NASA-ს მარსზე ჰუმანოიდი რობოტების გაშვება სურს
კოსმოსში ასტრონავტებისთვის პოტენციურად საფრთხის შემცველი უამრავი წყაროა, მათ შორის ძლიერი რადიაცია და ექსტრემალური ტემპერატურა. იმისათვის, რომ მსგავსი საშიშროების რისკი შემცირდეს, NASA მთვარისა და მარსის მისიებში ჰუმანოიდი რობოტების ჩართვას განიხილავს.
ამ მიზნით აშშ-ის კოსმოსური სააგენტო სტარტაპ Apptronik-თან თანამშრომლობს. ადამიანის მაგვარი რობოტების გარდა, შესაძლოა, მეზობელ ციურ სხეულებზე დისტანციურად მართვადი სპეციალური დრონები და ე.წ. ავატარების ფუნქციის მქონე მოწყობილობებიც გაგზავნონ. ეს უკანასკნელი ასტრონავტებს დედამიწაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.
ამჟამად Apptronik-ის ჰუმანოიდ რობოტს პროტოტიპის სახე აქვს და მას Apollo ეწოდება. ის 1.7 მეტრი სიმაღლისაა, 72.5 კილოგრამს იწონის და 4-საათიანი ელემენტებით ფუნქციონირებს, რომლებიც მარტივად იცვლება.
Apollo-ს ეს პროტოტიპი დედამიწის პირობებზე და აქაურ აქტივობებზეა გათვლილი. მაგალითად, საწყობებსა და საწარმოებში დამხმარის ფუნქციის შესათავსებლად. სტარტაპი ისეთი რობოტების შექმნასაც გეგმავს, რომლებიც ხანდაზმულ ადამიანებს მოუვლიან ან სახლში მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ.
კოსმოსში მათ უფრო ძნელი დავალებების შესრულება მოუწევთ, როგორიცაა უსწორმასწორო ზედაპირის გადალახვა, ღრმულების დათვალიერება და ა.შ. სააგენტოს სურს, რომ ამგვარი რობოტი შეძლებისდაგვარად ავტომატურად ფუნქციონირებდეს, "ხელმარჯვე" იყოს და სხვადასხვა ხელსაწყოს იყენებდეს.
Apptronik-მა ახლახან რობოტის პროტოტიპის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი შესაძლებლობებია ნაჩვენები. კადრებში ვხედავთ, როგორ გადაადგილდება Apollo, როგორ გადააქვს ყუთები და სხვა ობიექტები საწყობში, ბოლოს კი დამშვიდობების ნიშნად თითებს ამოძრავებს.
თუ ეს რობოტი NASA-სთვის სასურველ ფორმას მიიღებს, ის შესაძლოა, მომავალში მთვარესა და მარსზე ვიხილოთ.
კომენტარები