რატომ ვერ აიხსნება მიმდინარე კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესებით

საიდან ვიცით, რომ კლიმატის კრიზისი მილანკოვიჩის ციკლებს არ უკავშირდება?

ფოტო: Science News

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კლიმატ-ცნობიერება საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებაზე უამრავი სანდო სამეცნიერო მასალა არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებულ ამბებს მედიაც საკმაოდ აქტიურად აშუქებს, მაინც არსებობს გარკვეული დეტალები, რასაც საკმარისი ყურადღება არ ეთმობა ხოლმე და, შესაბამისად, ამ საკითხზე დეზინფორმაციის გავრცელებაც არ აყოვნებს.

მაგალითად, ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია და ამასთან ადამიანს საერთო არაფერი აქვს. მათგან ზოგიერთი კი ამ მოსაზრებას დაგისაბუთებთ კიდეც და გეტყვით, რომ გლობალური დათბობა სინამდვილეში მილანკოვიჩის ციკლებს უკავშირდება.

მცდარი მოსაზრებების ასე მარტივად გავრცელებას, ალბათ, ისიც უწყობს ხელს, რომ ქართველი ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებას ჯერ კიდევ არ მიიჩნევენ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, ალბათ, არც ინტერესდებიან ამ საკითხით. აბა, სხვა როგორ უნდა აიხსნას, რომ საქართველოში ახალგაზრდების 48%-ს აღნიშნული ცვლილებები ბუნებრივი პროცესი ჰგონია? (ფრიდრიხ ებერტის ფონდის ახალგაზრდობის კვლევა 2023).

ქვემოთ პირდაპირ იმას მოგიყვებით, რატომაა კლიმატის ცვლილება ნამდვილად ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული პროცესი. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტის გაგება თუ გინდათ, შემდეგ ორ სტატიას გაეცანით:

ზემოხსენებულ მილანკოვიჩის ციკლებს მივუბრუნდეთ. დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, სერბმა მეცნიერმა, მილუტინ მილანკოვიჩმა, შემოიღო ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, დედამიწის პოზიციის ცვლილება მზესთან მიმართებით, ხანგრძლივ პერსპექტივაში, პლანეტის კლიმატზე ახდენს გავლენას და მასზე გამყინვარების პერიოდებზეცაა პასუხისმგებელი.

მილანკოვიჩმა სამი ასტრონომიული ფაქტორი შეარჩია: ორბიტის ექსცენტრულობა, ღერძის დახრილობა და პრეცესია. მან გადაწყვიტა შეესწავლა, თუ რა გავლენას ახდენს ჩამოთვლილი ფაქტორების ვარიაციები დედამიწის მიერ მზიდან მიღებული რადიაციის რაოდენობაზე. ეს ვარიაციები, რაც დღეს უკვე მილანკოვიჩის ციკლების სახელითაა ცნობილი, დედამიწის შუა განედებზე (ეკვატორიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით 30 და 60 გრადუსიან განედებს შორის მდებარე არეები), მიღებული მზის რადიაციის 25%-იან ცვლილებებს განაპირობებს.

იქნებ, ყველაფერი მზის გარშემო დედამიწის ორბიტის ცვლილების ბრალია?

როგორც აღვნიშნეთ, ზემოხსენებული სამი ფაქტორიდან ერთი ორბიტის ექსცენტრულობაა — დედამიწის ორბიტის ფორმა. ჩვენი პლანეტის ორბიტა მზის გარშემო, მზეს, სატურნსა და იუპიტერს შორის გრავიტაციული ურთიერთქმედების გავლენით, დროთა განმავლობაში იცვლება და, გარკვეულწილად, წრიულსა და ელიფსურ ფორმებს შორის მერყეობს. ექსცენტრულობა იმის საზომია, თუ რამდენად განსხვავდება ორბიტის ფორმა იდეალური წრისგან. შესაბამისად, ეს ცვლილებები განსაზღვრავს მანძილს მზესა და დედამიწას შორის.

რაც ნაკლებია ექსცენტრულობა, მით უფრო თანაბარია სეზონების ხანგრძლივობა. რაც უფრო ელიფსურია ორბიტა, მით უფრო მეტია დედამიწასა და მზეს შორის მანძილის ვარიაციები. შესაბამისად, სხვადასხვა სეზონების განმავლობაში დედამიწა არათანაბრად იღებს მზის გამოსხივებას. ეს ციკლი დაახლოებით 100 000 წელი გრძელდება, თუმცა იგი მხოლოდ სეზონური კლიმატის ცვლილებას იწვევს და საერთო კლიმატზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

მარტო განახლებად ენერგიაზე გადასვლა რას უშველის, თუ ღერძის დახრილობამაც არ უშველა!

