ჩინეთში მაიმუნის ქიმერა დაიბადა — მას სხვა ემბრიონის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს
მეცნიერების თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ მაიმუნის ქიმერა დაიბადა.
ჩინელი მეცნიერები "ქიმერა" მაიმუნის დაბადებას გვატყობინებენ. მას ემბრიონულ ფაზაში სხვა ემბრიონის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ემბრიონები მაიმუნის გენეტიკურად განსხვავებულ სახეობებს ეკუთვნოდა.
ქიმერა ეწოდება ცხოველს, რომელიც ორი ან მეტი ორგანიზმის/სახეობის განსხვავებული ტიპის დნმ-ს აერთიანებს. მეცნიერების თანახმად, ჩინეთში დაბადებული მაიმუნის ქიმერაში დონორის უჯრედები დიდი რაოდენობით იყო — საშუალოდ 67% 26 სხვადასხვა ტიპის ქსოვილში.
მეცნიერებმა ნაშრომი ჟურნალ Cell-ში გამოაქვეყნეს და აღნიშნავენ, რომ კვლევას დიდი გავლენა ექნება ნეირონულ დაავადებებზე მეტის გაგებისა თუ გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენის კუთხით.
კვლევის წამყვანი ავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ჟენ ლიუ აღნიშნავს, რომ კვლევა ამ სფეროში არსებული დიდი ხნის ნანატრი მიზნის მიღწევაში დაეხმარება მეცნიერებს.
"ნაშრომი დაგვეხმარება მაიმუნებზე დაფუძნებული უფრო ზუსტი მოდელების შექმნაში ნევროლოგიული დაავადებების შესასწავლად ისევე, როგორც სხვა ბიოსამედიცინო კვლევების მხრივ", — ამბობს ჟენ ლიუ.
ქიმერები ძალიან მნიშვნელოვანია ემბრიონული განვითარების შესასწავლად, თუმცა ამ ტიპის კვლევები აქამდე ძირითადად თაგვებზე ტარდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ღეროვანი უჯრედები ნებისმიერი ორგანიზმის "საშენ მასალას" წარმოადგენს, საიდანაც ემბრიონის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე ყველა სხვა სპეციალიზებული ფუნქციის მქონე უჯრედი წარმოიქმნება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედების ხაზები გამოიყენეს — ანუ უჯრედების ჯგუფი, რომელიც გაიზარდა ლაბორატორიაში ერთი ღეროვანი უჯრედიდან, რომელიც შვიდი დღის ემბრიონიდან აიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გადანერგილ უჯრედებში მწვანე ფლუორესცენტული ცილა გაურიეს, რათა მკვლევარებს შეძლებოდათ დაედგინათ, საბოლოოდ რომელი ქსოვილები გაიზარდა დონორის ღეროვანი უჯრედებიდან. აღნიშნული უჯრედები ოთხიდან ხუთ დღემდე ასაკის ემბრიონებში შეიყვანეს, რის შემდეგაც ის მდედრი მაკაკების საშვილოსნოებში მოათავსეს.
კვლევის ფარგლებში მაკეობა 12 მაკაკაში დაფიქსირდა, ხოლო ცოცხლად მშობიარობის ეტაპამდე 6-მა მათგანმა მიაღწია. მათგან ერთი ნაშიერი დაიბადა და 10 დღის განმავლობაში იცოცხლა (სანამ ევთანაზიას გაუკეთებდენენ).
ანალიზმა აჩვენა, რომ ახალდაბადებულ მაიმუნის 26 სხვადასხვა ტიპის ქსოვილში დონორის ღეროვანი უჯრედების წილი 21-დან 92%-მდე იყო. გადანერგილი ღეროვანი უჯრედებისგან წარმოქმნილი იყო ტვინის, გულის, თირკმელების, ღვიძლისა თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის ქსოვილების დიდი ნაწილი.
მკვლევარების თქმით, კვლევის ფარგლებში გამოყენებული მეთოდები შეესაბამებოდა ჩინეთის ეროვნულ ეთიკურ რეგულაციებს, მათი შემდეგი ნაბიჯები კი "მასპინძელ ცხოველებში ემბრიონების გადარჩენის მექანიზმის" შესწავლას დაეთმობა.
კომენტარები