რატომ არ უნდა გავიწმინდოთ ყურები ბამბის ჩხირებით
ყურის გოგირდი, შეიძლება, საზიზღრობად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენთვის ცუდია. სინამდვილეში, იგი ყურის არხში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სამწუხაროდ, ნორმად იქცა ყურის გოგირდის წინააღმდეგ ბრძოლა და უამრავი ადამიანი გაუცნობიერებლად აუარესებს ყურის ჯანმრთელობას მისი ზედმეტი წმენდით.
რა არის ყურის გოგირდი?
ყურის გოგირდი ბუნებრივი სეკრეციაა და წარმოიქმნება კანის უჯრედების ჯირკვლების კომბინაციით, რომელიც გარს აკრავს ყურის არხს. იგი მოიპოვება ყველა ადამიანის ყურში, განურჩევლად იმისა, თუ როგორ იცავენ ისინი ჰიგიენას.
მიუხედავად იმისა, რომ ნარინჯისფერ-ყავისფერი ყურის გოგირდი შეიძლება სუფთად არ გეჩვენებოდეთ, ის ინარჩუნებს ყურის არხის კანის სირბილესა და სიჯანსაღეს და ქმნის მჟავას შემცველ დამცავ ფენას. ეს კლავს პოტენციურად მავნე პათოგენებს, როგორებიცაა: ბაქტერიები და სოკოები — რაც ხელს უწყობს ჯანსაღი და ინფექციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას.
ყურის გოგირდი შეიცავს ისეთ უწყინარ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ზეთი, ოფლი, კანის მკვდარი უჯრედები და, ზოგჯერ, მტვრის ნაწილაკები. თუმცა ყურის გოგირდის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ყურის არხის დაბლოკვა და ხელი შეუწყოს სმენის პრობლემებს. მაგრამ, ბედის ირონიით, ნაბიჯებს, რომლებსაც ადამიანები მის მოსაშორებლად იყენებენ, შეიძლება საპირისპირო შედეგი მოჰყვეს.
ყურის გოგირდით ყურის არხის დაბლოკვა
ყურის არხის დაბლოკვა უფრო ხშირია ადამიანებში, რომლებიც ატარებენ ხმის დამხშობ საშუალებებს ან სმენის აპარატს, ან იყენებენ ე.წ. "ბამბის ჩხირებს". ბევრის გასაკვირად, ბამბის ჩხირებმა ყურიდან გოგირდის მოცილების ნაცვლად, შესაძლოა, მისი დაგროვება გამოიწვიოს.
სხეული ბუნებრივად ასუფთავებს ყურს გოგირდისგან, იცილებს რა უჯრედებს, რომლებიც თანდათანობით უახლოვდება ყურის გარე ნაწილს, სანამ აქედან ჩამოვარდება ან ბანაობისას გამოიდევნება. ბამბის ჩხირებით ყურის გასუფთავებისას კი თქვენ ყურის გოგირდი და კანის მკვდარი უჯრედები გადაგაქვთ უკან, ყურის არხში, სადაც, სავარაუდოდ, ისინი დაგროვდება და გამოიწვევს პრობლემებს.
მოკლედ, საერთოდ საჭიროა თუ არა ყურების გაწმენდა?
"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყურის გოგირდი ბუნებრივი და სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მისი მოცილება ყოველთვის არ არის საჭირო", — ნათქვამია ჟურნალ Otolaryngology–Head and Neck Surgery-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. "თუკი არ აღგენიშნებათ ყურის გოგირდის ზედმეტი რაოდენობა, რომელიც სიმპტომებსა და პრობლემებს იწვევს, მაშინ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო."
ირონიულია, მაგრამ ბამბის ჩხირების მწარმოებელი ბევრი ბრენდი პროდუქტის შეფუთვაზე აღნიშნავს, რომ მისი ყურის გასაწმენდად გამოყენება რეკომენდებული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანებს გვიყვარს უსაფრთხოების გაფრთხილებების იგნორირება. ყურის არხში გოგირდის ზედმეტი რაოდენობის დაგროვების გარდა, არსებობს იმის რისკიც, რომ ბამბის ჩხირებით ყურის ბარაბანს დაიზიანებთ.
ამდენად, როცა საქმე ყურების სისუფთავეს ეხება, როგორც ხედავთ, სჯობს, თქვენს სხეულს ენდოთ და ხელი არ შეუშალოთ.
კომენტარები