მას შემდეგ, რაც 2023 წლის 29 მაისს ყოველდღიური პროტესტი დაიწყო, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის წინ რეგულარულად მიდიოდას.

42 წლის გრიგორიადისი ნაკერებით გვესაუბრება, რადგან 20 ივნისს პირი და ერთი თვალი ამოიკერა. ეს მას გაფიცულმა მაღაროელებმა შთააგონეს, რომლებსაც მისი აზრით, დამსაქმებელთან სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდათ.

მისი თქმით, პირისა და თვალის ამოკერვა იყო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ "ჩემთან თამაში ცოტა რთულია".

"საშინელებაა. როცა ტუჩები ასეა ამოკერილი, იწყებს შეხორცებას და მერე, როცა პირს ხსნი, იხევა. ეს ყოველ დილით ხდება", — ამბობს ის. ის ბევრ სითხეს იღებს, მაგალითად, იოგურტს, მაგრამ ამბობს, რომ თავს ძალიან სუსტად გრძნობს და 30 კილოგრამზე მეტი დაიკლო.

გრიგორიადისმა აშკარად დაიკლო მას შემდეგ, რაც პროტესტი დაიწყო

ფოტო: Shota Kincha/Mariam Nikuradze/OC Media

2023 წლის 29 მარტს ლაზარეს დაპატიმრების შემდეგ მამამისი, დიდი თუ მცირე მასშტაბის, მთავრობის საწინააღმდეგო ბევრ აქციას დაესწრო.

ბექას, რომელიც ყოველთვის მზადაა ისაუბროს საკუთარ გეგმებზე, პროტესტზე, თავის შვილზე, არაერთხელ, ღიად უსაუბრია ჩვენთან.

ის ყოველ დღე, 20:00 საათზე მიდის პარლამენტთან ლაზარეს პოსტერებით. იქ ზის, ძირითადად, ჩუმად. ზოგჯერ თან აქვს პატარა დინამიკი, რომლითაც უსმენს ევროკავშირის, საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს, ასევე, უკრაინულ და ქართულ სიმღერებს.

ხშირად თან ახლავს მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი — მისი ძმა, ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც უცხოური გავლენის აგენტების კანონის წინააღმდეგ იბრძოდნენ და სხვები, რომლებიც დროდადრო მოდიან, რომ ჰკითხონ, როგორ არის და მხარდაჭერა გამოხატო.

ის მუდმივად არის ახლომახლო მყოფი ათობით პოლიციელის ყურადღების ქვეშ.

ლაზარე გრიგორიადისი ბრალდებულია უცხოური გავლენის აგენტების საწინააღმდეგო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლაში და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ფოტო: Courtesy photo

უფლებადამცველი აცხადებდნენ, რომ მიღების შემთხვევაში, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი გამოყენებული იქნებოდა საქართველოში მედიის თავისუფლების ჩასახშობად

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ბექას სწრაფვას, რომ შვილის გათავისუფლება შეძლოს, თან სამართლიანი ბრაზი ახლავს. პროტესტის სამი თვის შემდეგ, ამოკერილი პირითა და თვალით, მისი ბრაზი დღითიდღე იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, მთავრობას მიმართავს, ის ასევე გაბრაზებულია იმ ადგილობრივ უფლებადამცველ ჯგუფებსა და ათიათასობით ადამიანზე, ვინც იბრძოდა აგენტების კანონის წინააღმდეგ და ახლა, მისი აზრით, უღალატეს და მიატოვეს ლაზარე.

"ეს ყველაფერი პოლიტიკაა"

ბექა გრიგორიადისი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობდა, ახლა სამშენებლო კომპანიას მართავს. "ამჟამად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ავტობუსის გაჩერებებზე სარეკლამო დაფების 80% ჩემი ხალხის მიერ არის დამონტაჟებული", — ამბობს ამაყად.

