რატომ გვსიამოვნებს მუსიკის მოსმენა — რას ამბობს მეცნიერება
მუსიკა დოფამინის გამომუშავებასა და მარტოობის დაძლევაში გვეხმარება
NPR-ის მოხსენებაში, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა, მეცნიერები ცდილობენ ახსნან, თუ რატომ გვხიბლავს მუსიკა ასე ძალიან.
მუსიკა ადამიანს ოდითგანვე იტაცებდა, თუმცა ამის ზუსტი მეცნიერული ახსნა არ გვაქვს.
"მუსიკა ადამიანებში ბევრ ემოციას აღძრავს", — განაცხადა დანეილ ლევიტინმა, მაკგილის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა.
ლევიტინი ადამიანების ტვინებს მაშინ აკვირდება, როდესაც ისინი მუსიკას უსმენენ.
ასევ: რა გავლენას ახდენს მუსიკა ტვინზე? — 8 კვლევა
ჯერ კიდევ საიდუმლო
"მუსიკასთან დაკავშირებით ზოგი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ნერვულ ქსელებზე, რომლებიც სიამოვნებასა და ჯილდოსთანაა დაკავშირებული", — თქვა ლევიტინმა.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ მუსიკის მოსმენა ტვინის იმ უბნებთანაა დაკავშირებული, რომლებიც აქტიურდება მაშინ, როდესაც გვწყურია და წყალს ვსვამთ. ასევე, მსგავსი აქტივობები ფიქსირდება სექსის დროს.
"მუსიკა არეგულირებს დოფამინის დონეს, ისევე როგორც ოპიოიდებს თავის ტვინში", — განმარტა მან.
მეცნიერების თქმით, მუსიკის მოსმენის დროს ჩვენს ტვინში ისეთი აქტივობებიც ფიქსირდება, რომლებიც სხვა ადამიანებთან კავშირის შეგრძნებასთანაა დაკავშირებული.
არსებობს გამონათქვამი, "იგივე ტალღაზე ვართ." ლევიტინი ამბობს, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით ასეა და მუსიკის მოსმენისას ჩვენი ტვინის "ტალღები" სინქრონიზებულია.
"როდესაც ერთ მუსიკას ვუსმენთ, ჩვენი ტვინი სინქრონიზირებულია. ამას დაუმატეთ ცეკვა და ეს საერთოდ შემდეგი ეტაპია. მუსიკა არის ის, რაც ჩვენს ტვინებს ერთმანეთთან აკავშირებს", — განუცხადა NPR-ს დაჩერ კელტნერმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა.
ასევე: რატომ ვმოძრაობთ მუსიკის გაგონებისას? — მეცნიერებმა ეს ქცევა გენომური კვლევით ახსნეს
მარტოობასთან გამკლავება
კელტნერმა აღნიშნა, რომ მუსიკას ჩვენი დროის ეპიდემიის დამარცხება შეუძლია. ეპიდემიაში ფსიქოლოგი მარტოობას გულისხმობს, რომელსაც 21-ე საუკუნეში სულ უფრო მეტი ადამიანი განიცდის.
"მუსიკის მოსმენისას უფრო მეტად ვგრძნობთ კავშირს და იმას, რომ საზოგადოების ნაწილი ვართ. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე", — თქვა კელტნერმა.
კომენტარები