ჰომო საპიენსის მიერ მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრესია. ამან სამუდამოდ შეცვალა მომთაბარე მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების წესი, რომელსაც ადამიანები აქამდე მისდევდნენ. უძველესი წინაპრების მიერ დამკვიდრებული მეურნეობის ეს პრაქტიკა დღესაც მნიშვნელოვანია. დღეს სოფლის მეურნეობა მთელს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს კვებავს.

მეურნეობამ სოფლების ჩამოყალიბება გამოიწვია. ასე გაჩნდა სპეციალიზებული შრომა და ბოლოს ტექნოლოგიებიც გამოჩნდა.

მაგრამ როდის დაიწყო მეურნეობა? და რატომ?

ნოყიერი ნახევარმთვარე

მეურნეობის ადრეული მტკიცებულება ნოყიერი ნახევარმთვარის რეგიონზე მოდის. ეს ნახევარმთვარის ფორმის რეგიონია შუა აღმოსავლეთში. ტერიტორია ერაყს, სირიასა და ისრაელს მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა შედარებით მშრალია, რეგიონი ოდესღაც კარგად იყო მორწყული. უძველესი მეურნეობის პირველი კვალი ჩრდილოეთ სირიაში, თელ აბუ ჰურეირაში აღმოაჩინეს. აქ 11 700 წლის წინ სოფელი იყო, რომელიც ევფრატის სანაპიროზე იყო გაშლილი.

მეცნიერებმა ჭვავის ნიშნებს მიაგნეს. აღმოჩენის მიხედვით, ადამიანები ამ დროს ჭვავს ფქვავდნენ.

ანთროპოლოგმა და არქეოლოგმა მელინდა ზედერმა LiveScience-ს განუცხადა, რომ მეურნეობა ეტაპობრივად განვითარდა: ადამიანები ნადირობისა და შეგროვების პარალელურად მცენარეებს ამუშავებდნენ. ნელ-ნელა ადამიანები მცენარეებზე სულ უფრო დამოკიდებულნი გახდნენ. და აი ასე, ეტაპობრივად, ადამიანები სოფლებში დასახლდნენ და მიწათმოქმედება დაიწყეს.

"ამ პროცესს 1 000 წელი დასჭირდა და უკვე ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ის, რასაც სოფლის მეურნეობას ვუწოდებთ. საუბარია ისეთ ცხოვრების სტილზე, როდესაც ადამიანები თავიანთი პროდუქტიული შრომის უმეტეს ნაწილს შინაური ცხოველებისა და მცენარეების მოშენებას უთმობენ", — თქვა მელინდამ.

ცხოველები

მეურნეობის განვითარების შემდეგ, ნელ-ნელა შინაური ცხოველები ჩნდება. ცხვარი, თხა და ღორი სოფლის მეურნეობის ნაწილი გახდა.

მელინდას თქმით, ნოყიერ ნახევარმთვარეში მოშინაურებული თხები და ცხვრები პირველად 10 500 წლის წინ გამოჩდნენ. არც თუ ისე შორს, ანატოლიაში (თანამედროვე თურქეთი), ცხოველების მოშინაურება სამ ძირითად ფაზად დაიყო. დაახლოებით 8 400 წლის წინ ველური ბატკნების დაჭერა დაიწყეს. ამ პერიოდში ადამიანები ზრდიდნენ ბატკნებს და ჭამდნენ. უკვე მეორე ფაზაში ცხოველების მოშინაურება ჩანს. რაც შეეხება, მესამე ფაზას, აქ ფართომასშტაბიან მეცხოველეობასთან გვაქვს საქმე.

"ეს პროცესი მცენარეების მოშინაურებას ჰგავდა. იყო გარემო და შესაბამისი ცხოველები. ადამიანებმა ის ამოარჩიეს რაც უკეთესი მოსაშინაურებელი იყო", — აღნიშნა მელინდამ.

ფერმერობამდე

ფოტო: Arterra / Contributor / Getty Images

უგო ოლივეირას, პორტუგალიის ალგარვეს უნივერსიტეტის გენეტიკოსის თქმით, მიწათმოქმედების განვითარებამდე ადამიანებს მცენარეებთან მხოლოდ სეზონური კვეთა ჰქონდათ.

ამის მაგალითია 10 000 წლის წინანდელი დასახლება გერმანიაში, სადაც ხალხი ყოველ შემოდგომაზე თხილის მოსავლის ასაღებად იკრიბებოდა. ეს ხდებოდა ათასობით წლით ადრე, სანამ ევროპაში ანატოლიიდან მიწათმოქმედება შემოვიდოდა.

"ოდესღაც მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ მიაწათმოქმედება ნოყიერი ნახევართვარის ტერიტორიაზე დაიწყო და აქედან მეზობელ რეგიონებში გავრცელდა. თუმცა, ახლა ესე აღარ გვგონია. მიგვაჩნია, რომ მეურნეობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა რეგიონებში განვითარდა. მაგალითად, დასავლეთ აზიაში დაახლოებით 11 700 წლის წინ, აღმოსავლეთ აზიაში 9 000 წლის წინ და ამერიკაში 10 000 წლის წინ", — თქვა ოლივეირამ.

მიწათმოქმედება დაიწყო ორი ძირითადი მცენარით — პირველი მარცვლეულით, როგორიცაა ხორბალი ან სიმინდი და მეორე პარკოსანით, როგორიცაა ლობიო და სოიო.

"მარცვლეული გაძლევთ ნახშირწყლებს, პარკოსნები კი ცილებს", — აღნიშნა ოლივეირამ.

მელინდას თქმით, გაუგებარია, რატომ დაიწყო მეურნეობა მაშინ, როცა ის დაიწყო და არა უფრო ადრეულ ეპოქაში.

და მაინც, როგორც ჩანს, მიწათმოქმედება ადრეულ ჰოლოცენში გაჩნდა, დაახლოებით 12 000 წლის წინ. ეს ბოლო გამყინვარების დასასრულს ემთხვევა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ გარემო პირობებს ამ ყველაფრისთვის ხელი უნდა შეეწყო. მათ შორის, ადამიანების პოპულაციის ზრდასა და შესაბამის კლიმატს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.