დამოუკიდებლობის 241 წელი - რეპორტაჟი აშშ-ის საელჩოდან
დღეს, 6 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, დამოუკიდებლობის 241-ე წლისთავი აღნიშნეს.
საელჩოს ამერიკის დროშის ფერებში მორთულ ეზოში, საზეიმო, არაფორმალურ გარემოში უამრავი სტუმარი მივიდა, მათ შორის იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის ბიგ ბენდი.
აშშ-ის ელჩი, იან კელი ცოლთან ერთად თითოეულ სტუმარს მიესალმა. ელჩის სიტყვით გამოსვლამდე, აშშ-ისა და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
იან კელიმ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ შტატების მხარდაჭერა არ შესუსტებულა, არამედ, მისივე თქმით, სულ უფრო და უფრო ცვალებად მსოფლიოში, საქართველოს შეუძლია ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს:
"ამ წელს, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღვნიშნავთ. ჩვენი პარტნიორობა ვითარდება და იზრდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული და გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მალე ვიცე-პრეზიდენტი ესტუმრება საქართველოს. თქვენს მიერ განვლილი გზა ადვილი არ ყოფილა და ნამდვილად ვამაყობთ მიღწეული პროგრესით, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის გარანტი არის ღია საზოგადოება, პოლიტიკური პლურალიზმი, კანონის უზენაესობა, თავისუფალი ეკონომიკის პრინციპები და თავისუფალი მედია, რომელიც გვაიძულებს ჩვენ ყველას ვიყოთ ანგარიშვალდებული".
შეკრებილ აუდიტორიას მიმართა ასევე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელმაც შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
"ცოტა არის ტექსტი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ისეთი ამაღელვებელია როგორიცაა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ამ დეკლარაციის ავტორები ამბობენ რომ ადამიანი გაჩენილია თავისუფალი უფლებით ესწრაფოდეს ბედნიერებას და ამ განცხადებას ხელს აწერენ თავისი ქონებით, სიცოცხლითა და ღირსებით. სწორედ ამ მაღალი იდეალების მსახურებაში, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ვართ თქვენი მოკავშირეები. ჩვენ ვართ ამაყი რომ ჩვენი მამაკაცები და ქალები ფორმაში, თქვენს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან".
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეზე საუბრისას, მან ასევე, მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს კონსტიტუციის რეფორმაზე მსჯელობა საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან:
"მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტიდან მე მინდა მივესალმო ბატონი პრემიერ-მინისტრის წინადადებას აქტიური დიალოგისკენ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსტიტუციის მიღების პროცესში. მე მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, საზოგადოებრივ ძალებს, აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პროცესში. რათა კონსტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, როგორც ერის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ისე, როგორც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან სულ რამდენიმე წელიწადში შექმნეს აშშ-ის კონსტიტუცია. მე მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად ჩაერთონ დიალოგში საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან."
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ 4 ივლისი თავისუფლების მოყვარე ერებისთვის ნიშნავს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ძლიერ სიმბოლოს:
"ქართველი ერის მთელი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ დღეს ეს ბრძოლა დემოკრატიის დამკვიდრებასა და მისი ღირებულებების ერთგულებაზე გადის. სწორედ ეს ასაზრდოებს ჩვენი ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირეს და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები და რომლის მხარდაჭერა დღესაც, ისევე როგორც განვლილი 25 წლის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესია".
კომენტარები