ნახეთ: როგორ დაეშვა დედამიწაზე ასტეროიდის ნიმუშებით სავსე კაფსულა — კადრები კოსმოსიდან
24 სექტემბერს, თბილისის დროით 18:52 საათზე, იუტის შტატის უდანოში კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული. ზონდმა OSIRIS-REx, რომელმაც ის ხმელეთისკენ გაგზავნა, ეს პროცესი კოსმოსიდან გადაიღო.
ისტორიული კადრები აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მათზე კაფსულას ვხედავთ, რომელიც ზონდს შორდება და დედამიწისკენ მიიწევს.
"ზედა ნაწილში მზე მოჩანს, ხოლო მარცხენა კიდეში 'ნამგალა დედამიწაა' აღბეჭდილი", — წერია აღწერაში.
50-კილოგრამიან კაფსულას ხმელეთამდე მისაღწევად დიდი დრო არ დასჭირვებია. ზონდისგან განცალკევების შემდეგ მან 4 საათი იფრინა. ატმოსფეროში შემოსვლისას ის 43 450 კმ/სთ სიჩქარით, მაღალი ტემპერატურის პირობებში მოძრაობდა, თუმცა პარაშუტის წყალობით უსაფრთხოდ, დაახლოებით 10 წუთში დაეშვა.
მასში, სავარაუდოდ, 250 გრამის ოდენობის ფრაგმენტები და მტვერი იყო მოთავსებული, რომელიც OSIRIS-REx-მა ასტეროიდ ბენუს ზედაპირიდან მოიპოვა. ეს NASA-სთვის პირველი ასეთი მისია იყო და მან წარმატებით, გეგმის მიხედვით ჩაიარა.
აპარატმა ბენუმდე 2018 წელს მიაღწია და დაგვანახა, რომ ეს ასტეროიდი მყარი სტრუქტურის არაა, არამედ ფრაგმენტირებულია. ამის გამო მისიაში ცვლილებები შეიტანეს, რომლებმაც გაამართლა.
OSIRIS-REx-მა ასტეროიდის ზედაპირიდან ნიმუშები 2020 წლის ოქტომბერში შეაგროვა. ახლა ეს უმნიშვნელოვანესი მასალა ჯონსონის კოსმოსურ ცენტრშია. მეცნიერები am მატერიის ზუსტი ოდენობის დადგენას ცდილობენ და მალე გაასაჯაროებენ.
როგორც ცნობილია, სააგენტო ნიმუშების 25%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებას გაუგზავნის, 4%-ს კანადის კოსმოსურ სააგენტოს, 0.5%-ს კი იაპონიას. გრუნტის 70% ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში დარჩება, სადაც მას სპეციალისტები შეისწავლიან.
სტეროიდის გრუნტის გამოკვლევა შესაძლოა, მეცნიერებს მზის სისტემის ევოლუციისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმაროს.
კომენტარები