საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მომწამვლელმა ნივთიერებამ გაჟონა — რას წააწყდნენ კოსმონავტები
25 ოქტომბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფი კოსმონავტები გარეთ გავიდნენ, რათა მაციებელი აგენტის გაჟონვა დაეთვალიერებინათ. პროცესში ისინი მომწამვლელი ნივთიერების ერთგვარ ბურთულას წააწყდნენ და მისგან თავის დაღწევა მოუწიათ.
გაჟონვა პირველად თვის დასაწყისში დაფიქსირდა. თავიდან მიიჩნიეს, რომ იგი გადაუდებელ საშიშროებას არ ქმნიდა. ახლახან დაკვირვების შედეგად კოსმონავტებმა, ოლეგ კონონეკომ და ნიკოლაი ჩუბმა, რამდენიმე დამატებითი გართულება შენიშნეს.
ღია კოსმოსში ყოფნისას კოსმონავტები მომაკვდინებელი ამიაკის მაციებლის "წვეთს" წააწყდნენ. ნივთიერება იმ თოკს მოეცხო, რომელზეც ოლეგ კონონეკო იყო მიბმული. იმისათვის, რომ სადგურში სახიფათო ნივთიერების გავრცელება აერიდებინათ თავიდან, კოსმონავტს თოკის გარეთ დატოვება მოუხდა. ღია კოსმოსში ტივტივისას ეს საკმაოდ სახიფათო სიტუაციაა.
ამიაკის გაჟონვა სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც რადიატორს მაციებლის მარაგი შეუწყვიტეს, კოსმონავტები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ნარჩენ ამიაკს რადიატორის სარქვლებიდან გამოეღწია და ერთად დაგროვილიყო. სწორედ ამიტომ, მათ დამატებითი ნაჭრები წაიღეს, რათა კოსტიუმზე მოხვედრის შემთხვევაში მაციებელი აგენტი მოეშორებინათ.
ამ პრობლემის გარდა, კოსმონავტებმა რადიატორის პანელებში უჩვეულო ხვრელებიც შენიშნეს, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ხსნიან.
"ხვრელებს ძალიან თანაბარი კიდეები აქვს, თითქოს ბურღით იყოს გახვრეტილი", — განაცხადა კონონეკომ — "ბევრი ასეთი ხვრელია. ქაოსურადაა გავრცელებული".
საგულისხმოა, რომ ISS-ის რუსულ სეგმენტში მსგავსი პრობლემები არცთუ ისე იშვიათად იქმნება.
გასული წლის დეკემბერში როსკოსმოსის კოსმოსური ხომალდი სოიუზი (იგი ISS-თან იყო შეკავშირებული) მწყობრიდან გამოვიდა და კოსმოსში მაციებელი აგენტის გაშვება დაიწყო. აქედან ორი თვის შემდეგ უკვე რუსეთის სხვა ხომალდმა, Progress MS-21-მა, დაიწყო გაჟონვა, როცა სადგურის რუსულ სეგმენტთან იყო შეკავშირებული.
ორივე ინციდენტი, რომლებიც რუსული რადიატორების სიახლოვეს მოხდა, მიკრომეტეორიტისაგან წამოსულ "გარეგან ზემოქმედებას" მიეწერა. თავისთავად, ეს ახსნა აზრსმოკლებული არაა. მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული ეჭვებიც, რადგან მოკლე დროში საკმაოდ ბევრი მექანიკური პრობლემა შეიქმნა.
ახლახან მომხდარი გაჟონვის შესახებ ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით არავის გაუკეთებია.
კომენტარები