უკვე ცნობილია, რამ გამოიწვია უმძლავრესი "მარსძვრა"
2022 წლის 4 მაისს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს აპარატმა InSight 4.7 მაგნიტუდის "მარსძვრა" დააფიქსირა, რომელიც წინა რეკორდულ სეიმურ აქტივობას სიმძლავრით 5-ჯერ აღემატებოდა. მისი თანმდევი ტალღები ჩვეულებრივზე დიდხანს, 6 საათის განმავლობაში ფიქსირდებოდა, რის გამოც ის წითელი პლანეტის არა მხოლოდ უმძლავრეს, არამედ ყველაზე ხანგრძლივ მსგავს მოვლენად მიიჩნევა.
ახალი კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ეს "მარსძვრა" ასტეროიდთან შეჯახებით არ იყო გამოწვეული, არამედ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ე.წ. ტექტონიკური ძალებით. ეს ნიშნავს, რომ ის სეისმურად იმაზე ბევრად აქტიურია, ვიდრე გვეგონა.
Insight მარსის ზედაპირზე დაშვების შემდეგ, 2018 წლიდან მისიის ბოლომდე, 1300-ზე მეტ "მარსძვრას" შეესწრო, საიდანაც სულ მცირე 8 სწორედ ასტეროიდის ჩამოვარდნას უკავშირდებოდა. 2022 წლის მოვლენის მახასიათებლებიც, ერთი შეხედვით, სწორედ ასეთი შეჯახების შემდგომ ბიძგებს ჰგავდა.
მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე 300-მეტრიანი ახალი კრატერისა და მტვრის ნაკადის ძიება დაიწყეს. ამ პროცესში ინდოეთი, ჩინეთი, ევროპა და არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩაერთო. მათ მარსის ორბიტაზე გაშვებული ზონდების მიერ მოპოვებული მონაცემები შეისწავლეს, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს.
აქედან გამომდინარე, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ეს მოვლენა ციურ სხეულზე მიმდინარე პროცესებით იყო განპირობებული.
დედამიწისგან განსხვავებით, მარსზე ტექტონიკური ფილები არ გვხვდება, რადგან ის ამისთვის ზედმეტად პატარა და ცივია. ეს ნიშნავს, რომ მისი ზედაპირი ჩვენის მსგავსად დანაწევრებული არაა. მკვლევრების აზრით, NASA-ს აპარატის მიერ დაფიქსირებული სეისმური აქტივობა პლანეტის ქერქში ამ რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში დაგროვებული დაძაბულობის გამოთავისუფლების შედეგი იყო.
ეს დაძაბულობა მარსის გაგრილებისა და შეკუმშვის ტემპის ცვალებადობის გამო დაგროვდა. კონკრეტულ რეგიონებში ის სხვებზე მეტად იგრძნობა, მაგრამ ამის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია,
ახალი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები