Chandrayaan-3 მისიის დამშვებმა მთვარეზე "მოძრაობა" დააფიქსირა — სეისმური აქტივობა?
ინდოეთის Chandrayaan-3 მისიის ფარგლებში მთვარეზე პირველი სეისმური მონაცემები ჩაიწერეს. ასეთი რამ 1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. თუ დადასტურდება, რომ ეს მართლაც ბუნებრივი სეისმური მონაცემებია, შესაძლოა, მთვარის შინაგანი სტრუქტურის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ.
ვიბრაციები Vikram დამშვებზე არსებულმა ILSA-მ ჩაიწერა, მთვარის სეისმური აქტივობისათვის განკუთვნილმა ინსტრუმენტმა.
ეს პირველი ინსტრუმენტია მთვარეზე, რომელიც მიკროელექტრომექანიკური სისტემების (MEMS) სახელით ცნობილ ტექნოლოგიას იყენებს. მან შეძლო და ის სეისმური ვიბრაციები ჩაიწერა, რომლებსაც მთვარის ზედაპირზე Pragyan მავალის მოძრაობა წარმოქმნიდა.
დაფიქსირდა სიგნალებიც, რომლებიც, შესაძლოა, ბუნებრივ მოვლენაზე მეტყველებდეს, თუნდაც სეისმურ რხევებზე ან ბიძგებზე.
ILSA-ს მთავარი მიზანია, ბუნებრივი რხევების, ბიძგებისა და ხელოვნური მოვლენებისაგან წარმოქმნილი ვიბრაციები გაზომოს ზედაპირზე. სქემაზე მავალის ნავიგაციისას, 2023 წლის 25 აგვისტოს, ჩაწერილი ვიბრაციებია ასახული", — ვკითხულობთ ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის (ISRO) განცხადებაში — "ამას გარდა, გამოხატულია ერთი შეხედვით ბუნებრივი მოვლენაც, რომელიც 2023 წლის 26 აგვისტოს იქნა ჩაწერილი. ამჟამად ამ მოვლენის წარმომავლობას ვიძიებთ".
ეს განსაკუთრებით ამაღელვებელია იმის გათვალისწინებით, რომ მთვარის ყველაზე სრულყოფილი სეისმური მონაცემები, რაც კი აქამდე გვქონია, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მოიპოვეს Apollo პროგრამის ფარგლებში.
მთვარის შინაგანი სტრუქტურის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ამიტომ მკვლევრები რახანია ცდილობენ დამატებითი მონაცემების მოძიებას. ახლახან ჩაწერილმა სეისმურმა მონაცემებმა ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს.
ISRO მთვარეზე სულ რაღაც ორი კვირის წინ დაჯდა, თუმცა უკვე არაერთი საინტერესო სამეცნიერო დაკვირვება შემოგვთავაზა.
იხილეთ: ინდოეთის მავალი მუშაობას იწყებს — რა ვიცით Chandrayaan-3-ზე
ამჟამად Vikram და Praygan ძილის რეჟიმშია გადაყვანილი, რადგან მთვარეზე ღამეა (ეს დაახლოებით 14 დღე გრძელდება). მავალიც და დამშვებიც მზის ენერგიაზე მუშაობს. შესაბამისად, ღამით მათ "სძინავთ", როდესაც ბატარეები არ იტენება.
იხილეთ: Chandrayaan-3 მისიის მავალი და დასაშვები მოდული ძილის რეჟიმში გადაიყვანეს
Vikram-ისა და Praygan-ის "გამოღვიძება" 22 სექტემბერს იგეგმება. შესაბამისად, მთვარის იდუმალი სამხრეთ პოლუსის კვლევაც ამ დროს გაგრძელდება.
კომენტარები