერესის მიმართ.
- მას შემდეგ რაც მკვლელობის შესახებ გავრცელდა ცნობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 საათის შუალედში 2 განცხადება გაავრცელა.
- პირველ განცხადებაში სუს-ი ამბობდა, ადგილობრივი მკვიდრი, ჩვენი მოქალაქე გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რასაც მისი უკანონოდ დაკავების მცდელობისას, სროლის შედეგად, "მისი გარდაცვალება" და მეორე მოქალაქის დაკავება მოჰყვაო.
- მას შემდეგ, რაც მკვლელობისთვის "გარდაცვალების" დარქმევამ საზოგადოებაში სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, სუს-მა მეორე განცხადებით "გარდაცვალება" "მკვლელობით" შეცვალა.
რუსი ოკუპანტების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, საგულისხმო იყო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომელთა მთავარი ხაზი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკესა და თამაზ გინტურის მკვლელების დასჯაზე კი არა, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე გადიოდა.
ასე, მაგალითად,
- ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართალია, თამაზ გინტურის სიცოცხლის მოსპობას ოკუპაციით ხსნიდა, თუმცა ოკუპაციას "წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობით" ამართლებდა.
- თბილისის მერმაც, კახი კალაძემ, რაღა თქმა უნდა, ოცნების მთავარი გზავნილის სტანდარტს გვერდი არ აუარა და ოკუპაციაზე პასუხისმგებლობა არა აგრესორ რუსეთს, არამედ საქართველოს წინა ხელისუფლებას დააბრალა, თუმცა მაინც ცოტა შორს წავიდა და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა რეაგირებისკენ, ოღონდ თავად ეს რეაგირება რას გულისხმობდა, აღარც მას და აღარც სხვა პარტიის ოფიციალურ პირს აღარ დაუკონკრეტებია.
ამ კონკრეტულ მოცემულობაში, პოლიტიკური განცხადებებიდან გამომდინარე, სახეზეა ორი გამოწვევა:
- პირველი: მმართველი პარტიის დეზინფორმაცია, ისტორიის გაყალბება, როცა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის განგრძობითი აგრესიას განიხილავს მხოლოდ 2008 წლის ომის კონტექსტში, და უგულებელყოფს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებულ ომებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ 1801 წლიდან მოყოლებული ანექსიის და 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციაზე.
- მეორე: ოკუპაციის განგრძობით შედეგებთან გამკლავების პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და რუსეთის, როგორც მტრის სახის გაუფერულების პოლიტიკა. მტრის სახის გაუფერულება კი, თავის მხრივ, ასუსტებს ქვეყნის მედეგობის და წინააღმდეგობის გაწევის უნარს რუსეთის ოკუპაციასთან, რისი მოწმენიც წლებია ვართ.
ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა,
მაშ, როგორ უნდა აგონ პასუხი თამაზ გინტურის მკვლელებმა და, რა მექანიზმი აქვს ქვეყანას ოკუპანტი რუსეთისთვის პოლიტიკური ფასის დასაკისრებლად?
პასუხია:
- დაემატოს გინტურის მკვლელობის საქმე "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას";
- შეიქმნას "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" ამოქმედების ეფექტიანი მექანიზმები;
- ისევე, როგორც დამტკიცდეს ეროვნული უსაფრთხოების ზემოხსენებული სტრატეგიები და დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა.
სწორედ ეს საკითხებია საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების მიერ ინიციირებულ რეზოლუციის პროექტში, თუმცა, რამდენად წამოვა ამაზე ოცნება, ეს მათი წინასწარი პოლიტიკური განცხადებებიდანაც ჩანს.
არადა წარსულში, 2018 წელს, "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" შექმნა იმჟამინდელი ოპოზიციის ინიციირებულ რეზოლუციას მოჰყვა, რაც მაშინდელმა პრემიერმა, 2018 წლის ივნისში დაამტკიცა მთავრობის დადგენილებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი, გაფართოვდეს "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია":
ამ დადგენილებით,
- მთავრობაში შემავალ უწყებებს: იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს ევალება ყველა ზომის მიღება საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან სიაში მყოფი პირების წინააღმდეგ, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების შესაზღუდად და სამართლის აღსასრულებლად. სიაში, ჯამში 30 ადამიანია.
- აღსრულებისთვის პასუხისმგებელ უწყებებად განსაზღვრულია შსს, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები, და დადგენილების მეოთხე მუხლი მათ მთავრობისა და პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს.
შედიოდა თუ არა პარლამენტში ანგარიშები, უცნობია, და ამ კითხვას პასუხი პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გასცეს.
თუმცა წლის დასაწყისში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელის, დავით გურწიევის ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორად დანიშვნას, არც უმრავლესობის დეპუტაცია და არც საგარეო უწყება გამოხმაურებია.
ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება უნდა იყოს ზეპარტიული და გამაერთიანებელი, მაგრამ ეს სურვილი სურვილად იქამდე დარჩება, სანამ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია იმაზე დიდი მტერია ქვეყნის, ვიდრე ოკუპანტი რუსეთი, მოცემულობა ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ შეიცვლება.
კომენტარები