რატომ გვაქვს 10 თითი?
შეიძლება იფიქროთ, რომ მეტი თითის ქონა უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. ერთი შეხედვით, ასე კლავიატურაზე ტექსტს უფრო სწრაფად ავკრეფდით, ან სულაც, ხელში კიდევ უფრო მეტ ნივთს დავიჭერდით. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რატომ დაგვტოვა ევოლუციამ მხოლოდ 10 თითით?
კვლევებმა აჩვენა, რომ ადრეულ სამყაროში ოთხფეხა ცხოველებს თითო კიდურზე 5-ზე მეტი თითი ჰქონდათ. ეს ფენომენი ცნობილია როგორც პოლიდაქტილია.
მაგალითად, Acanthostega-ს გვარს, რომელიც დაახლოებით 360 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, თითოეულ კიდურზე რვა თითი ჰქონდა. თუმცა, დაახლოებით 15 მილიონი წლის შემდეგ, რვა ხუთამდე შემცირდა.
მკვლევრები თვლიან, რომ გვიანდელ დევონის პერიოდში ოთხფეხა ცხოველები ძირითადად ხმელეთზე სახლობდნენ. ამიტომ, კიდურის ძვლის ის სტრუქტურა განუვითარდათ, რომელიც შესაბამისი პირობებისთვის უკეთესი იყო.
შედარებისთვის, ადრეულ ოთხფეხა არსებებს, Acanthostega-სა და Icthyostega-ს, L-ფორმის ძვალი ჰქონდათ. ამან, შესაძლოა, ხმელეთზე მათი მობილურობა შეზღუდა. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მეტ დროს წყალში ატარებდნენ, საფუძვლიანია ვიფიქროთ, რომ მათ მოქნილი ფეხები ჯერ არ სჭირდებოდათ.
ფაქტია, ძვლის სტრუქტურისა და თითების რიცხვის ეს ცვლილება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მოხდა. ამიტომ, შესაძლოა, რომ თითების შემცირება ხმელეთზე ცხოვრებასთან იყოს დაკავშირებული.
თუმცა, ამ დროისთვის, ეს მხოლოდ თეორიაა. პალეონტოლოგებს არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები რაიმე მყარი დასკვნის გასაკეთებლად.
ჩნდება შეკითხვა, შეეძლოთ ცოცხალ ორგანიზმებს დამატებითი თითები კვლავ დაებრუნებინათ? მეცნიერება ამბობს, რომ არა, ყოველ შემთხვევაში არა ევოლუციის გზით. ევოლუციურ ბიოლოგიაში არის ცნობილი პრინციპი, რომელსაც დოლოს კანონი ჰქვია. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც კი ორგანიზმი დაკარგავს რთულ სტრუქტურას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მას დაიბრუნებს.
შესაბამისად, ახლო მომავალში დამატებით თითებს ნუ დაელოდებით. თუმცა, არსებობს გენური ინჟინერია, რომელიც დაშვების დონეზე მსგავს შესაძლებლობას იძლევა.
და მაინც, გვჭირდება თუ არა დამატებითი თითები? ევოლუცია გვეუბნება, რომ არა!
კომენტარები