შესაძლოა, ახლახან სამყაროში გაჩენილი ნაპრალი დავაფიქსირეთ
ასტრონომებმა რამდენიმე მილიარდი სინათლის წლის მოშორებით გალაქტიკათა წყვილი დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა სამყაროში გაჩენილი ჰიპოთეზური ნაპრალის მტკიცებულება იყოს. ამ ფენომენს კოსმოსური სიმი ეწოდება და ის სივრცეში გაჩენილი ერთგვარი ნაკეცია.
მეცნიერთა ანალიზის მიხედვით, არაა გამორიცხული, ეს გალაქტიკები სინამდვილეში ერთი ობიექტის ორი გამოსახულება იყოს, რაც სწორედ კოსმოსის ზემოხსენებული დეფექტით უნდა იყოს განპირობებული. კერძოდ, სავარაუდოდ, მისი გავლენით გრავიტაციული ლინზირების ეფექტი იქმნება, გამადიდებელი შუშის მსგავსი რამ, რომელიც სინათლეს ამრუდებს.
მიიჩნევა, რომ ასეთი ერთგანზომილებიანი ნაპრალები სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე წარმოიქმნა, როცა მატერია "გაიწელა" და ერთ ადგილზე გაიყინა. თეორიულად, მათ საოცარი სიმკვრივე და მასა აქვს და შესაძლოა, მთელ სამყაროში იყოს გადაჭიმული. ამის მიუხედავად, ისინი ძნელად დაკვირვებადია, რადგან კოსმოსზე სხვა ფენომენთა მაგვარი გავლენით ვლინდება.
არსებობს მცირე, ხელჩასაჭიდი სხვაობაც. მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, ახლახან სწორედ ასეთი მტკიცებულება ჩაუვარდათ ხელთ. CSc-1 — ესაა კოსმოსური სიმის კანდიდატი, რომელიც პირველყოფილი სინათლის ნარჩენში, კოსმოსურ მიკროტალღურ ფონში შენიშნეს. დასაწყისში ხსენებული გალაქტიკათა წყვილი SDSSJ110429 მისი არსებობის პოტენციური დასტურია.
ჩვენი პერსპექტივიდან SDSSJ110429-ის წინ რაიმე მასიური ობიექტი არ მოჩანს, მაგალითად, გალაქტიკათა შეჯგუფება, რომელიც მის გამოსახულებას გააორმაგებდა. ასევე, არც მისი სინათლეა გამრუდებული, როგორც სტანდარტული გრავიტაციული ლინზირებისას არის მოსალოდნელი. მეტიც, ამ გალაქტიკათა სინათლის სპექტრი თითქმის იდენტურია ისევე, როგორც მათი ზომა, ფორმა და დედამიწასთან დისტანცია.
მსგავსი მახასიათებლები ვლინდება CSc-1-ის მიმდებარედ არსებული გალაქტიკების სხვა წყვილებშიც. ავტორთა გამოთვლებით, შესაძლოა, ეს კოსმოსური სიმის მოკეცვით იყოს გამოწვეული.
"CSc-1-ის დაკვირვებად მონაცემებზე დაფუძნებული ჩვენი მოდელი აჩვენებს, რომ წყვილების სიმრავლე შეიძლება, სიმის რთული გეომეტრიით აიხსნას.
SDSSJ110429-ის მოდელის მიხედვით, გალაქტიკათა ამ წყვილის თითოეულ კომპონენტს შორის არსებული კუთხე აიხსნება, თუ სიმი ხედვის ხაზის მიმართ ძალზე მოხრილია ან, პოტენციურად, გამოსახულების სიბრტყეზეა მოღუნული", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Bulletin de la Société Royale des Sciences de Liège გამოქვეყნდება.
კომენტარები