შესაძლოა, მალე ინდოეთი მეოთხე ქვეყანა გახდეს, რომლის ხომალდიც მთვარეზე დაეშვა
14 ივლისს ინდოეთმა მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი გაუშვა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსის მიმდებარედ უნდა დაეშვას. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ეს ქვეყანა მსგავსი მნიშვნელოვანი მიღწევით აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის გვერდით დაიკავებს ადგილს.
ეს ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციისთვის (ISRO) მთვარის მესამე მისიაა, რომელიც Chandrayaan 3-ის სახელითაა ცნობილი. მის ფარგლებში ჩვენი მეზობელი ციური სხეულისკენ მიმავალი დასაშვები მოდული და მთვარემავალი, გეგმის მიხედვით, ობიექტის ზედაპირზე 23-დან 24 აგვისტომდე პერიოდში უნდა დაჯდეს, თანაც ისეთ რეგიონში, სადაც მსგავსი აპარატები აქამდე არ გაუგზავნიათ.
მთვარის სახრეთ პოლუსზე ძალიან ცივა და იქ განლაგებული კრატერების უმეტესობაში სინათლე ვერც კი აღწევს. ცნობილია, რომ მუდმივად ჩრდილში მყოფ ასეთ ადგილებში ყინული არის, რომლის გამოყენებაც ასტრონავტებს ხანგრძლივი მისიების დროს შეეძლებათ.
Chandrayaan 3-ის მიზანი მთვარეზე უსაფრთხოდ დაშვებასა და მასზე გადაადგილებაში საკუთარი ძალების გამოცდა და დემონსტრირებაა. პროგრამის პირველი მისია წარმატებული აღმოჩნდა: ქვეყანამ ორბიტიდან ციურ სხეულზე დაკვირვება და მასთან ზონდის კონტროლირებული შეჯახება შეძლო. Chandrayaan 2-ს ასე კარგად არ ჩაუვლია, რადგან მთვარემავალი ხარვეზის გამო დედამიწის თანამგზავრის ზედაპირს შეასკდა. ამის მიუხედავად, იქ მასთან ერთად გაგზავნილი ორბიტერი ჯერ კიდევ გამართულად მუშაობს.
ეს მარცხი ინდოეთმა ახალ მისიაში გაითვალისწინა და ტექნოლოგიები გააუმჯობესა. ახლა Chandrayaan 3-ის პოტენციური დასაშვები არეალი 40-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე წინა შემთხვევაში. აპარატებში მრავალ სამეცნიერო ხელსაწყოს ვხვდებით, რომლებიც მთვარეზე არსებული მინერალებისა და სეისმური ტალღების შესასწავლადაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ მისია გამოწვევებითაა სავსე, რადგან მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში გადაადგილება მარტივი არაა, რომ არაფერი ვთქვათ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. ასევე, ლიმიტირებულია მზის სხივებიც, რომლებიც ენერგიის მისაღებადაა საჭირო.
უნდა ითქვას ისიც, რომ ძრავის სისტემა, რომელიც ხომალდებს მთვარის ზედაპირთან 100 კილომეტრ დისტანციაზე მიიყვანს, ორბიტიდან დედამიწას დააკვირდება.
კომენტარები