მაგრამ სამშენებლო ინდუსტრიაში ყოფნა ყოველთვის მისი სურვილი არ ყოფილა. 2016 წელს, მას სურდა, დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად ეყარა კენჭი.

"მათ [მმართველმა პარტიამ] არ მომცეს ამის ნება, ძალიან ცუდად მომექცნენ", — ამბობს ის და ამატებს, რომ სახელისუფლებო პირებმა ნარკოტიკი ჩაუდეს. ის დააკავეს და 2-წლიანი პირობითი სასჯელი მიიღო, ასევე, 5 წლით აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა.

მაგრამ მისი პოლიტიკური აქტივიზმი ამით არ დასრულებულა. მცირე დროის განმავლობაში მუშაობდა გიორგი ვაშაძესთან, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრთან, რომელმაც 2016 წელს საკუთარი პარტია დააფუძნა.

"გიორგის კარგი იდეები ჰქონდა, ახალი სახეები შემოიყვანა, ახალგაზრდები, ძალიან მაგარი პროექტები ჰქონდა", — იხსენებს ბექა, — მაგრამ შემდეგ გიორგიმ სხვა პოლიტიკოსებთან ალიანსების შექმნა გადაწყვიტა, რაც არ მომეწონა და წავედი".

ამის მიუხედავად, კვლავ პოლიტიკურად აქტიური დარჩა.

"ოპოზიციური პარტიების მიერ დაორგანიზებულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე ვყოფილვარ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია იყო, ყველა აქციაზე მივდიოდი, სადაც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ".

ბექა ამბობს, რომ მისი შვილი ლაზარეც ასევე დაინტერესებული იყო პოლიტიკით, რამდენიმე საპროტესტო აქციას ორივე ერთად დაესწრო.

"როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს", — ამბობს ბექა, — "ქვეყნის სოციალური მდგომარეობა — ეს ყველაფერი პოლიტიკაა. თუ გინდა იცხოვრო ისე, როგორც გინდა, უნდა იყო დაინტერესებული პოლიტიკით".

ბექა ამბობს, რომ აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო მარტის აქციებს ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო და მოუწია, შორიდან ედევნებინა თვალი.

განმარტავს, რომ მისი ვაჟი სამართლიანობის გრძნობით მოქმედებდა.

"როდესაც ადამიანებს ერჩოდნენ, მას ყოველთვის ჰქონდა სურვილი გამოსულიყო [გასაპროტესტებლად] და დახმარებოდა ამ ახალგაზრდებს".

იხსენებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ორივე იყვნენ იმ ათასობით მომიტინგეთა შორის, რომლებიც მარშით წავიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ პოლიციამ მომიტინგეთა დასარბევად წყლის ჭავლი გამოიყენა

"როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ დარბევა დაიწყო, რობოკოპებს უნდოდათ ერთი გოგოს დაპატიმრება, ის [ლაზარე] გამოესარჩლა; გოგოს დახმარება სურდა და სანაცვლოდ, თვითონ დააკავეს. ჯარიმის სანაცვლოდ არ გამოუშვეს, 5 დღით დააკავეს".

იხსენებს, რომ პირველი შემთხვევა, როცა ლაზარემ აქციაზე წასვლის სურვილი გამოთქვა, 2019 წლის 20 ივნისი იყო, ცნობილი, როგორც გავრილოვის ღამე.

"როდესაც ხალხის დარბევა დაიწყეს, მე უკვე წასული ვიყავი", — იხსენებს ბექა.

"სახლში რომ მივედი, მეუღლესთან ერთად პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, როგორ დასდევდნენ ხალხს სხვადასხვა ეზოში. შემდეგ ოპერის წინ ლაზარე დავინახე, ისინი [სპეცრაზმი] ისროდნენ და მათ წინ ჩემი შვილი იდგა".

