ეს 2 ვარსკვლავი ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ მათი სისტემა მზეში ჩაეტეოდა
მეცნიერებმა დააფიქსირეს ბინარული სისტემა, რომლის ორბიტაც იმდენად პატარაა, რომ მზეში ჩაეტეოდა. მას ZTF J2020+5033 ეწოდება და ჩვენგან 457 სინათლის წლითაა დაშორებული. ის დიდი მასის მქონე ყავისფერი ჯუჯისგან და მცირე მასის მქონე წითელი ჯუჯისგან შედგება, რომელთა ორბიტული პერიოდიც სულ რაღაც 1.9 საათია.
ამ ობიექტებს შორის დისტანცია მზის რადიუსის ნახევარზე ნაკლებია.
ყავისფერი ჯუჯები სუბვარსკვლავური ობიექტებია, რომელთაც საკმარისი მასა არ აქვს იმისთვის, რომ მათ შუაგულში მნათობებისთვის დამახასიათებელი, წყალბადის ბირთვული რეაქციები დაიწყოს. ისინი არც პლანეტების კატეგორიაში ჯდება, რადგან უფრო დიდია, ამიტომ ერთგვარ გარდამავალ ფაზას წარმოადგენს.
მცირე ზომისა და ნაკლები სიკაშკაშის გამო მათი შენიშვნა ძნელია. კერძოდ, აქამდე ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 5 000 ყავისფერი ჯუჯაა აღმოჩენილი. მათი უმეტესობა იზოლირებულია, ანუ ბინარულ სისტემაში არ ერთიანდება და თუ არის, მეტწილად დიდ დისტანციაზე.
სპეციალისტებს სწორედ ყავისფერი ჯუჯებისა და მცირე მასის მქონე ვარსკვლავების ბინარული სისტემების დაფიქსირება სურდათ, რა დროსაც ZTF J2020+5033-ს მიაგნეს. დამატებითი დაკვირვებებით მისი მახასიათებლებიც გამოთვალეს. მაგალითად, დაადგინეს, რომ იქ განლაგებულ წითელ ჯუჯას მზის რადიუსის 17.6 პროცენტი, ხოლო მასის 13.4 პროცენტი აქვს. რაც შეეხება მნათობის კომპანიონს, მისი რადიუსი იუპიტერის მსგავსია, მასა კი 80.1-ჯერ მეტია.
სისტემა საკმაოდ ხნიერი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ მათი ადრინდელი ზომა ამჟამინდელს აღემატებოდა ისევე, როგორც დისტანცია. ეს უკანასკნელი სულ მცირე 5-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო.
ორმაგ სისტემებში მასის განაწილება ობიექტების ბრუნვას ანელებს, რაც ორბიტასაც ამოკლებს. ასტრონომების განცხადებით, სწორედ ეს მოხდა ZTF J2020+5033-ის შემთხვევაში, მათ შორის მანძილი კი შესაძლოა, მომავალში უფრო შემცირდეს. ამ პროცესში ყავისფერი ჯუჯა ძლიერი გრავიტაციის დამსახურებით ვარსკვლავისგან მატერიას მიიზიდავს.
ვარაუდობენ, რომ ასეთი სისტემები სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ზედმეტად მკრთალია, რის გამოც მათი აღმოჩენა მარტივი არაა. ტექნოლოგიის განვითარება შესაძლოა, ამ დაბრკოლების გადალახვაში დაგვეხმაროს.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Open Journal of Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები