რა არის დედამიწის შიგნით?
დედამიწის ზედაპირი საკმაოდ დეტალურადაა შესწავლილი და მისი ლანდშაფტის ამსახველი არაერთი რუკაც მოგვეპოვება, მაგრამ რა არის მის შიგნით?
ჩვენი პლანეტის ცენტრი 6 400 კილომეტრ სიღრმეზეა განლაგებული. შედარებისთვის, კაცობრიობამ ბურღით მხოლოდ 12.2 კილომეტრ მანძილზე ჩააღწია, რასაც დაახლოებით 20 წელი დასჭირდა. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით, დედამიწის შიდა სტრუქტურის შესწავლა მასზე პირდაპირი დაკვირვების გარეშეც შეგვიძლია, მაგალითად, სეისმური ტალღების გაანალიზებით. შედეგად, საკმარისი ინფორმაცია მოგვეპოვება იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენს ფეხქვეშ.
ესაა ქერქი, მანტია და ბირთვი. პირველი გარეთა შრეა, რომელიც პლანეტის მთლიანი მოცულობის მხოლოდ 1%-ზეა პასუხისმგებელი. მეორე მის ქვეშ მდებარე ფენაა, რომელიც 84%-ს იკავებს, შუაგულში კი ბირთვია 15%-იანი მოცულობით.
ქერქი არსებობს როგორც ოკეანური, ისე კონტინენტური. პირველი მათგანი 10 კილომეტრამდე სისქისაა და ოკეანეების ქვეშ მდებარეობს, ხოლო მეორის სისქე 80 კილომეტრს შეადგენს. ოკეანური ქერქი, ძირითადად, ბაზალტისგან შედგება და უფრო მკვრივია, კონტინენტურ შრეში კი გრანიტი ჭარბობს.
როცა ისინი ერთმანეთს ეჯახება, მკვრივი მასა კონტინენტური ქერქის ქვეშ ექცევა. ეს ხანგრძლივი პროცესია, რა დროსაც ოკეანური ქერქი ყოველ წელიწადში 1-8 სანტიმეტრით ქვემოთ იძირება.
რაც შეეხება მანტიას, ის თხევადი არაა, თუმცა ოკეანურ ქერქთან შედარებით, ნაკლებად მტკიცეა.
"გეოლოგიური მასშტაბების გათვალისწინებით, ის თითქმის სითხის მსგავსად მოქმედებს, მაგრამ მყარი მასაა", — აცხადებენ მეცნიერები.
მანტიაში სხვადასხვა მინერალი გვხვდება, მაგრამ იქ ბრიჯმანიტის ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. ეს შუა შრე დაახლოებით 2 900 კილომეტრამდე სიღრმეზე ვრცელდება და ორ ნაწილად იყოფა — ზედა და ქვედა. მათ შორის არეალში ტემპერატურა იმატებს და 1000-3 700 გრადუს ცელსიუსს უახლოვდება.
მანტიის ქვეშ, დედამიწის ცენტრში, ბირთვია, რომლის მეშვეობითაც პლანეტის მაგნიტური ველი წარმოიქმნება. 2 300 კილომეტრი სისქის გამდნარი რკინისა და ნიკელის სფერო გარეთა ბირთვია, რომელიც რკინის მყარ შიდა ბირთვს აკრავს გარს. ამ უკანასკნელის სისქე 2 440 კილომეტრია.
4.5 მილიარდი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ჩვენი მშობლიური ციური სხეული წარმოიქმნა, მისი გაგრილების პროცესი დაიწყო. ამ დროს რკინისა და ნიკელის მსგავსმა მძიმე ელემენტებმა პლანეტის წიაღში მოიყარა თავი და ბირთვის ფორმირებას შეუწყო ხელი. დედამიწის ცენტრი ჯერ კიდევ გრილდება, რაც შიდა ბირთვს ზრდის.
"როგორც წყალი იქცევა ყინულად, ისე მყარდება რკინა და შიდა ბირთვს უერთდება, ამიტომ ის დიდდება", — ამბობენ სპეციალისტები.
ეს ძალიან ნელა ხდება, თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ. საინტერესოა ისიც, რომ შიდა ბირთვის ტემპერატურა 5 200 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს, ანუ თითქმის ისეთივე ცხელია, როგორიც მზის ზედაპირი. ძალიან მძლავრი წნევა მას სიმყარეს უნარჩუნებს, ხოლო მის ქვეშ ყველაზე შიდა ბირთვია განლაგებული, რომელიც 725 კილომეტრი სიგანის მეტალის სფეროა.
კომენტარები