პლანეტა მერკურის ზომა მცირდება — კვლევა
მერკური დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტაა, მაგრამ მზის სისტემის სხვა ციურ სხეულებს შორის მას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. ამის მიზეზი ობიექტის მახასიათებლებია, რომლებიც მას სიცოცხლისთვის სრულიად შეუსაბამო ადგილად აქცევს.
საქმე ისაა, რომ მერკური მზესთან ძალიან ახლოს გადაადგილდება, რაც მაღალ ტემპერატურას განაპირობებს, რომელიც 430°C-სს აღწევს. იქ 1 დღე 59 დედამიწურ დღეს გრძელდება, ატმოსფერო კი მას უბრალოდ არ აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს პლანეტა საკმაოდ საინტერესოა.
1974 წელს NASA-ს კოსმოსურმა მისიამ Mariner 10 სწორედ მერკურის ჩაუფრინა და მასზე დაკვირვებისას აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ამ ციური სხეულის ზომა შემცირებული იყო. მსგავს პროცესზე მიანიშნებს კილომეტრობით სიმაღლის მქონე ფერდობები, რომლებიც მის მთლიან ზედაპირზე გვხვდება. მათი ფორმირება ქვეშ არსებული ნაპრალებითაა გამოწვეული, რომლებიც თერმული გაგრილების გამო ობიექტის შეკუმშვისას ჩნდება.
"რადგან მერკურის შიდა არეალი იკუმშება, მის ზედაპირს დასაფარად უფრო და უფრო ნაკლები არეალი რჩება. ამას ის 'ზეწოლითი ნაპრალების' (შეცოცებების) ფორმირებით პასუხობს, სადაც ქერქის ერთი ნაწილი მომიჯნავე მასას აწვება.
ეს ჰგავს ნაოჭებს, რომლებიც ვაშლზე დაძველებისას წარმოიქმნება. განსხვავება ისაა, რომ ვაშლი პატარავდება, რადგან ძველდება, მერკური კი შიდა არეალის თერმულ შეკუმშვას განიცდის", — აცხადებენ მეცნიერები.
2014 წელს სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ მერკური დაახლოებით 7 კილომეტრით შეიკუმშა. იმაზე, თუ როდის მოხდა ეს, საჭირო ინფორმაციას კრატერები გვაწვდის. ზოგიერთი მათგანი პლანეტის ზომის შემცირების პარალელურად დაპატარავდა, ზოგი კი ფერდობების თავზეა განლაგებული. ეს ნიშნავს, რომ ისინი ნაპრალის ფორმირების შემდეგ მომხდარი შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ ფერდობები დაახლოებით 3 მილიარდი წლისაა.
ამის მიუხედავად, ახალი კვლევის ავტორებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც, შეკუმშვის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ მერკური ისევ გაგრილების პროცესშია.
დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის სტუდენტმა, ბენ მენმა, მერკურის ფერდობებზე ე.წ გრაბენებს მიაგნო, სადაც ქერქი ორ შეცოცებას შორისაა კოლაფსირებული. ასევე, მიაკვლია "გაწელვის" ნიშნებსაც, რაც მოულოდნელი იყო. მსგავსი მოვლენის არსებობა ზედაპირის ნაწილების ურთიერთზეწოლისას ქერქის მოხრით აიხსნება. იგივე რამ მოხდება. თუ, მაგალითად, გახუხული პურის მოკეცვას შევეცდებით.
ამ ყველაფრის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მსგავს "გაწელვასა" და კოლაფსს მერკურიზე 300 მილიონ წელზე ნაკლებ დროში უნდა ეჩინა თავი, ანუ პლანეტა ჯერ კიდევ იკუმშება.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები