სატურნი შესაძლოა, შეუმდგარი "აირის გიგანტი" იყოს
მზის სისტემაში "აირის გიგანტად" ორ პლანეტას მოიხსენიებენ: იუპიტერსა და სატურნს. აქედან პირველი ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ყველაზე დიდი ზომის ციური სხეულია, მეორე კი დედამიწაზე 95-ჯერ მასიურია. ასევე, თითოეული მათგანი წყალბადითა და ჰელიუმით მდიდარი ატმოსფეროსგან შედგება.
ახალი ნაშრომის ავტორი, ასტროფიზიკოსი რავიტ ჰელედი ამბობს, რომ სიდიდის მიუხედავად სატურნი შესაძლოა, გიგანტის სტატუსს სულაც არ იმსახურებდეს. მისი აზრით, აღნიშნულ ობიექტს ამისთვის სულ ცოტა დააკლდა.
უნდა ითქვას, რომ სატურნსა და იუპიტერს შორის სხვაობა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მისიების Cassini და Juno ფარგლებშიც გამოიკვეთა. მაგალითად, მათ სიღრმეში განსხვავებულია მძიმე ელემენტების რაოდენობა, რომ აღარაფერი ვთქვათ მასაზე, რომელიც იუპიტერს სატურნზე სამჯერ მეტი აქვს. ეს მცირე აცდენა როდია.
აქედან გამომდინარე, უკანასკნელი კვლევის ავტორს მიაჩნია, რომ მზის სისტემაში სინამდვილეში აირის მხოლოდ ერთი გიგანტია, ყინულის გიგანტი კი ორი: ნეპტუნი და ურანი, როლებშიც წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები გვხვდება. მისი ჰიპოთეზის თანახმად, სატურნი აირის გიგანტად ვერ ჩამოყალიბდა.
ჩვენს სისტემაში პლანეტები მზის გარშემო არსებულ მატერიის დისკოში გაჩნდა. როცა ვარსკვლავი უფრო მცხუნვარე გახდა, წყალბადი და ჰელიუმი განდევნა, ამიტომ აირისგან შედგენილ ციურ სხეულებს მასის მოსამატებლად დიდი დრო არ ჰქონია. ფაქტობრივად, იმისათვის, რომ აირის გიგანტი დაიბადოს, ის სწორ დროსა და სწორ ადგილას უნდა მოხვდეს, მატერია კი ძალიან სწრაფად მიიზიდოს.
იუპიტერის მახასიათებლებიდან გამომდინარე, მან ეს უფრო დიდი წარმატებით შეძლო, ვიდრე სატურნმა. მან დედამიწაზე ასჯერ მეტი მასა მარტივად მიიზიდა, რაც ერთგვარი ზღვარია, რომლის გადაბიჯების შემდეგაც ძლიერი გრავიტაციით ობიექტი უფრო მეტ მტვერსა და აირს შთანთქავს.
რავიტ ჰელედის თქმით, ამ მხრივ სატურნი გარდამავალი ობიექტია, რითაც იუპიტერს ჩამორჩება, თუმცა ნეპტუნსა და ურანს უსწრებს. მას შეეძლო, მზის სისტემის უდიდესი პლანეტა გამხდარიყო, თუმცა ეს ვერ მოახერხა.
ავტორის ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები