ჩინეთში მუშაობენ იარაღზე, რომელსაც ობიექტების დისტანციურად გადაადგილება შეუძლია
ვისაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმები და სერიალები იზიდავს, "ვარსკვლავურ ომებში" ჯედაების შესაძლებლობის შესახებაც ეცოდინება, რაც ფიზიკური კონტაქტის გარეშე ობიექტების გადაადგილებას გულისხმობს. ჩინელი მეცნიერები სწორედ მსგავს იარაღზე მუშაობენ, რომელიც საგნების ადგილმდებარეობის დისტანციურად შესაცვლელად პლაზმის რგოლებს იყენებს.
როგორც ცნობილია, მისი სამიზნე დედამიწის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები და სხვა ობიექტები იქნება. ეს ნიშნავს, რომ იარაღს მათზე მანიპულაციისთვის გამოიყენებენ, რისთვისაც მაგნიტურ ძალებზე უნდა იმოქმედონ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზემოხსენებული მოწყობილობის მოქმედების დიაპაზონი 1 კილომეტრამდე მანძილია და ობიექტების გადაადგილება აქტივაციიდან სულ რამდენიმე წუთში შეუძლია. მათ შორისაა მცირე ზომის ხელოვნური თანამგზავრები, რომლებსაც არა მხოლოდ შორს უბიძგებს, არამედ თავისკენაც მიიზიდავს.
"პროტოტიპის დიზაინსა და ექსპერიმენტულ გამოცდაზე ვმუშაობთ", — აცხადებენ მეცნიერები.
მოწყობილობის მთავარი კომპონენტი მაგნეტიზებული კოაქსიალური იარაღია. ის მაღალენერგიულ აირს წარმოქმნის, რომელიც ცხელია და ელექტრონებითაა სავსე. შედეგად მიიღება პლაზმის რგოლები, რომლებიც დამუხტულ ნაწილაკებს შეიცავს. მათი მეშვეობით მაგნიტური ველი ყალიბდება, ამ უკანასკნელს კი პლაზმაში დენი შეჰყავს. საბოლოოდ მიიღება მაგნიტური ველი, რომელიც პირველად მაგნიტურ ველს უპირისპირდება.
ეს პროცესი იქამდე გრძელდება, სანამ მაგნიტური ველების ხაზები პლაზმაში არ "გაიყინება", რაც მაგნიტური ძალის რგოლიდან მოშორებით მიმართვის საშუალებას იძლევა. მკვლევრები ამბობენ, რომ პროტოტიპი წამში 8 ასეთი რგოლის სროლას შეძლებს, მათი სიჩქარე კი წამში 10 000 მეტრი იქნება.
როდესაც პლაზმა სამიზნე ობიექტამდე მიაღწევს, მაგნიტური ველი მათ მოძრაობაზე იქონიებს გავლენას. მკვლევრები ამბობენ, რომ კოსმოსში მსგავსი მეთოდი ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე მექანიკური მოწყობილობების გამოყენება, რადგან ეს შეჯახებებისა და თუ სხვა ხარვეზების რისკს აგვაცილებს თავიდან.
მართალია, ამ იარაღს ჩინეთის სამხედრო ინდუსტრიასთან აქვს კავშირი, თუმცა ის არასამხედრო მისიებზეა ორიენტირებული.
კომენტარები