მეცნიერებმა დინოზავრთა ახალი სახეობა გამოავლინეს — გაიცანით Oblitosaurus bunnueli
მეცნიერებმა ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამარხი ძვლების გამოკვლევის გზით იურული პერიოდის დინოზავრთა ახალი სახეობა გამოავლინეს, რომელსაც Oblitosaurus bunnueli ეწოდება. სპეციალისტებმა ეს სახელი მას ესპანელი კინორეჟისორის, ლუის ბუნიუელის პატივსაცემად შეურჩიეს.
ორნითოპოდის, ანუ ფრინველის მაგვარი ფეხების მქონე ცხოველის ნამარხს, მათ შორის კბილებს, თითსა და თითქმის რულად შემონახულ უკანა კიდურებს, სამხრეთ პირენეს აუზში მდებარე Villar del Arzobispo-ს ფორმაციაში მიაგნეს. ეს უკანასკნელი ზედა იურული ეპოქის დროინდელია, რაც ნიშნავს, რომ 161.5-145 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს მიეკუთვნება.
ვარაუდობენ, რომ აქამდე უცნობი ეს სახეობა გიგანტური ანკილოპოლექსების ადრეული წინაპარია. ამ ჯგუფში შემავალი დინოზავრები ორ ფეხზე მოსიარულე ბალახისმჭამელები იყვნენ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში 161.5-66 მილიონ წლებს შორის ბინადრობდნენ.
ჩონჩხის მახასიათებლების მიხედვით ასკვნიან, რომ ეს დინოზავრი ზრდასრული იყო, ხოლო მისი სხეულის სიგრძე 6-7 მეტრს აღწევდა. ეს მას ევროპის მასშტაბით ზედა იურული პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს ორნითოპოდად აქცევს.
შესაძლოა, ახალი მიგნება იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ რომელმა დინოზავრმა დატოვა იმავე რეგიონში ნაპოვნი კვალი, რომელიც 30 სანტიმეტრამდე სიგრძისაა. ავტორების გამოთვლით, Oblitosaurus bunnueli-ს ფეხის ნაკვალევი 25-დან 33 სანტიმეტრამდე უნდა ყოფილიყო, რაც ზემოხსენებულ ზომას ემთხვევა. შესაბამისად, შესაძლოა, იქ სწორედ მას გაევლო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Zoological Journal of the Linnean Society გამოქვეყნდა.
კომენტარები