ექსპერტების თქმით, AI სექსბოტები ადამიანურ ურთიერთობებს ჩაანაცვლებენ
პროგნოზებით ამ ინდუსტრიის ღირებულება 2033 წლისთვის 3,3 მილიარდი დოლარი იქნება.
თანამედროვე სამყაროში ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც კაფეში ერთ მაგიდასთან სხედან, მაგრამ ერთმანეთთან საუბრის მაგივრად სმარტფონში აქვთ თავი ჩარგული. ეს სცენარი არ შემოიფარგლება მხოლოდ საჯარო სივრცეებით, ხშირად იგივე ხდება სახლებშიც.
ირონიულია, მაგრამ ტექნოლოგია, რომელიც უნდა გვაკავშირებდეს, ერთმანეთისგან სულ უფრო დაგვაშოროა. Nielsen-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ამერიკელი მოზარდები დღეში 11 საათზე მეტს სწორედ ციფრულ სამყაროში ატარებენ. ეს ცოტა ნამდვილად არ არის.
ადამიანებს შორის კომუნიკაციაში გაჩენილ უფსკრულს კიდევ უფრო აფართოებს ახალი AI ტექნოლოგიები, როგორიცაა ChatGPT.
როგორც ჩანს, კომუნიკაციის დამყარება მეორე ადამიანის გარეშეც შეგვიძლია. შესაბამისად, ფუტუროლოგები ვარაუდობენ, რომ მალე ადამიანებს სექსუალური კავშირების დასამყარებლად სხვა ადამიანები აღარც დასჭირდეთ.
ხელოვნური ინტელექტი და სექსტექნოლოგიები
SexTech ტექნოლოგიები სულ უფრო სწრაფად ვითარდება. სავარაუდოა, რომ მსგავსი ტექნოლოგიები თავის პიკს 2033 წელს მიაღწევს და ამ ინდუსტრიის ღირებულება 3,3 მილიარდი დოლარი გახდება. ამჟამად მისი ღირებულება დაახლოებით 576,5 მილიონ დოლარია.
სატელეფონო სექსიდან სექს-რობოტებამდე, SexTech-მა გრძელი გზა გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევედით ახალ, სექსბოტების ეპოქაში, სადაც სექსი ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული. ამასთან, თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპს გავითვალისწინებთ, რეალური სექსბოტების გამოჩენა მხოლოდ დროის საკითხი უნდა იყოს.
მაგალითისთვის 2019 წელს, კომპანიამ გამოიგონა სექს-რობოტი, რომელიც ადამიანის სუნთქვის პროცესს იმიტირებდა. ამით ის კიდევ უფრო რეალისტური "სექსუალური პარტნიორი" გახდა. ფუტუროლოგი იან პირსონი პროგნოზირებს, რომ 2050 წლისთვის რობოტებთან სექსი უფრო ხშირად გვექნება, ვიდრე ადამიანებთან.
პირსონის აზრის განვრცობით, კიდევ ერთი ფუტუროლოგი ამბობს, რომ იაპონიაში ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი სექსუალურ კავშირებს უკვე ხელოვნურ ინტელექტთან ამყარებს.
ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანების სექსს?
რაც საინტერესოა, ამას მხოლოდ ფუტუროლოგები არ ამბობენ. აშშ-ის მოსახლეობის თითქმის ნახევარი თვლის, რომ დაახლოებით 40 წლის განმავლობაში რობოტებთან სექსი ჩვეულებრივი პრაქტიკა იქნება.
იგივეს ფიქრობს Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ტომ ბილიუს თქმით, მომავალში ხელოვნური ინტელექტი ადამიანების სექსუალური მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას შეძლებს.
და მაინც, 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სექს-რობოტები მარტოობის შეგრძნებას ვერ ჩაგვინაცვლებენ. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ამან მარტოობის შეგრძნება შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს.
ცალკე საყურადღებოა deep fake ტექნოლოგიები, რითაც ადამიანების რეალისტური გამოსახულების მიღება შეგვიძლია. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მომავალში ადამიანებს ნებისმიერ "ადამიანთან" შეეძლებათ "ინტიმური ურთიერთობის" დამყარება.
მიუხედავად ამისა, რჩება მთავარი შეკითხვა, რა არის ადამიანებისთვის სექსი, ის მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებაა თუ ემოციების გაზიარების სურვილი. პირველ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ჩვენს მოთხოვნილებებს დიდი ალბათობით მალე დააკმაყოფილებს, მაგრამ რამდენად მოკლავს ეს ჩვენში მარტოობის შეგრნებას, ეს კვლავ აქტუალური შეკითხვაა.
კომენტარები