უკვე ცნობილია, რა ეწერა ვეზუვის ამოფრქვევისას დანახშირებულ გრაგნილზე
გრაგნილი დაახლოებით 2000 წლისაა. ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მისი ამოკითხვა პირველად შეძლეს.
Vesuvius Challenge-ის, ვეზუვის გამოწვევის, პირველი გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. ეს ინიციატივა უძველესი გრაგნილების გაშიფვრას ემსახურება, რომლებიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩაიმარხა. ჯილდო სამ ადამიანს გადაეცა, რომლებმაც დანახშირებული გრაგნილებიდან პირველი სიტყვა ამოიკითხეს — "Porphyras", ანუ იისფერი.
ვეზუვის გამოწვევა 2023 წლის მარტში გამოცხადდა. იგი მიზნად ისახავს, ადამიანებს ახალი მეთოდების შემუშავებისკენ უბიძგოს, რათა ჰერკულანუმში (იტალია) აღმოჩენილი გრაგნილების წაკითხვა შევძლოთ.
აღნიშნული გრაგნილები თავდაპირველად ვილაში, სახელად Villa Papyri-ში, ინახებოდა. იგი მდიდარ რომაელ ლიდერს ეკუთვნოდა. როცა ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკანი ვეზუვი ამოიფრქვა, ვილა ვულკანურ ფერფლსა და ქვებში ჩაიმარხა.
გრაგნილები და ბიბლიოთეკა საუკუნეების განმავლობაში იყო ჩაფლული, თუმცა 1700-იან წლებში ისინი ხელახლა აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ამოფრქვევამ გრაგნილები შემოინახა, ისინი დანახშირდა კიდეც. ამის გამო მათი წაკითხვა შეუძლებელი გახდა.
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად ვეზუვის გამოწვევა. ნატ ფრიდმანი, GitHub-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, და მეცნიერთა გუნდი იმედოვნებენ, რომ შემოქმედებითი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების წყალობით გრაგნილთა საიდუმლოების ამოხსნას შევძლებთ. ამ მიზნით ისინი $700 000-იან მთავარ ჯილდოსა და შედარებით პატარა ფულად პრიზებს დაურიგებენ ყველას, ვინც გრაგნილების წაკითხვაში შეიტანს წვლილს.
"პირველი ასოს" პრიზი და 40 ათასი აშშ დოლარი 21 წლის ლუკ ფარიტორს ერგო, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტს. მან შეძლო და გრაგნილზე სიტყვა "πορφυρας" გაშიფრა, რომელიც "იისფერ საღებავს" ან "იისფერ ქსოვილს" ნიშნავს. ფარიტორი პირველი ადამიანია, რომელმაც თითქმის ორიათასი წლის განმავლობაში ეს ხელნაწერი იხილა.
ჯილდოს გაცემიდან ცოტა ხნის შემდეგ იუსეფ ნადერმა, სხვა მონაწილემ, შეძლო და იგივე სიტყვა უფრო გარკვევით ამოიცნო. შედეგად მან მეორე პრიზი მიიღო $10 000-ის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ამ ორ მიღწევას ვერ ვიხილავდით, რომ არა კეისი ჰენდმერის, სხვა მონაწილის, შრომა. მან იმის მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი მტკიცებულება მოიპოვა, რომ გაუხსნელ, გაქვავებულ გრაგნილში მელანი იყო. შედეგად ჰენდმერმა "პირველი მელნის" $10 000-იანი ჯილდო მიიღო.
ბლოგპოსტის მიხედვით, ჰენდმერმა ახსნა, როგორ დააფიქსირა მელანი. ამით სწორედ მან ჩაუყარა საძირკველი ფარიტორის აღმოჩენას.
ცნობისთვის, $700 000-იანი მთავარი ჯილდო ჯერ არავის მიუღია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფარიტორის, ნადარისა და ჰენდმერის მიღწევების შემდეგ მის მოპოვებას კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეეცდება.
კომენტარები