ღერძის დახრილობა, ანუ დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრის კუთხე მის ორბიტალურ სიბრტყესთან მიმართებით, დედამიწაზე სეზონების არსებობას განაპირობებს. გასული მილიონი წლის განმავლობაში ეს კუთხე 22.1 გრადუსსა და 24.5 გრადუსს შორის მერყეობდა. ეს ციკლი 41 000 წელი გრძელდება.

რაც უფრო მეტია ღერძის დახრილობა, მით უფრო ექსტრემალურ სეზონებს ვიღებთ, რადგან ამ დროს ერთ-ერთი ნახევარსფერო ზაფხულში უფრო მეტ მზის გამოსხივებას იღებს, მეორე კი იმავე დროს — უფრო ნაკლებს. აქედან გამომდინარე, კუთხის კლებასთან ერთად ზაფხული შედარებით გრილი ხდება, ზამთარი კი შედარებით თბილი. გრილი ზაფხული მაღალ განედებზე თოვლისა და ყინულის დაგროვების შესაძლებლობას ქმნის. ეს მასა, მომავალში, ყინულის საფრად იქცევა, რაც მზიდან მომავალ რადიაციას უკან, კოსმოსში აირეკლავს და მეტ აცივებას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობა იკლებს, ექსტრემალური ამინდის მოვლენების სიხშირე მხოლოდ იმატებს, ზაფხულში ყოველ წელს რეკორდული ტემპერატურები ფიქსირდება, ყინულის საფარი იკლებს და სეზონებიც უფრო მკაცრი და მკვეთრად გამოხატულია, ვიდრე ადრე.

პრეცესიამ ასე ინება და ჩვენ რას გავხდებით?

მესამე ფაქტორი პრეცესიაა — დედამიწის ბრუნვის ღერძის მიმართულების ცვლილება უძრავი ციური სხეულების მიმართ. დედამიწის ბრუნვის ღერძი, მზისა და მთვარის გრავიტაციული ძალის გავლენით, ნელი სიჩქარით შემოწერს კონუსს. ამ მოვლენას დაახლოებით 25 772 წლიანი პერიოდულობა ახასიათებს.

ღერძის პრეცესიის შედეგად სეზონებს შორის საკმაოდ მკვეთრი კონტრასტია. ამჟამად, პერიჰელიონს (ადგილი ორბიტაზე, სადაც დედამიწა ყველაზე მეტად უახლოვდება მზეს), პლანეტა მაშინ აღწევს, როდესაც ჩრდილო ნახევარსფეროში ზამთარია, სამხრეთში კი ზაფხული. შედეგად, სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხული შედარებით უფრო ცხელია, ვიდრე ადრე, ჩრდილო ნახევარსფეროში კი უფრო ზომიერი სეზონები დაიკვირვება. თუმცა, დაახლოებით 13 000 წელში პირობები შეიცვლება და ჩრდილო ნახევარსფეროზე მეტი მზის რადიაცია მოხვდება, სამხრეთზე კი უფრო ზომიერი სეზონები იქნება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ თანამედროვე ამინდის მოვლენები და კლიმატის ცვლილების ის ტემპი, რაც ბოლო საუკუნეში შეინიშნება, მილანკოვიჩის ციკლებით ვერ აიხსნება. ის, რომ გლობალური დათბობა ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ დაიწყო, დამთხვევა არ უნდა იყოს.

ზემოთ ჩამოთვლილი სამი ფაქტორი იმას განსაზღვრავს, თუ მზის გამოსხივების რა რაოდენობა აღწევს დედამიწის ზედაპირს. შესაბამისად, მათი ვარიაციების მიხედვით ძალიან ნელა იცვლება ენერგიის რაოდენობა, რასაც დედამიწა მზისგან შთანთქავს.

საიდან ვიცით, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანის საქმიანობას უკავშირდება

მეცნიერების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამჟამინდელი კლიმატის ცვლილებები, არა მზიდან მიღებულ რადიაციას, არამედ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის მატებას უკავშირდება. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ცალსახაა, რომ ნახშირორჟანგის, მეთანის თუ სხვა სათბურის აირები, პირველ რიგში, ადამიანის საქმიანობის, კერძოდ, წიაღისეული საწვავის წვის, გაუტყეურების, არამდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების თუ სხვა ქმედებების შედეგად გამოიყოფა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მილანკოვიჩის ციკლების ხანგრძლივობა ათობით ათასი წლიდან ასობით ათას წლამდე მერყეობს. ამასთან შედარებით, მიმდინარე დათბობა სულ რაღაც ათწლეულების წინ დაიწყო. ბოლო 150 წლის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა იმ რადიაციის რაოდენობა, რაც მზიდან დედამიწამდე აღწევს. მეტიც, NASA-ის ხელოვნური თანამგზავრების დაკვირვებები აჩვენებს, რომ გასულ 40 წელში აღნიშნული გარკვეულწილად შემცირდა კიდეც.

მილანკოვიჩის ციკლები უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც კლიმატზე შეუძლია გავლენის მოხდენა. გამყინვარების დროსაც კი, გასული რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, ტემპერატურის ფლუქტუაციებში მთავარ როლს ყინულის საფარი და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის დონე თამაშობდა. მაგალითად, ყინულის საფარის მასშტაბი განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის მზის სინათლე აირეკლება უკან კოსმოსში.

რაც შეეხება ნახშირორჟანგს, გასული გამყინვარების პერიოდის დროს, ამ აირის კონცენტრაცია ატმოსფეროში 180პპმ-დან (ჰაერის მილიონ მოლეკულაში 180 მოლეკულა ნახშირორჟანგია) 280პპმ-მდე მერყეობდა. ეს ცვლილება მილანკოვიჩის ციკლის გავლენით იყო გამოწვეული. თუმცა, აღნიშნული ციკლები ნახშირორჟანგის კონცენტრაციაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს.

გამყინვარების პერიოდებს შორის, როცა კლიმატი შედარებით თბილია, ოკეანე მეტი რაოდენობის ნახშირორჟანგს შთანთქავს, რაც ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციას ამცირებს. გამყინვარების პერიოდების დროს კი პირიქით ხდება, ოკეანე ნახშირორჟანგს გამოყოფს და ატმოსფეროში მისი კონცენტრაცია იზრდება. ვინაიდან ახლა გამყინვარებებს შორის პერიოდში ვცხოვრობთ, ამ სათბურის აირის დონე ჰაერში უნდა იკლებდეს.

აშკარაა, რომ მიმდინარე ცვლილები ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში სათბურის აირების პირდაპირი გაფრქვევითაა გამოწვეული. ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში 50%-ით გაიზარდა, 280 პპმდან დაახლოებით 417 პპმ-მდე.

CO2-ის უდიდესი ნაწილი, რაც ატმოსფეროში გამოიყოფა, ადამიანის საქმიანობას უკავშირდება. ეს იქიდან ვიცით, რომ წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გაფრქვეული ნახშირორჟანგი მკაფიო "კვალს" ტოვებს, რაც ინსტრუმენტებით ადვილად იზომება.

1850 წლიდან დღემდე, დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1.06° ცელსიუსით გაიზარდა. მეტიც, მიმდინარე სამეცნიერო შეფასებები აჩვენებს, რომ 2030 წლამდე ეს მაჩვენებელი 1.5°-მდე მოიმატებს.

ეს სწრაფი დათბობა იმ ნელი ცვლილებების პარალელურად ხდება, რასაც მილანკოვიჩის ციკლები იწვევს. კლიმატის მოდელების მიხედვით, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში, ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 350პპმ-ს სცდება, იგი ბევრად უფრო ძლიერ გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატზე, ვიდრე ბუნებრივ პროცესები, როგორიც მილანკოვიჩის ციკლებია. შეგახსენებთ, რომ გასული 50 წლის განმავლობაში ატმოსფეროში CO2-ის საშუალო დონე 100 პპმ-ით გაიზარდა და ყოველ წელს დამატებით ორი ნიშნულით იზრდება. ამჟამად ეს მაჩვენებელი 417.06 პპმ-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში დედამიწის მიერ შთანთქმული მზის რადიაციის რაოდენობა ოდნავ გაიზარდა. თუმცა, გლობალური დათბობა, რასაც პლანეტა 1850 წლიდან განიცდის, 50-ჯერ უფრო ძლიერია იმ დათბობასთან შედარებით, რაც აღნიშნულ ცვლილებებს შეიძლება იმავე დროის ინტერვალში გამოეწვია.

მიმდინარე დათბობა რომ მართლა მილანკოვიჩის ციკლების ამბავი იყოს, მაშინ უნდა იმატებდეს როგორც ტროპოსფეროს — ატმოსფეროს ხმელეთზედა ფენის, ასევე მის თავზე მდებარე სტრატოსფეროს ტემპერატურაც. ხელოვნური თანამგზავრების დაკვირვებებმა კი აჩვენა, რომ ტროპოსფერო თბება, სტრატოსფეროში კი აცივება შეინიშნება.

ბოლოს კი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დედამიწაზე ამჟამად ინტერგლაციალური, ანუ გამყინვარებებს შორის პერიოდია და რომ არა ანთროპოგენური გავლენა, ამჟამინდელი ორბიტალური მდებარეობების გათვალისწინებით, პლანეტაზე აცივების ის ტენდენცია უნდა გრძელდებოდეს, რაც 6 000 წლის წინ დაიწყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