გარდამტეხი პრეპარატი ალცჰაიმერთან ბრძოლაში — Donanemab დაავადების პროგრესირებას ანელებს
მაისში ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-იმ განაცხადა, რომ ალცჰაიმერის საწინააღმდეგო პრეპარატი Donanemab დაავადების პროგრესირებას ანელებს. ამის მიუხედავად, ექსპერტები წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებდნენ, სანამ კლინიკური ცდის მესამე ფაზის შედეგები არ გამოქვეყნდებოდა. ახლა ეს მონაცემები ოფიციალურად, რეფერირებული სახით გასაჯაროვდა, რასაც სპეციალისტები რამდენიმე თვე ელოდნენ.
"ეს ალცჰაიმერთან ბრძოლაში მართლაც გარდამტეხია. მეცნიერება ამტკიცებს, რომ დაავადების განვითარების შენელება შესაძლებელია", — ამბობს ალცჰაიმერის საზოგადოების წარმომადგენელი, რიჩარდ ოკლი.
წამალი 1 736 ადამიანზე გამოცადეს, რომელთაც ადრეული ალცჰაიმერის სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათი ნახევარი Donanemab-ს 76 კვირის განმავლობაში იღებდა, მეორე ჯგუფს კი პლაცებო ეძლეოდა. თერაპიის დასრულების შემდგომ პერიოდში პირველ ჯგუფში დაავადების პროგრესირება საგრძნობლად შენელდა. ეს ეფექტი განსაკუთრებით იმ პაციენტებში გამოვლინდა, რომელთაც ორგანიზმში პათოლოგიური ტაუ ცილის დაბალი დონე ჰქონდათ, რაც დროული მკურნალობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მეცნიერები ამბობენ, რომ მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული ასეთი პრეპარატები მოლეკულური თერაპიების ეპოქის ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მომავალში კი უფრო ეფექტიან და უსაფრთხო მედიკამენტებს უნდა ველოდოთ. ამის პარალელურად ვითარდება ალცჰაიმერის ვაქცინები, გენური თერაპიები და სხვა მიდგომებიც.
ამ ყველაფრის ფონზე, უკანასკნელი შედეგები იმედის მომცემია. რაც შეეხება რისკებს, კვლევამ აჩვენა, რომ Donanemab ამილოიდური ანომალიების (ARIA) მქონე ადამიანებისთვის პოტენციური საფრთხის შემცველია (ისევე, როგორც სხვა მსგავსი თერაპიები), რადგან 3 ასეთი პაციენტი დაიღუპა. ARIA-სთან დაკავშირებულ რისკს კონკრეტული გენური მუტაციები განსაზღვრავს, რაც მკურნალობის დაწყებამდე გენეტიკური ტესტირების ჩატარების საჭიროებას გამოკვეთს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უფრო ღრმა კვლევას მოითხოვს, არათეთრკანიან პაციენტებში წამლის ეფექტიანობაა, რადგან ის მეტწილად თეთრკანიან ინდივიდებზე გამოცადეს. თუ Donanemab სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან გამოყენების ნებართვას მოიპოვებს, რაც მოსალოდნელიცაა, ეს მესამე მსგავსი პრეპარატი იქნება.
ნაშრომი, რომელშიც კვლევის შედეგებია წარმოდგენილი, გამოცემაში Journal of the American Medical Association გამოქვეყნდა.
კომენტარები