შესაძლოა, კოსმოსში ბნელი მატერიისგან შემდგარი ვარსკვლავები ფეთქდებოდეს
დელავერის უნივერსიტეტში მომუშავე ასტროფიზიკოსების ჰიპოთეზის თანახმად, "უხილავი სუპერნოვა" შესაძლოა, მთელ კოსმოსში გვხვდებოდეს. ესაა ბნელი მატერიისგან შედგენილი ვარსკვლავების აფეთქება, იგივე ზეახლად ანთება, რასაც მეცნიერები ბოზენოვას უწოდებენ.
სპეციალისტთა აზრით, მსგავსი რამ ე.წ. ბოზონური ვარსკვლავების სიცოცხლის დასასრულს ხდება, მაგრამ ის ჩვენი თვალისთვის უხილავია, რადგან ბნელ მატერიასთან გვაქვს საქმე. ეს უკანასკნელი გალაქტიკების მასის უდიდეს ნაწილზეა პასუხისმგებელი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორი ნაწილაკებისგან შედგება. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, პოტენციური კანდიდატი სწორედ ბოზონია.
მეცნიერები ამბობენ, რომ ულტრამსუბუქი ბნელი მატერიის აკუმულაციის შედეგად შეიძლება ბოზონური ვარსკვლავები ჩამოყალიბდეს, დროთა განმავლობაში კი უხილავი სუბსტანციის ან სხვა მსგავსი ობიექტების მიერთებით უფრო მასიური გახდეს. მათი მასა შესაძლოა, ისე გაიზარდოს, რომ გრავიტაციამ იმძლავროს და ვარსკვლავმა კოლაფსი განიცადოს.
ამ ეტაპს ჰიპოთეზური ბოზონური ვარსკვლავი მასის ზრდის პარალელურად უახლოვდება. საბოლოოდ, როცა მატერია მასში ვეღარ ეტევა, კოლაფსისას ძლიერი ენერგია გამოიყოფა, როგორც ჩვეულებრივი მნათობების შემთხვევაში.
რამდენად მოვახერხებთ ოდესმე ასეთი ნაკადების დაფიქსირებას? გამორიცხული არაა, თუკი სათანადო სიმძლავრის დეტექტორები გვექნება.
"მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსუბუქ ბნელ მატერიას მრავალი ექსპერიმენტის ფარგლებში ეძებენ. ამ დეტექტორებმა შესაძლოა, ბოზენოვაც დააფიქსიროს, რომელიც კონკრეტული მიმართულებით წამოსული ბნელი მატერიის ნაკადად გამოჩნდება, როგორც ჩვეულებრივი სუპერნოვა ვლინდება სინათლის მოზღვავებით", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი ჯერჯერობით arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები