მონაცემთა ბლოგი | საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს
დღეს ევროკომისია ევროკავშირს შესთავაზებს რეკომენდაციას, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ქართულად მოლაპარაკე ზრდასრულების მხოლოდ მესამედი ელის, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
გამოკითხვამ, რომელიც 2023 წლის 4-8 ოქტომბერს ჩატარდა, აჩვენა, რომ მიუხედავად ევროკავშირის მიმართ ნაკლები დადებითი აღქმებისა, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს უფრო მეტად სჯერათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ვიდრე — ოპოზიციის მხარდამჭერებს, ან იმ ხალხს, ვინც არცერთ პარტიას უჭერს მხარს.
საზოგადოებას კითხეს, ელოდებიან თუ არა, რომ საქართველო 2023 წლის ბოლოსთვის მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) ფიქრობს, რომ საქართველო სტატუსს არ მიიღებს, მესამედი (33%) ფიქრობს, რომ სტატუსს მიიღებს, ხოლო დარჩენილ 22%-ს პასუხი არ აქვს.
მოლოდინები არსებითად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ვის უჭერენ მხარს გამოკითხულები. ქართული ოცნების მხარდამჭერთა ნახევარზე ნაკლები (47%) მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ; ასე ფიქრობს ოპოზიციის მხარდამჭერთა მხოლოდ მეოთხედი (24%). ქართული ოცნების მხარდამჭერთა 35% ფიქრობს, რომ ევროკავშირი სტატუსს არ მისცემს საქართველოს. ამ აზრს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა უმეტესობა (58%). მათ კი, ვინც ამბობს, რომ მათ ინტერესებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, ოპოზიციის მხარდამჭერების მოლოდინს იზიარებს.
ეს პასუხები მოჰყვება კონტექსტს, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს პოტენციურ წევრობას. ქართულად მოლაპარაკე გამოკითხულთა ორი მესამედი (62%) წევრობას სრულად უჭერს მხარს, 24% კი — ნაწილობრივ. მხოლოდ 10 პროცენტი ამბობს, რომ არ უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს. დარჩენილ 3 პროცენტს პასუხი არ აქვს, ან თავს იკავებს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა, ასევე, არსებითად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ პარტიას უჭერენ გამოკითხულები ხმას. "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნახევარზე ცოტა მეტი (54%) მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, 31% ნაწილობრივ უჭერს, 12 % კი არ უჭერს მხარს.
შედარებისთვის, ოპოზიციის 10-დან 8 ამომრჩეველი (83%) მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, 9-დან ერთი (9%) — ნაწილობრივ უჭერს მხარს, 8% კი — წინააღმდეგია.
რაც შეეხება გამოკითხულებს, რომლებიც არცერთ პარტიას უჭერენ მხარს — ათიდან 6 გამოკითხული (61%) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მეოთხედი (25%) ნაწილობრივ უჭერს, 12% კი - წინააღმდეგია.
აღსანიშნავია, რომ მათი ხედვები, ვინც არ უჭერენ მხარს არცერთ პარტიას, უფრო ახლოს დგას მმართველი პარტიის მხარდამჭერების ხედვებთან, ვიდრე — ოპოზიციის.
საერთო ჯამში, მოსახლეობის თითქმის ნახევარს (48%) დადებითი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირთან, მხოლოდ 1 ქართველს 10-დან (12%) აქვს უარყოფითი დამოკიდებულება. მესამედზე ოდნავ მეტს (37%) ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს ევროკავშირთან. 4% კი არ არის დარწმუნებული, ან პასუხისგან თავი შეიკავა.
ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების აღქმები ევროკავშირთან დაკავშირებით, ასევე, არსებითად განსხვავდება. მმართველი გუნდის მხარდამჭერთა მესამედზე ოდნავ მეტს (38%) ევროკავშირის დადებითი აღქმა აქვს, 43%-ის შეხედულება კი ნეიტრალურია. 17%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის მიმართ.
რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერებს, 4-დან სამი გამოკითხული (76%) დადებითად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, 15%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, 9-დან მხოლოდ ერთი (9%) არის უარყოფითად განწყობილი.
რაც შეეხება გამოკითხულებს, რომლებიც არცერთ პარტიას უჭერენ მხარს, მათგან ნახევარზე მეტს (48%) დადებითი შეხედულება აქვს ევროკავშირზე, 37%-ის აზრი ნეიტრალურია, 12% კი უარყოფითად არის განწყობილი.
საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მართალია, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს უფრო სჯერათ, რომ ქვეყანა გახდება კანდიდატი, ისინი, ამავდროულად, ბევრად ნაკლებად დადებითად არიან განწყობილნი ევროკავშირის მიმართ, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერები.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული განსხვავებები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შემოწმდა ლოგისტიკური და რიგითი რეგრესიის მოდელების გამოყენებით. მოდელები აკონტროლებდნენ შემდეგ ცვლადებს: ასაკობრივი ჯგუფი (18-35, 35-55, 55+), სქესი (კაცი ან ქალი), განათლება (სრული საშუალო/დაბალი, პროფესიული ან არასრული უმაღლესი განათლება/უმაღლესი), დასახლების ტიპი (დედაქალაქი, ქალაქი, სოფელი), პარტიული იდენტიფიკაცია (ქართული ოცნება, ოპოზიცია, არცერთი პარტია , არ იცის/თავს იკავებს), დასაქმება (არ მუშაობს, მუშაობს კერძო სექტორში, მუშაობს საჯარო სექტორში), სოციალური კონსერვატიზმი (დაბალი, საშუალოდ-დაბალი, საშუალო-მაღალი, მაღალი) და რელიგიური დასწრება (რეგულარულად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, იშვიათად ან არასდროს).
სტატიის ავტორები არიან CRRC-საქართველოს მკვლევარი გივი სილაგაძე და CRRC საქართველოს პრეზიდენტი კობა თურმანიძე. სტატია ეფუძნება
დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით შეგროვებულ მონაცემებს. ხედვები, რომელიც ჩანს სტატიაში, ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ წარმოადგენს NED-ის, CRRC საქართველო-ს, ან სხვა დაკავშირებულ სუბიექტთან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები