ბაქომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნები დაგმო, რასაც მოსკოვის კრიტიკა მოჰყვა
ბაქომ დაგმო რუსეთის "მოჩვენებითი არჩევნები", რომელიც 9 სექტემბერს დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში — რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ჩატარდა.
რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოების ასარჩევი არჩევნები ჩაატარა. ეს დაემთხვა მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტად სამველ შაჰრამანიანის არჩევას, რაც თავის მხრივ, უკრაინამაც დაგმო.
ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "აზერბაიჯანი [რუსეთის] ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ისეთივე პატივისცემით უნდა მოეპყროს, როგორსაც ჩვენი პარტნიორები ჩვენგან მოელიან".
"ვფიქრობ, ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა კარგად იციან ახალი რეგიონების ისტორია", — თქვა ზახაროვამ და დაამატა, რომ ბაქოს მიერ უკრაინაში რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების დაგმობა არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ალიანსის ბუნებას.
რუსეთი, რომელსაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში სამშვიდობო ძალები ჰყავს განლაგებული, კომენტარს არ აკეთებს მთიანი ყარაბაღის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
ბაქოს არ გაუცია პასუხი ზახაროვას განცხადებებისთვის. ბაქოში დაფუძნებული დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის, პოლიტიკური ანალიზის კავკასიური ცენტრის დირექტორმა, აჰმად ალილიმ OC Media-ს უთხრა, რომ აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, ნეიტრალური იქნება დიპლომატიურ კომენტარებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ურთიერთდამოკიდებული ხდება, რადგან აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა სომხეთთან, შესაძლოა, რუსეთისთვის გახსნას კომუნიკაცია და ტრანზიტული კავშირები თურქეთთან.
ალილიმ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდანვე აზერბაიჯანმა და უკრაინამ ერთმანეთს ორმხრივი დიპლომატიური მხარდაჭერა შესთავაზეს, რაზეც, მისი თქმით, რუსეთმა "იგნორირება არჩია".
"არ მიმაჩნია, რომ ეს წუხილი რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამინდელ ურთიერთობაზე სერიოზულია, ეს სხვა არაფერია, თუ არა სტანდარტული დიპლომატიური რეაქციები", — თქვა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები