დაღესტნელ ჟურნალისტს "ტერორიზმის დაფინანსებისთვის" 17 წელი მიუსაჯეს
რუსეთის სამხედრო სასამართლომ ყოფილ რედაქტორსა და ჟურნალისტს, აბდულმუმინ გაჯიევს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრალდებით, რომელზეც უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.
გაჯიევი დამნაშავედ ცნეს ტერორისტული და ექსტრემისტული თემის საქმიანობაში ჩართულობასა და დაფინანსების ორგანიზებაში. ჟურნალისტი ბრალდებებს უარყოფს.
ის 2019 წელს დააკავეს, როდესაც დაღესტანში დამოუკიდებელ გამოცემა ჩერნოვიკში რედაქტორად და ჟურნალისტად მუშაობდა.
გაჯიევი გაზეთის რელიგიის განყოფილების რედაქტორი იყო და იმ დროს ბრალი ედებოდა იმ ორგანიზაციებისთვის თანხების გადაცემაში, რომლებიც ისლამურ ექსტრემიზმს ავრცელებდნენ. დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ გაჯიევს ახალი ბრალდება წარუდგინეს "ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაზე".
ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ ტელეგრამის არხის Sapa Kavkaz-ის ცნობით, სასამართლოში ჟურნალისტის მხარდასაჭერად დაახლოებით 30 ადამიანი მივიდა. მათივე ინფორმაციით, გაჯიევს მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ და რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა.
რუსეთის ადამიანის უფლებათა წამყვანმა ცენტრმა მემორიალმა ჰაჯიევი პოლიტპატიმარად გამოაცხადა, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა კი მას სინდისის პატიმარი უწოდა. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი გაჯიევის გათავისუფლებას ითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ გაჯიევი დამნაშავედ ცნო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელ აბუბაკარ რიზვანოვთან და პროგრამისტ ქემალ ტამბიევთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციებისთვის 800 000 დოლარზე მეტის შეგროვებასა და გაგზავნაში.
ჩერნოვიკის განცხადებით, გაჯიევი დააკავეს "არასასიამოვნო კითხვების გამო, რომლებიც გამოცემამ მთავრობის წარმომადგენლებს და უსაფრთხოების ძალებს დაუსვა.
გამოძიების დროს არაერთმა მოწმემ განაცხადა, რომ მათ არ მიუციათ ჩვენებები, რომლებიც მათ მაიწერეს. სხვები კი აცხადებდნენ, რომ უშიშროებიდან ემუქრებოდნენ. ზოგიერთმა უარი თქვა ადვოკატთა კითხვებზე პასუხის გაცემაზე მეხსიერების და თავთან დაკავშირებული პრობლემების მოტივით.
Sapa Kavkaz-ის ცნობით, გაჯიევმა სასამართლოში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედი არ ჰქონდა, განაჩენის გასაჩივრებას აპირებდა.
"ჩვენი პრაქტიკიდან და სასჯელებიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ, მაქსიმუმ ერთი წლით შეამცირებენ სასჯელს. თუმცა, რაც შეეხება საკასაციო საჩივრებს, არის მაგალითები, როცა ისინი ასწორებენ სერიოზულ შეცდომებს", — განაცხადა გაჯიევმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორმა გაჯიევისა და სხვა ბრალდებულებისთვის 19 წელი მოითხოვა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები