რა შევასრულეთ და რა — ვერ: ევროკომისიის დასკვნის მთავარი მიგნებები
მოკლედ: ევროკომისიამ საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიშის ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა.
- დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიღწევები რეფორმების კუთხით და, ასევე, საუბარია ვალდებულებებზე, რომელიც ქვეყანას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს.
კომისრები დასკვნაში აღნიშნავენ, რომ:
- საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ;
- ქვეყანაში არის პოლიტიკური დაძაბულობა და ღრმა პოლარიზება;
- მედიას უწევს მტრულ გარემოში მუშაობა და შეურაცხმყოფელია ტონი მედიის მისამართით.
როგორ აფასებს კომისია პოლიტიკურ კრიტერიუმებს:
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება აძლევს საშუალებას საქართველოს, იყოს მზად შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისთვის.
- რომ რეფორმების პროცესი პოლიტიკური დაძაბულობისა და ღრმა პოლარიზების გამო შეფერხდა.
- ასევე, ევროკომისრები აღნიშნავენ, რომ პარლამენტში შეფერხდა მრავალპარტიული მუშაობაც, რადგან ოპოზიცია იზღუდებოდა კანონმდებლობის შედგენისას მმართველი პარტიის მიერ, ასევე, ხელისშემშლელი აღმოჩნდა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ბოიკოტის გამო.
- თუმცა, აქვე, აღნიშნულია, რომ იყო მრავალპარტიული თანამშრომლობის კარგი მაგალითები, როგორიც არის, ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც 2022 წლის ნოემბერში მიიღეს, საპარლამენტო ზედამხედველობის დონის ზომიერად გაზრდის მიზნით.
საპარლამენტო საქმიანობაზე საუბრისას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მეორე და მესამე კვარტალში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი მნიშვნელოვანი კანონები, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე.
რას წერს ევროკომისია სამოქალაქო საზოგადოებაზე
დასკვნაში წერია, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში არის კარგად განვითარებული და მრავალფეროვანი.
- აქვე აღნიშნულია უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, რასაც ახლდა მასობრივი საპრიტესტო აქციები თბილისში.
- ევროკომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, პროტესტებისა და მძაფრი საერთაშორისო რეაქციების შედეგად, გაიწვიეს.
- კომისიის შეფასებით, კანონპროექტმა სამოქალაქო საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უნდობლობა დათესა და ასევე, შედეგად, გამოიწვია ძირითადი რეფორმების შესახებ კონსულტაციების ბოიკოტი.
- ეს გაგრძელდა კანონპროექტის გაწვევის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ და პარლამენტმა 25 ივლისსა და 13 სექტემბერს გამართეს ორი კონფერენცია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის აღდგენის მიზნით და განაცხადეს, რომ გააგრძელებდნენ საკოორდინაციო შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
საჯარო მმართველობის რეფორმა
კომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული ამ სფეროში.
- გარკვეული პროგრესი მიღწეულია საჯარო ადმინისტრაციისა და საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიების და მათთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების მომზადებისა და მიღების კუთხით.
საქართველოს სასამართლო სისტემა
ევროკომისრები მიიჩნევენ, რომ სისტემას აქვს "გარკვეული მომზადების დონე", თუმცა მიღწეული პროგრესი მცირეა.
- სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა და მთლიანი შესაძლებლობების მიხედვით, რეფორმის ოთხმა ტალღამ გააუმჯობესა სამართლებრივი ბაზა.
- მიღებულ იქნა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისას, პროფესიული გამოცდილების 10 წლამდე გაზრდასთან დაკავშირებით.
- ასევე, პარლამენტმა 2023 წლის ივნისში მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და 2023 წლის სექტემბერში შეიმუშავა დამატებითი ცვლილებები, რომლებიც ახორციელებს ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას.
- თუმცა, ცვლილებები არ ეხებოდა ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ.
კორუფციასთან ბრძოლა
- დასკვნაში გარკვეულ პროგრესზეა საუბარი;
- აღნიშნულია, რომ რეკომენდაციების შესაბამისად, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ანტიკორუფციულ ფუნქციას ერთ ორგანოში.
კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით
კომისია დასკვნაში წერს, რომ რომ საქართველომ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ 14 სექტემბერს და დასკვნისთვის, ვენეციის კომისიას გაუგზავნა.
- სამოქმედო გეგმა ეფუძნება ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ვენეციის კომისიის 2023 წლის ივნისის დასკვნას, რომ დაიცვას სისტემური მიდგომა, მათ შორის, მედიის მრავალფეროვნებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერებით.
- სამოქმედო გეგმა გადაიხედა ოქტომბერში კოორდინაციის გაძლიერებისა და ქმედებების უფრო მკაფიო ვადების დადგენის მიზნით.
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა "პერსონალურ" მიდგომას, პარლამენტში მესამე მოსმენით კენჭისყრისას, 19 სექტემბერს ჩააგდეს.
დასკვნის მიხედვით, საერთო ჯამში, კორუფციულ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა, 2021 წელთან შედარებით, გაიზარდა.
- "შემდგომი ქმედებაა საჭირო დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემდგომი დასასრულებლად და მისი განხორციელების დასაწყებად", — წერენ ევროკომისრები.
ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლა
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საქართველომ გარკვეული პროგრესს მიაღწია და აქვს გარკვეული მომზადების დონე.
- კომისრები წერენ, რომ საქართველო მონაწილეობდა ევროპის წევრ და მეზობელ ქვეყნებთან ერთად ერთობლივ ოპერაციებში.
- არსებობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეროვნული სტრატეგია, სამოქმედო გეგმასთან ერთად.
- ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა ნაწილობრივ ასახავს ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს, ასევე, შესაბამის საერთაშორისო კანონმდებლობას.
რეფორმები ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით
დასკვნაში წერია, რომ ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით, საქართველომ მოახდინა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებისა და დოკუმენტების უმეტესობის რატიფიცირება და, მთლიანობაში, ასრულებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს.
- თუმცა, დასკვნის ავტორების აზრით, გადასაწყვეტი რჩება რამდენიმე ძირითადი საკითხი, განსაკუთრებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დისკრიმინაცია.
- ევროკომისრები დასკვნაში საუბრობენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე — მიიჩნევენ, რომ კანონმა შეშფოთება გამოიწვია.
- ახალი სახალხო დამცველი 2023 წლის თებერვალში დაინიშნა, მან პარლამენტში ოპოზიციის ხმებიც მიიღო. გამოწვევები რჩება ეროვნული სტრატეგიების მიღებაში ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უმცირესობების დასაცავად.
მედია და გამოხატვის თავისუფლება
კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება და მიღწეულია მცირე პროგრესი:
- მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ 12 ადგილით გააუმჯობესა პოზიცია.
- არ არსებობს შეზღუდვები ონლაინ მედია გარემოზე, რომელიც სულ უფრო მრავალფეროვანია. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს.
- საქართველომ განაგრძო კანონმდებლობის შესაბამისობა აუდიო-ვიზუალური მედია სერვისების დირექტივის (AVMSD) ძირითად პრინციპებთან და ოქტომბერში მიიღო შესაბამისი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში.
- ეროვნული მარეგულირებლის, კომუნიკაციების კომისიის ეფექტური დამოუკიდებლობა კვლავ არ არის უზრუნველყოფილი.
- კომისრები წერენ, რომ პარლამენტი ამ კუთხით ცვლილებებზე მსჯელობს.
- "მედია გარემო ძირითადად პლურალისტურია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებულია და მუშაობს მტრულ გარემოში. ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა კვლავ აფერხებდა მედიის დამოუკიდებლობას," - წერია დასკვნაში.
- კომისრები აღნიშნავენ, რომ ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლების დაშინებას და ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს, განსაკუთრებით დემონსტრაციებისა და საარჩევნო მიტინგების კონტექსტში, შემთხვევების გამოძიება, ჯერჯერობით, არ არის ეფექტური.
- შეურაცხმყოფელი ტონი მედიის მისამართით, ხშირად, მთავრობის მაღალჩინოსნებიდანაც ისმის.
- სასამართლო პროცესები და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ გახშირდა. ბოლო განაჩენები უარყოფითად მოქმედებს კრიტიკული მედიის საქმიანობაზე.
შეკრების თავისუფლება
ევროკომისრები მიიჩნევენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას გამოწვევები აქვს.
- "ეს გამოჩნდა 2023 წლის 8 ივლისს Tbilisi Pride-ის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმების დროს", — წერია დასკვნაში.
- 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო.
- სამოქალაქო საზოგადოებამ და სახალხო დამცველმა გამოხატეს შეშფოთება ამ კანონის მიმართ და პრეზიდენტმა ვეტო დაადო 17 ოქტომბერს.
გენდერული თანასწორობა
დასკვნის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, საქართველომ მიიღო მთელი რიგი სტრატეგიული დოკუმენტები და კანონები გენდერული თანასწორობის შესახებ, მათ შორის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
- წერენ, რომ ინსტიტუციურ დონეზე, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება კარგად არის განსაზღვრული, თუმცა, დამცავი ზომები, გადარჩენილთა მხარდაჭერის სერვისები და მათი თავშესაფრის შემდეგი დახმარება საჭიროებს გაუმჯობესებას.
მიგრაციის საკანონმდებლო ბაზა
დასკვნაში წერია, რომ ბაზა ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, მაგრამ საჭიროებს შემდგომ გასწორებას.
- "საქართველომ გააძლიერა მიგრაციის მართვის ინსტიტუციური რესურსები და შესაძლებლობები. საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ჩარჩო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს და კრიტერიუმები შესრულდეს", — წერია დასკვნაში.
თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობა, ძირითადად, შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
- "თავშესაფრის მართვის სისტემა საქართველოში უკრაინის მოქალაქეების შემოდინებითა და მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით გაზრდილი ზეწოლის ქვეშ მოექცა.
- საქართველოში თავშესაფრის მართვის სისტემის დანერგვისა და აღსრულების შესაძლებლობები საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას", — ამბობენ კომისრები.
ეკონომიკური კრიტერიუმები
დასკვნის მიხედვით, საქართველო ზომიერად არის მზად მოქმედი საბაზრო ეკონომიკის დასამყარებლად.
- "მშპ-ს რეალურმა ზრდამ ზედიზედ მეორედ გადააჭარბა 10%-ს, საგრძნობლად გაუმჯობესდა საგარეო პოზიცია, შენელდა ინფლაცია, მნიშვნელოვნად დაეცა ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი",— წერია დოკუმენტში.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, კომისრები ფიქრობენ, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე.
- "პროგრესი იქნა მიღწეული ახალი კანონის მიღებაში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2023 წლის თებერვალში.
- საჭიროა შემდგომი მუშაობა მისი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან გასათანაბრებლად",— აღნიშნულია დასკვნაში.
სტატისტიკის მხრივ, საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება, ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის მიღებით მიღწეულია მცირე პროგრესი.
- დოკუმენტის მიხედვით,საქსტატის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამისობა — ადამიანური, ფინანსური და IT რესურსების თვალსაზრისით — არსებით გაუმჯობესებას საჭიროებს.
კეთილმეზობლური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობა
საქართველო ცდილობს, გააუმჯობესოს ორმხრივი ურთიერთობები კანდიდატ ქვეყნებთან, პოტენციურ კანდიდატებთან და ევროკავშირის მეზობელ წევრ ქვეყნებთან, ამბობენ ევროკომისრები.
- მათი თქმით, საქართველო რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული და შეინარჩუნა ჩართულობა რეგიონული თანამშრომლობის რამდენიმე ინიციატივაში.
- საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ასევე, ევროკავშირის მეზობელ წევრ ქვეყნებთან — რუმინეთთან და ბულგარეთთან.
საგარეო ურთიერთობები და სანქციებზე უარის თქმა
ევროკომისია მიიჩნევს, რომ შეზღუდული პროგრესი იქნა მიღწეული საგარეო ურთიერთობებში, სადაც მოსალოდნელია, რომ საქართველო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის კონტროლის შესახებ კანონმდებლობას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანს.
- შეზღუდული პროგრესი იქნა მიღწეული საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში.
- კომისია წერს, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის შემზღუდველ ზომებს (სანქციებს) რუსეთთან დაკავშირებით, მათ შორის, საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით.
დოკუმენტში წერია, რომ:
- საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს.
- საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ევროკავშირის სახელით, უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს.
- მოსალოდნელია, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გაზრდის შესაბამისობას ევროკავშირის განცხადებებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებზე.
- ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში. საქართველომ აჩვენა აქტიური ჩართულობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ტერიტორია და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ გამოიყენონ ამ სანქციების, მათ შორის, ფინანსურ სექტორში სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
კომენტარები