აღმოაჩინეს უზარმაზარი ეგზოპლანეტა, რომელსაც ბამბის ნაყინის მსგავსი სიმკვრივე აქვს
ასტრონომებმა ჩვენგან 1 232 სინათლის წლის მოშორებით აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც იუპიტერზე 50 პროცენტით დიდია, თუმცა ბამბის ნაყინის მსგავსი სიმკვრივე აქვს.
ეს ციური სხეული WASP-193b-ის სახელითაა ცნობილი და იშვიათ ობიექტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შესწავლაც შესაძლოა, პლანეტათა ფორმირებისა და ევოლუციის შესწავლაში დაგვეხმაროს. ამისთვის საუკეთესო კანდიდატებად აირის გიგანტები მიიჩნევა, სწორედ ასეთია მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული ობიექტიც.
WASP-193b მნათობის გარშემო გადაადგილდება, რომელსაც 1.1 მზის მასა და 1.2 მზის რადიუსი აქვს. ის ამ უკანასკნელს ტემპერატურითა და ხნიერებითაც ჰგავს. ეგზოპლანეტა საკუთარ ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მოძრაობს, რასაც მხოლოდ 6.24 დღეს ანდომებს. აღნიშნულ პროცესში სიკაშკაშის ცვლილებაზე დაკვირვებამ სპეციალისტებს ციური სხეულის მასისა და რადიუსის გამოთვლის საშუალება მისცა, შემდეგ კი სიმკვრივეც დაადგინეს.
WASP-193b-ის რადიუსი იუპიტერისას 1.46-ჯერ აღემატება, ხოლო მასა სულ რაღაც 0.139 იუპიტერის მასას შეადგენს. რაც შეეხება სიმკვრივეს, ის 1 კუბურ სანტიმეტრზე მხოლოდ 0.059 გრამია. შედარებისთვის, ბამბის ნაყინის იგივე მაჩვენებელი 0.05-ია, დედამიწის 5.51, იუპიტერისა კი — 1.33.
ასეთი მახასიათებლით ძალიან ცოტა ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი. როგორც ცნობილია, მნათობთან სიახლოვის გამო მათი ატმოსფერო ძალიან ცხელდება და იბერება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იქ დიდი ოდენობით წყალბადი და ჰელიუმია. ამგვარ მდგომარეობაში ციური სხეული ათობით მილიონი წელი თუ გაძლებს, სანამ ვარსკვლავი ახალგაზრდა და მცხუნვარეა. მისმა რადიაციამ შესაძლოა, ატმოსფერო მცირე დროში გაანადგუროს კიდეც.
WASP-193b-ის ვარსკვლავი 6 მილიარდამდე წლის უნდა იყოს, ამიტომ ეგზოპლანეტის ატმოსფერო გაბერილ მდგომარეობაში, წესით, დამატებითი მექანიზმის გავლენით უნდა შენარჩუნებულიყო. მისი აირადი გარსის შესწავლას მეცნიერები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით აპირებენ.
ავტორთა ნაშრომი ჯერჯერობით arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები