სამყაროში წითელი ჯუჯა ვარსკვლავები ყველაზე გავრცელებულია. მათთვის ძალიან ენერგიული ამოფრქვევებია დამახასიათებელი, რომლებიც მზისაზე 100-ჯერ ან 1 000-ჯერ მძლავრია. ასევე, მსგავსი მნათობების მიერ კოსმოსურ სამეზობლოში ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება ვრცელდება. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ასეთ სისტემებში განლაგებული პლანეტები ექსტრემალურ პირობებში არსებობს.

ამის მაგალითია ჩვენგან მხოლოდ 32 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავი AU Microscopii და მის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტა AU Microscopii b. მასზე მნათობის გამოსხივება და ამოფრქვევები იმდენად მოქმედებს, რომ ატმოსფერო უორთქლდება. ერთ-ერთი ტრანზიტისას ჰაბლის ტელესკოპმა ციური სხეულის აირადი გარსის შემადგენელი წყალბადის გაცხელების შედეგად კოსმოსის სივრცეში წარმოქმნილი უზარმაზარი ღრუბელი დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ ეს პროცესი ცვალებადია, რადგან პლანეტის ორბიტული გადაადგილებისას, სხვადასხვა პერიოდში, ატმოსფეროს დაკარგვის ნიშნები ხან შესამჩნევია, ხან კი არა.

აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა. კერძოდ, ცენტრალური მნათობის ხნიერება 100 მილიონ წელზე ნაკლებია. თავად AU Microscopii b-ის დიამეტრი დედამიწისას დაახლოებით 4-ჯერ აღემატება და ის აიროვანი ციური სხეულია. მისი ორბიტული პერიოდი სულ რაღაც 8.46 დღეა, რაც ვარსკვლავთან ძალიან მცირე დისტანციითაა განპირობებული.

AU Microscopii-ის მძლავრი ამოფრქვევებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით ამ ეგზოპლანეტის ატმოსფერო იბერება და ნელ-ნელა ნადგურდება, რადგან იქიდან ჰელიუმი ჟონავს. ამ პროცესის დეტალურად შესწავლაში ჰაბლს ხელს ვარსკვლავის სიკაშკაშე უშლის.

ტელესკოპის მიერ შენიშნული ცვალებადობა შესაძლოა, AU Microscopii-ის ქაოსური მაგნიტური ველით განპირობებული არაპროგნოზირებადი ამოფრქვევებით აიხსნას. უფრო კონკრეტულად, არაა გამორიცხული, რომ მან წყალბადის ფოტოიონიზება იმ ხარისხამდე აიყვანოს, რომ ეს აირი სინათლის მიმართ გამჭვირვალე, ანუ "უხილავი" გახადოს. მეორე პოტენციური მიზეზი ვარსკვლავური ქარის მიერ პროვოცირებული და კონტროლირებადი აორთქლებაა.

ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.