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მოწვევამ და საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლამ თბილისში აღშფოთება გამოიწვია

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

"ვაიმე, გული გამისკდა. ვიფიქრე წავსულიყავი, მაგრამ გზა ჩაკეტილი იქნებოდა. ლაზარეს დავურეკე, ვუთხარი ტაქსი გამოეძახებინა და წამოსულიყო, რომ შეიძლება დაეკავებინათ. მან მითხრა არასრულწლოვანი ვარო — მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო".

საბოლოოდ, ლაზარემ დაუჯერა და ბაბუასთან სახლში წავიდა.

"საქართველო არ არის მზად ასეთი ვიზუალისთვის"

მიუხედავად ბექას დაუღალავი და შეუჩერებელი კამპანიისა შვილის გათავისუფლებისთვის, არსებობს ჭორები, რომ მათ ცუდი ურთიერთობა აქვთ.

მაგრამ ბექა ამტკიცებს, რომ მიუხედავად წლების განმავლობაში არსებული პატარ-პატარა უთანხმოებებისა, მათ ახლო ურთიერთობა აქვთ. "ყველაფერი გავაკეთე ბავშვისთვის, რაც შემეძლო", — ამბობს ის.

მისივე თქმით, 14-16 წლის ასაკში ლაზარე ცუდ ხალხში მოხვდა, რამაც ოჯახში დაძაბულობა გამოიწვია.

"შემდეგ, ერთ დღეს გამოჩნდა მწვანე თვალებით, მწვანე თმით და მწვანე წარბებით. გვითხრა: "არ მოგწონდით ისეთი, ხოდა ასეთი მიმიღეთო".

"შეგვისრულა ყველას", — ამბობს სიცილით.

"ლამის გულის შეტევა დამემართა, როცა დავინახე რა უქნა თვალებს, მაგრამ რა მექნა", — ამატებს ბექა და მიუთითებს ლაზარეს სახის განსაკუთრებულ ტატუზე, რომელიც წამწამებს წააგავს.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი კონცერტი. ლაზარეს სახის განსხვავებული ტატუ გამოიყენეს როგორც მასზე თავდასხმისთვის, ასე მის მხარდასაჭერად

ფოტო: Shota Kincha/OC Media

როგორც ბექა ამბობს, წუხდა იმაზე, რომ "საქართველო არ იყო მზად ასეთი ვიზუალისთვის".

"ზოგიერთი რადიკალური ჯგუფი ხელკეტებით ტრიალებს ქუჩაში და მე ვიცნობ ჩემს შვილს: თუ ვინმე რამეს ეტყვის, არ მოითმენს. არ არის ასეთი, მამაცი კაცია".

ბექას ასეთი წუხილი, როგორ ჩანს, საფუძვლიანი იყო. დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები და პრო-სამთავრობო მედია ყურადღებას ამახვილებდა ლაზარეს გარეგნობაზე, დისკრედიტაციას ჰომოფობიური კომენტარებით ცდილობდნენ — "არეული ორიენტაციის" შესახებ.

მართლაც, ბექა ფიქრობს, რომ მისი შვილი დაპატიმრების სამიზნე, პირველ რიგში, გარეგნობის გამო გახდა.

არავითარი სამართალი

ის, რაც ბექას ყოველდღიური პროტესტისკენ უბიძგებს, არის უსამართლობის განცდა იმის გამო, როგორც ექცევა ხელისუფლება მის შვილს.

იხსენებს 29 მარტის ღამეს ლაზარეს დაპატიმრებას. 20 დღე იყო გასული აგენტების შესახებ კანონის საპროტესტო აქციებიდან და ამ შუალედში ლაზარე 21 წლის გახდა.

იმ ღამეს მეგობრის სახლში რჩებოდა.

"თითქმის მთელი ღამე გავიდა და 10 საათის განმავლობაში არ მისცეს სახლში ან ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა. მისცეს ტელეფონი ვითომ დასარეკად, მაგრამ როგორც კი ტელეფონი გახსნა, ისევ წაართვეს. დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ".

მამამ დაკავების შესახებ 30 მარტს გაიგო და მას შემდეგ, შვილთან საუბრის უფლება არ მისცეს. პროკურორებმა დაკავების პირველივე დღეს მოითხოვეს, რომ ლაზარეს აკრძალვოდა ტელეფონით კომუნიკაციის საშუალება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ბექა ასევე დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უდანაშაულოა იმ ბრალდებაში, რასაც უყენებენ, ანუ პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლაში.

"ვიდეოები ვნახე, ის ქვებს ისროდა, ვნახე", — ამბობს ის.

მისივე თქმით, ის ბოთლი, რაზეც პროკურორები ამტკიცებენ, რომ მოლოტოვის კოქტეილია, სინამდვილეში კოკა-კოლას ბოთლია: "ეტიკეტის დანახვაც კი შეიძლება".

"ვიდეოები განზრახ ცუდი ხარისხისაა, რათა ვერ გაარჩიო, ვინ არის გამოსახული".

ბექას არ სჯერა, რომ სასამართლო მართლმსაჯულებას აღასრულებს და მიუთითებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობაზე, რომელიც მისი თქმით, პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებზე მმართველ პარტიასთან შეთანხმებით მუშაობს.

ბექა ზეწოლას საკუთარ თავზეც გრძნობს.

პროტესტის დაწყების შემდეგ ის სამჯერ დაჯარიმდა ადმინისტრაციული ბრალდებით, ჯამში 6 300 ლარით. ბექა ამბობს, რომ ბოლო ჯარიმის გადახდას ვერ ახერხებს.

"არავინ იცის, რა მამაცია ლაზარე"

ბექამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, როგორ ეპყრობოდნენ მას და მის შვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, ბრაზის დიდი ნაწილი მიმართულია მათკენ, ვინც ლაზარესთან ერთად აპროტესტებდა და ვინც მისი აზრით, "დაივიწყა ის".

"მე მაქვს პროტესტი იმ ხალხის მიმართაც, ვინც ლაზარეს, მათი ძმის, მათი მეგობრის მხარდამხარ იბრძოდა და ახლა მიატოვა", — ამბობს ის.

"ეს ხალხი სწორად არ იქცევა, ეს არ არის სიმამაცე, ეს არ არის ქართული, ეს არ არის მებრძოლი სული".

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციები, რომლებიც რამდენიმე ადგილობრივი NGO-ს მიერ იყო თანაორგანიზებული, რამდენიმე დღე გაგრძელდა, სანამ მთავრობა იძულებული გახდებოდა, უკან დაეხია.

მომიტინგეები ზედიზედ ორი ღამე ებრძოდნენ სპეცრაზმს და აიძულეს მთავრობა, უარი ეთქვა აგენტების კანონპროექტზე

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

"ჩემი პროტესტი არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ, იმ ხალხისკენაც არის მიმართული, ვინც ჩემი ლაზარე დაივიწყა რაღაც ჭორებისა და "ნადეჟდას" ყურების გამო", — ამბობს ის და დამცინავად თარგმნის პრო-სახელისუფლებო ტელევიზიის, იმედის სახელს რუსულად.

"არავინ იცის რა მამაცია ლაზარე, როგორი სული აქვს".

ლაზარეს ოჯახსა და მეგობრებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს მას შემდეგ, რაც 5 თვის წინ დააკავეს

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

მიუხედავად იმისა, რომ თავს მარტოსულად გრძნობს, ბექა მხნეობას ინარჩუნებს.

"ლაზარეს გავათავისუფლებ და ისე გავქრები, როგორც ადრე" — ამბობს ის — "მე ჩემი საქმე მაქვს, წარმატებული ვარ და არ მინდა სხვა პასუხისმგებლობა".

მაგრამ ასევე ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, თავისი შვილისთვის მსხვერპლსაც გაიღებს.

"ლაზარეს გადარჩენისთვის დავთმობ ყველაზე ძვირფასს, რაც გამაჩნია — ჩემს სიცოცხლეს, მაგრამ ჯერ არა, ჯერ სხვა ყველაფერს ვეცდები".

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