ნახეთ: მთვარის სამხრეთ პოლუსი, სადაც 2025 წელს ასტრონავტები დაეშვებიან
გამოცემა National Geographic-მა, NASA-სთან თანამშრომლობით, მთვარის სამხრეთ პოლუსის ამსახველი შთამბეჭდავი მოზაიკური სურათი გამოაქვეყნა. ის აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი კამერებით გადაღებულ კადრებს აერთიანებს. მაღალი გარჩევადობის ფოტოზე აღბეჭდილია პოტენციური ადგილები, სადაც შესაძლოა, ასტრონავტები 2025 წელს, მისია Artemis 3-ის ფარგლებში დაეშვნენ.
აღნიშნული რეგიონის გასაოცარი გამოსახულება 2 კოსმოსური აპარატის კამერების მიერაა დაფიქსირებული. მათ შორისაა დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე განლაგებული ზონდის Lunar Reconnaissance Orbiter ხელსაწყო Lunar Reconnaissance Orbiter Camera. მეორე კამერა, სახელად ShadowCam, NASA-მ დააფინანსა. ის კორეის მიერ გაშვებულ ხომალდზე Korea Pathfinder Lunar Orbiter (იგივე Danuri) არის დამონტაჟებული და სინათლის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა.
"ამ გასაოცარ მოზაიკაში მთვარის სამხრეთ პოლუსთან მდებარე შეკლტონის კრატერის მუდმივ სიბნელეში არსებული შიდა არეალია ნაჩვენები. ის ShadowCam-მა გადაიღო, NASA-ს ხელსაწყომ, რომელიც მთვარის ზედაპირის დაჩრდილულ ადგილებზე დასაკვირვებლადაა შექმნილი. ის სამხრეთკორეულ ხომალდთან ერთად მთვარის გარშემო უკვე თითქმის ერთი წელია, მოძრაობს.
გარშემო არეალი Lunar Reconnaissance Orbiter Camera-მ გადაიღო. სურათზე Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების დაშვების 13 პოტენციური ადგილიდან 3 არის აღბეჭდილი", — წერს National Geographic ფოტოს აღწერაში.
იმავე გამოცემამ ტოპოგრაფიული რუკაც გამოაქვეყნა, სადაც ის არეალებია ნაჩვენები, სადაც შესაძლოა, ასტრონავტთა ხომალდი დაჯდეს:
უნდა ითქვას, რომ მთვარის ათვისებას მრავალი ქვეყანა ცდილობს, მათ შორის ინდოეთი, რომელმაც ახლახან იქ მისია Chandrayaan-3 წარმატებით განახორციელა. მან საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და ჩინეთის გვერდით დაიკავა ადგილი, რომლებმაც ამ ციურ სხეულზე აპარატები უსაფრთხოდ დასვეს.
მისგან განსხვავებით, კრახი განიხადა რუსეთის მთვარის მისიამ Luna-25, რომელიც ობიექტის ზედაპირს უკონტროლოდ შეეჯახა. ჩინეთი დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე ეკიპაჟის გაგზავნას 2030 წლისთვის გეგმავს, NASA კი 2025 წლისთვის. ეს ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იქ ადამიანთა გაშვების პირველი მცდელობა იქნება.
კომენტარები