ნახეთ: NASA-ს ზონდმა იუპიტერი და მისი ვულკანური თანამგზავრი გადაიღო
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა ჯუნომ მზის სისტემის უდიდესი პლანეტა და მისი თანამგზავრი გადაიღო. ეს აპარატმა 30 ივნისს შეძლო, როცა ვულკანურ ციურ სხეულ იოსთან ახლოს გადაადგილდებოდა. მომდევნო დღეს მან იუპიტერს ურმოცდამეცამეტეჯერ ჩაუარა.
შთამბეჭდავ სურათზე, რომელიც NASA-მ ახლახან გაასაჯაროვა, აირის გიგანტი პლანეტის ერთ ნახევარსფეროს ვხედავთ, რომლის ატმოსფეროშიც ღრუბლების ფერადი სარტყლები და შტორმები მოჩანს. მის გასწვრივ აღბეჭდილია იო, რომელიც ნახევრად დაჩრდილულია, თუმცა განათებულ მხარეს მოწითალო შეფერილობის ზედაპირია წარმოდგენილი.
ეს სურათი მოყვარულმა მეცნიერმა, ალან ველასკესმა, ზონდის კამერის JunoCa მონაცემების დამუშავების შედეგად მიიღო. მან ფოტოზე კონტრასტი გააუმჯობესა და ობიექტების ფერები გამოკვეთა. იო ჯუნომ დაახლოებით 51 770 კილომეტრი მანძილიდან დააფიქსირა, იუპიტერი კი 395 000 კილომეტრი დისტანციიდან.
იუპიტერის, ჩვენს მზის სისტემაში არსებული ყველაზე დიდი ზომის პლანეტის გარშემო 92 ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობს. აქედან მეხუთე სწორედ იოა, რომელიც მთვარეზე ოდნავ დიდია, დედამიწის კოსმოსურ სამეზობლოში კი ბუნებრივ თანამგზავრებს შორის სიდიდით მეოთხე ადგილზეა.
ის გალილეისეული თანამგზავრებიდან ერთ-ერთია — ასე ეწოდება იმ 4 ციურ სხეულს, რომელიც იუპიტერის მახლობლად გალილეო გალილეომ 1610 წელს აღმოაჩინა. იო ჩვენს სისტემაში ყველაზე ვულკანური ობიექტია, რადგან მის ზედაპირზე ასობით ასეთი წარმონაქმნია, რომლებიც მუდმივად იფრქვევა. ამოფრქვეული მატერია მრავალ კილომეტრ სიმაღლეზე ადის და ატმოსფერომდე აღწევს.
"2007 წლიდან მოყოლებულია, ჯუნო მეცნიერებს იოს ყველაზე ახლო გამოსახულებებით ამარაგებს. აპარატი თავისი სამეცნიერო ხელსაწყოებით დამატებით სურათებსა და მონაცემებს უფრო ახლოდან 2023 წლის მიწურულსა და 2024 წლის დასაწყისში მოიპოვებს", — აცხადებენ აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში.
ჯუნოს მიერ გადაღებული სურათების ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები