ადამიანის სპერმა ნიუტონის კანონს არღვევს — აი, როგორ
კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის სპერმა ბლანტ სითხეში გადაადგილებისას ნიუტონის მესამე კანონს არღვევს. მათ შეისწავლეს, როგორ ახერხებს ამას ეს და სხვა ამგვარი უჯრედები.
ნიუტონმა მოძრაობის 3 მთავარი კანონი 1686 წელს შეიმუშავა. ისინი ფიზიკური ობიექტისა და მასზე მოქმედი ძალების ურთიერთმიმართების პრინციპებს ხსნის. მათ შორისაა მესამე კანონი, რომლის თანახმადაც ქმედება ყოველთვის იწვევს ტოლ და საწინააღმდეგო უკუქმედებას, რაც ბუნებაში საპირისპირო ძალების ერთგვარ სიმეტრიაზე მიანიშნებს. მაგალითად, ერთნაირი ზომის ორი ბურთულა შეჯახებისას ძალებს გადაიტანს და უკუიქცევა.
ამის მიუხედავად, მსგავს გათანაბრებულობას ყველა ფიზიკური სისტემა არ ექვემდებარება, იქნება ეს გუნდად მფრენი ჩიტები თუ სითხეში არსებული ნაწილაკები. ასეთი აღმოჩნდა ადამიანის რეპროდუქციული უჯრედებიც, რომლებიც გარემოსთან ასიმეტრიულად ურთიერთქმედებს. საქმე ისაა, რომ სპერმა საკუთარ ენერგიას გამოიმუშავებს, რასაც ერთგვარი კუდის მეშვეობით ახერხებს, ამიტომ მასზე ნიუტონის მესამე კანონი არ ვრცელდება, ანუ ბლანტი სითხე ვერ აკავებს.
სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში ადამიანის სპერმის შესახებ ექსპერიმენტული მონაცემები გააანალიზეს და მწვანე წყალმცენარეების (Chlamydomonas) მოძრაობის მოდელიც შექმნეს. ორივე მათგანი შოლტების დახმარებით გადაადგილდება, რომელიც უჯრედებიდანაა გამოშვერილი და წინსვლისთვის, საჭიროებისამებრ, ფორმას იცვლის.
ძალიან ბლანტმა სითხეებმა, წესით, ეს ენერგია უნდა გაანეიტრალოს და უჯრედებს მოძრაობაში ხელი შეუშალოს, მაგრამ ასე არ ხდება. სპერმა ამ დაბრკოლებას ისე ლახავს, რომ საწინააღმდეგო ქმედებას არ იწვევს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს, გარკვეულწილად, მათი შოლტების "უცნაური ელასტიკურობის" დამსახურებაა, რომლის წყალობითაც დიდი ენერგია არ იკარგება. ავტორებმა მსგავსი შიდა პროცესების ასახსნელად ახალი ტერმინიც შემოიტანეს: "უცნაური ელასტიკური მოდული".
მათი ნაშრომი გამოცემაში PRX Life გამოქვეყნდა.
კომენტარები