ნახეთ: პირველმა ინდურმა მზის ტელესკოპმა დედამიწა და მთვარე გადაიღო
ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) 2 სექტემბერს, თბილისის დროით 10:20 საათზე, ქვეყნისთვის მზის შემსწავლელი პირველი მისია წარმატებით გაუშვა. აფრენიდან დაახლოებით 63 წუთში რაკეტამ Polar Satellite Launch Vehicle ზონდი Aditya-L1 დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიტანა, სადაც ის ამჟამადაა განლაგებული.
მასზე დამონტაჟებულმა კამერამ 4 სექტემბერს აპარატის ნაწილი და დედამიწა-მთვარის სისტემა გადაიღო. სააგენტომ ეს სურათები ვიდეოში გააერთიანა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
კადრებში ჩვენი პლანეტის ერთი ნახევარსფერო არასრულად ჩანს, რადგან გარკვეულწილად ჩრდილშია მოქცეული. მის გვერდით, შავ ფონზე, პატარა წერტილს ვხედავთ, რომელიც ჩვენი მშობლიური ციური სხეულის ერთადერთი თანამგზავრია.
ამ ეტაპზე Aditya-L1 შემოწმებას გადის. როგორც კი დარწმუნდებიან, რომ მისი ხელსაწყოები მწყობრშია, ის ტრაექტორიას შეიცვლის და ჩვენგან 1.5 მილიონი კილომეტრით დაშორებული ლაგრანჟის წერტილისკენ (L1) დაიძვრება. ამ რეგიონიდან ის მზეს შეუფერხებლად დააკვირდება.
"L1-ის მიმდებარე ჰალო-ორბიტაზე განთავსებული ზონდი მზეზე მუდმივად, დაბნელებებისა და დაჩრდილვის გარეშე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. ეს დიდი უპირატესობაა მზის აქტივობისა და კოსმოსის ამინდზე მისი გავლენის რეალურ დროში შესასწავლად", — აცხადებენ ISRO-ში.
ჩვენი ვარსკვლავის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, რატომაა მისი ატმოსფეროს ზედა შრე, გვირგვინი, ზედაპირზე ბევრად ცხელი, რა მექანიზმი უწყობს ხელს კორონალური მასის (პლაზმის) ამოფრქვევებს ან როგორ ჩქარდება ეს ნაკადები მნათობის დისკოსთან ახლოს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ Aditya-L1 ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.
ის სამეცნიერო ინსტრუმენტითაა აღჭურვილი, რომელთაგანაც 4 მზეზე პირდაპირ დასაკვირვებლადაა განკუთვნილი. მათ შორისაა 2 რენტგენული სპექტრომეტრი, რომლებითაც მზის ამოფრქვევების მახასიათებლებს შეისწავლიან. კორონოგრაფი მნათობს უწყვეტად გადაიღებს, რათა ამოფრქვევების ფორმირების პროცესი დააფიქსიროს, მეოთხე ხელსაწყო კი რადიაციას გაზომავს. დანარჩენი 3 ინსტრუმენტიდან 2-ის დანიშნულება მზის ქარის გამოკვლევაა, ხოლო მესამე მაგნიტომეტრია, რომელიც ლაგრანჟის წერტილში მაგნიტურ ველს გაზომავს.
ამ ობსერვატორიაზე სპეციალისტები 15 წელი მუშაობდნენ. მისი შექმნა კი 3.8 მილიარდი რუპია დაჯდა, რაც 45 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტურია.
კომენტარები