1952 წელს ცაზე 3 კაშკაშა ვარსკვლავი გაქრა — მეცნიერთა ჰიპოთეზები
71 წლის წინ უჩვეულო რამ მოხდა — ასტრონომებმა პალომარის ობსერვატორიიდან ღამის ცაზე დაკვირვებისას შენიშნეს, რომ 3 კაშკაშა ვარსკვლავი მოულოდნელად გაქრა. ახალ კვლევაში მეცნიერები ამ მოვლენის 3 პოტენციურ ახსნას გვთავაზობენ.
ყველაფერი 1952 წლის 19 ივლისს მოხდა, როცა მეცნიერები სხვადასხვა ასტრონომიული ობიექტის დასაფიქსირებლად ღამის ცას სურათებს უღებდნენ. 20:52 საათზე ტელესკოპით აღბეჭდეს კადრი, რომელზეც 3 ელვარე წერტილი ჩანდა და მათ ვარსკვლავთა მსგავსი სიკაშკაშე ჰქონდა. შესაბამისად, დაასკვნეს, რომ ისინი სწორედ მნათობები იყო.
იმავე დღეს, 21:45 საათზე, სპეციალისტები ცის ამ რეგიონს კიდევ ერთხელ დააკვირდნენ და ახალი სურათი გადაიღეს. მოხდა ისე, რომ 1 საათზე ნაკლებ დროში გამოსახულებაზე ზემოხსენებული ობიექტები უკვე აღარ ჩანდა და დღემდე არ გამოჩენილა.
ბოლო დეკადებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ ვარსკვლავებმა უცნობი მიზეზის გამო ელვარება დაკარგა. კერძოდ, მათი სიკაშკაშის მაჩვენებელი 15-დან იმდენად დაბლა დაეცა, რომ ვერც ადრინდელმა და ვერც უფრო თანამედროვე, მგრძნობიარე, ტელესკოპებმა ვეღარ დააფიქსირა.
მაინც რატომ გაქრა ეს მნათობები? ან რამდენად იყო მეცნიერთა მიერ აღბეჭდილი ელვარე წერტილები ნამდვილად ვარსკვლავები?
ახალი კვლევის ფარგლებში ავტორებმა 3 ჰიპოთეზა წარმოადგინეს. ერთ-ერთის თანახმად, ეს შესაძლოა, იშვიათი ვარსკვლავური მოვლენა ყოფილიყო, როგორიცაა მძლავრი მაგნიტური ველის მქონე ვარსკვლავის (მაგნეტარის) ე.წ. სწრაფი რადიო ანთება. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ სპეციალისტებმა ცის აღნიშნული მონაკვეთი ზუსტად ასეთ მომენტში გადაიღეს. ამავე დროს, თუ ჩვენსა და მას შორის შავი ხვრელი იყო მოქცეული, ის იქიდან წამოსულ სინათლეს მძლავრი გრავიტაციის გავლენით 3 გამოსახულებად აქცევდა, რომელიც 1952 წელს ტელესკოპებში 3 მნათობის მსგავსად გამოჩნდებოდა.
მეორე მოსაზრების მიხედვით, ეს დედამიწასთან ახლომდებარე ფენომენს უკავშირდება, როგორიცაა მზის სისტემაში არსებული თეორიული რეგიონი, ოორტის ღრუბელი, რომელშიც კომეტები წარმოიქმნება. ბოლო ჰიპოთეზის თანახმად კი დეკადების წინ დაფიქსირებული მოვლენა იმ პერიოდში ნიუ მეხიკოში მდებარე ბირთვული ბაზებიდან გამოყოფილ რადიოაქტიურ მტვერს უნდა გამოეწვია, რომელიც ობსერვატორიის ობიექტივში მოხვდა.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები