როგორ დავინახავთ ფერებს სხვა პლანეტებზე?
ადამიანის ტვინი სინათლის განსხვავებულ პირობებს მარტივად ეგუება. ეს შეფერილი სათვალის გაკეთებას ჰგავს: ჯერ ის შესამჩნევია, შემდეგ კი გარემოს ფერებს უკვე ჩვეულებრივ ვხედავთ. მსგავსი რამ ჩვენში ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივადაც ხდება, რადგან ხანდაზმული ადამიანების თვალის ბროლი ყვითლდება. ამის მიუხედავად, აღნიშნული ცვლილება ფერების აღქმას ხელს არ უშლის, რადგან სხვაობას ტვინი ასწორებს.
საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს ამ დავალებას ტვინი აბსოლუტურად უცხო გარემოში, რომელიც სხვა პლანეტებზეა?
"რომელი საშუალო ფერიც არ უნდა იყოს, საბოლოოდ ის ნაცრისფრად გამოჩნდება", — ამბობს ნევადის უნივერსიტეტის პროფესორი, მაიკლ ვებსტერი.
მისი კვლევის თანახმად, ზემოხსენებული მექანიზმი, დიდი ალბათობით, სხვა ციურ სხეულებზეც იმუშავებს. იმის მიხედვით, თუ რომელი ფერებია იქ დომინანტური, ასტრონავტების ტვინი მათ ნეიტრალურად აღიქვამს. მაგალითად, მარსი თავიდანვე წითლად სულაც არ გამოჩნდება, არამედ მოყავისფროდ ან მონაცრისფროდ. მისი ცა მოლურჯო იქნება, არა დედამიწის ცის მსგავსი, მაგრამ არც ისეთი ნარინჯისფერი, როგორსაც სურათებზე ვხედავთ.
რა თქმა უნდა, ყველა უცხო ცას ლურჯად არ დავინახავთ, რადგან ეს ატმოსფეროში შემომავალი სინათლის დომინანტურ ფერზეა დამოკიდებული, ლანდშაფტის ფერებთან მიმართებაში. ნარინჯისფრის საპირისპიროდ ლურჯი მიიჩნევა, ამიტომ დამკვირვებლისთვის მსგავსი ცივი ტონები უფრო თვალშისაცემი იქნება.
ჩვენი შინაგანი ფილტრი ინტენსივობაზეცაა დამოკიდებული. შეზღუდული ფერთა გამის მქონე პლანეტაზე ადამიანის ტვინი ჩრდილების მცირე ცვლილების მიმართაც კი უფრო მგრძნობიარე გახდება. დროთა განმავლობაში გახუნებულ ფერებს უფრო თვალნათლივ დაინახავთ და პირიქით. დედამიწაზე დაბრუნების შემთხვევაში, ეს მექანიზმი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება.
მეცნიერები ისეთ მოწყობილობაზეც მუშაობენ, რომელიც ამ ყველაფერს თავად გააკეთებს, ანუ გარემოს ფილტრში ავტომატურად გაატარებს, მაგრამ ის წყალქვეშა პირობებზეა გათვლილი და არა კოსმოსზე. მათ შექმნეს ალგორითმი Sea-thru, რომელიც წყალქვეშ გადაღებულ ვიდეოებსა და სურათებში ფერებს ისე ასწორებს, როგორც ხმელეთზე გამოჩნდებოდა.
მთავარი აქ სილურჯის კორექტირებაა, რადგან ის ხილული სინათლის სხვა ფერებს ფარავს. მნიშვნელოვანია ამგვარი ბუნებრივი რეზერვუარის შემადგენლობაც, რადგან ის დამზერად ფერებზე საგრძნობლად მოქმედებს. მაგალითად, 30 მეტრ სიღრმეზე წყალში ყველაფერი ყვითლად ჩანს, რადგან წითლის კომპენსირებას ვცდილობთ.
ეს გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, დაახლოებით როგორი იქნება მსგავსი პროცესი კოსმოსში.
კომენტარები