ვების ტელესკოპმა ადრეულ კოსმოსში ნახშირბადით მდიდარი მტვერი დააფიქსირა
დიდი აფეთქებიდან დიდი ხნის განმავლობაში სამყაროში წყალბადი და ჰელიუმი ჭარბობდა. იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ ქიმიური პროცესები აქტიურად არ მიმდინარეობდა, იქ სხვა ელემენტების ნაკლებობა იყო. ამის მიუხედავად, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სულ რაღაც 800 მილიონი წლის კოსმოსში არსებულ 10 ახალგაზრდა გალაქტიკაში ნახშირბადით მდიდარი მტვერი დააფიქსირა.
მეცნიერები სამყაროს განვითარების ამ ეტაპზე ნახშირბადის აღმოჩენას არ ელოდნენ, რადგან მსგავსი, შედარებით მძიმე ელემენტები, წესით, უფრო გვიან უნდა წარმოქმნილიყო. სპეციალისტთა თანახმად, მაშინდელ კოსმოსში ნახშირბადის ფორმირება კონკრეტულ, სპეციფიკურ წყაროებთანაა დაკავშირებული, რადგან სხვაგვარად გალაქტიკებში ასეთი შემადგენლობის მქონე მტვრის დაგროვებას ასობით მილიონი წელი სჭირდება.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ძალიან შორეული გალაქტიკები ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფის მეშვეობით შეისწავლა, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარეა. ის ამგვარ სისტემებში სხვადასხვა ქიმიური ელემენტის სპექტრულ კვალს ავლენს და მათ შემადგენლობაზე გვაწვდის ინფორმაციას. სწორედ ასე დააფიქსირა ვებმა ნახშირბადი იქ, სადაც მას არავინ ელოდა.
ორი ჰიპოთეზა
მაინც რამ შეუწყო ხელი დიდი აფეთქებიდან 800 მილიონ წელში ნახშირბადის გაჩენას? მეცნიერები ამ უცნობი მექანიზმის ასახსნელად ორ ჰიპოთეზას გვთავაზობენ.
პირველის მიხედვით, ეს ელემენტი კოსმოსში ზეახალი ვარსკვლავების აფეთქების შედეგად გავრცელდა. კერძოდ, შესაძლოა, გამოფრქვეული აირის გაციებისას მტვრის ნაწილაკები წარმოქმნილიყო, რომლებიც მნათობში ფორმირებული მძიმე ელემენტებით იქნებოდა მდიდარი. ამის მიუხედავად, მსგავსი აფეთქებები მტვრის უდიდეს ნაწილს გაანადგურებდა.
მეორე ჰიპოთეზა ადრეულ სამყაროში ნახშირბადის გაჩენას ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებთან აკავშირებს. ასეთი ობიექტები ცოტა ხანს ცოცხლობს და მასას სწრაფად კარგავს. მათში მძიმე ელემენტები ჭარბადაა, გამონაკლისი კი არც ნახშირბადია.
ჯერჯერობით უცნობია, აქედან რომელი ახსნაა მართებული. რაც არ უნდა იყოს, ვების მიგნება კოსმოსის ევოლუციის უკეთ გამოკვლევაში დაგვეხმარება, მათ შორის პირველი ვარსკვლავებისა და ახალგაზრდა გალაქტიკების შესახებ მეტის გაგებაში.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები