ბნელი მატერიის შესასწავლად გაშვებული კოსმოსური ხომალდისგან პირველი სურათები მივიღეთ
გასული თვის დასაწყისში ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესასწავლად ხომალდი ევკლიდე (Euclid) გაუშვა. ცოტა ხნის წინ ინჟინრებმა მისი კამერები გაააქტიურეს და საცდელი სურათები გადაიღეს, რომლებზეც ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს ვხედავთ.
მართალია, ეს ფოტოები მხოლოდ სატესტო ვერსიებია, თუმცა როცა აპარატი სათანადოდ განლაგდება, ის კოსმოსის სამგანზომილებიანი რუკის შედგენას დაიწყებს. შედეგად ობსერვატორია სამყაროს უხილავი სუბსტანციისა და ძალის ბუნების გამოვლენას შეეცდება. მსგავსი რამ მნიშვნელოვანია, რადგან ბნელი ენერგია და ბნელი მატერია კოსმოსის მასასა და გაფართოებაში დიდ როლს თამაშობს.
ამის მიუხედავად, მათზე პირდაპირი დაკვირვება არ შეგვიძლია, არამედ მხოლოდ იმის დაფიქსირება, თუ რა გავლენას ახდენს თითოეული მათგანი გარემოზე. სწორედ აქ შემოდის ევკლიდე, რომელიც ამ ეფექტებს დედამიწიდან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარე არეალიდან აღბეჭდავს.
ასევე, იხილეთ: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში
ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერებიდან ერთ-ერთი ხილულ სინათლეზეა კონცენტრირებული და VIS ჰქვია. მეორე ახლო ინფრაწითელი სპექტრის მიმართაა მგრძნობიარე და NISP ეწოდება (ახლო ინფრაწითელი სპექტრომეტრი და ფოტომეტრი). მათ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ცის ძალიან პატარა მონაკვეთებია წარმოდგენილი (სავსე მთვარეზე მცირე ზომის), მაგრამ უამრავ ვარსკვლავსა და გალაქტიკას გვიჩვენებს.
სამგანზომილებიან გამოსახულებებში კადრები გაერთიანდება და დეფექტები მოშორდება, რომლებიც კოსმოსური გამოსხივებითაა გამოწვეული. ასევე, მეცნიერებმა ფოტოებში შენიშნეს, რომ მზის სხივების ნაწილი კამერაში ხვდებოდა, ამიტომ სინათლის დაბლოკვაზე იზრუნეს, რაც კონკრეტული მანევრით შეძლეს.
რაც შეეხება ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას, პირველი ჩვეულებრივ მატერიასთან მხოლოდ გრავიტაციის მეშვეობით ურთიერთქმედებს, ამიტომ, მაგალითად, სინათლის გამრუდებით ან გალაქტიკებში ზედმეტი მასის სახით ვლინდება. მეორე უფრო მოუხელთებელია, რადგან მარტო ის ვიცით, რომ სამყაროს გაფართოებას განაპირობებს. მას ნათელი, შესაძლოა, გალაქტიკების სამგანზომილებიანი გადანაწილების შესწავლამ მოჰფინოს.
კომენტარები