საამიროების კოსმოსური ზონდის Hope მონაცემებით მარსის რუკა შეიქმნა
დედამიწის რუკა ჩვენი პლანეტის ზედაპირის ვიზუალური რეპრეზენტაციაა, რომელიც ნავიგაციაში, გეოგრაფიული წარმონაქმნების შესწავლაში, ცვლილებების გამოვლენასა თუ სამეცნიერო კვლევებში გვეხმარება. იქიდან გამომდინარე, რომ კაცობრიობა ნელ-ნელა კოსმოსს ითვისებს, სხვა ციური სხეულების რუკების შედგენაც მნიშვნელოვანია, მაგალითად, მარსის.
აბუ დაბიში მდებარე ნიუ იორკის უნივერსიტეტში (NYUAD) მომუშავე მეცნიერებმა სწორედ მარსის ატლასი შექმნეს. ამისთვის მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიის Hope ფარგლებში შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. ეს კოსმოსური ზონდი წითელი პლანეტის გარშემო 2021 წლიდან მოყოლებულია, გადაადგილდება და ქვეყნის პირველი პლანეტათაშორისი მისიაა.
მარსის ფერადი რუკა მაღალი გარჩევადობის მქონე დაახლოებით 3 000 სურათისგან შედგება, რომელიც აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ Emirates Exploration Imager (EXI) ორბიტიდან გადაიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ რუკის წყალობით ციურ სხეულზე ადამიანთა დასაშვებად ლანდშაფტის, კლიმატისა თუ რესურსების მხრივ საუკეთესო ადგილები გამოვლინდება.
ახალი ატლასი NASA-ს პროგრამა Mars 24-შიც ინტეგრირდა, რომელიც მარსზე დროის მსვლელობის რეპრეზენტაციისთვის მრავალ რუკასა და ინფორმაციის წყაროს აერთიანებს. ის შეიტანეს მონაცემთა ბაზა JMARS-შიც.
უნდა ითქვას, რომ იმავე მეცნიერებმა წლის დასაწყისში მარსის სხვა რუკაც წარადგინეს, რომელიც პლანეტის ყველაზე სახასიათო წარმონაქმნებს მოიცავს. ასეთია პოლარული ყინულოვანი საფარი, მთები, ვულკანები, კრატერები და ა.შ.
აპრილში მარსის ინტერაქტიური რუკა გაგვიზიარეს Caltech-ის მეცნიერებმაც. მათ ზონდ Reconnaissance-ის (MRO) მიერ ციური სხეულის ორბიტიდან გადაღებული 110 000 სურათი გამოიყენეს. ეს კადრები აპარატზე დამონტაჟებულმა შავ-თეთრმა კამერამ Context Camera (CTX) აღბეჭდა.
ყოველი პიქსელი პლანეტის 25 კვადრატულ მეტრ ფართობს შეესაბამება, საერთო ჯამში კი ის 5.6 ტრილიონ პიქსელს აერთიანებს. მოზაიკური რუკის შექმნას ავტორებმა 6 წელი მოანდომეს.
ასტრონომები მარსს უკვე მრავალი წელია, იკვლევენ, თუმცა მისი რუკების სისტემური შედგენა XIX საუკუნეში დაიწყო. პირველი ნიმუში გერმანიაში, ვილჰელმ ბერისა და იოჰან მედლერის მიერ 1840 წელს შეიქმნა. 1877-ში კი იტალიელმა ჯოვანი სკიაპარელიმ სხვადასხვა წარმონაქმნი უფრო დეტალურად წარმოგვიდგინა.
1960-70-იან წლებში NASA-ს Mariner-ის მისიების ფარგლებში მარსის ზედაპირის ახლო გამოსახულებები მოვიპოვეთ და მისი ლანდშაფტის შესახებ ბევრად მეტი შევიტყვეთ. ამან უფრო ზუსტი, სამგანზომილებიანი რუკების შედგენის საშუალება მიგვცა.
კომენტარები